ფეხბურთი გულშემატივარის გარეშე იგივეა, რაც თეატრი უმაყურებლოდ, ცალკე თემაა თუ რამდენად კარგი “მსახიობები” გვყავს ქართულ ფეხბურთში და არსებობს კი საერთოდ დღეს საქართველოში “სპორტული თეატრი”, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რა დონის ნაკრები და კლუბებიც უნდა გვყავდეს, ესაა ქართული ფეხბურთი და მოგვწონს თუ არა, რეალობას ვერსად ვერ გავექცევით.
საკუთარი მოედნის გარეშე მოასპარეზე კლუბები, მოუწესრიგებელი გასახდელები, ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის თუ ჟურნალისტებისთვის მოუგვარებელი ელემენტარული პირობები, უხელფასო ფეხბურთელები, ნაკრების მუდმივი წარმუმატლებლობა, როცა წილისყრამდე ვიცით, რომ ბოლო ან “საპატიო” ბოლოს წინა ადგილს დავიკავებთ, ეს ყველაფერი საქართველოში სიახლეს არ წარმოადგენს. წლებია ქართული ფეხბურთი სულს ღაფავს. კარგად გვახსოვს დავით მინაშვილის საავტორო გადაცემაში დასმული შეკითხვა: “ვისი ბრალია?” რომელიც რამდენიმეჯერ გაუმეორეს ერთმანეთს ნაკრების უკვე ყოფილმა მწვრთნელმა და ჟურნალისტმა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთის ასეთ დღეში რომ არის, ალბათ ყველას მიუძღვის პატარა “წვლილი” _ სახელმწიფოს, ფედერაციას, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, ჟურნალისტებს, ქომაგებს და ა.შ. ალბათ ყველა ჩვენთაგანმა არ დავდევით თითო აგური საჭირო დროს, საჭირო ადგილას და ამიტომაც ჩამოინგრა ის ქართული კედელი ასე სამარცხვინოდ, რომლის ფუნდამენტად 1981 წლის “დინამოს” გამარჯვება რჩება.
მიუხედავად ამისა, პოზიტივი და იმედი მაინც არის. სტატიასთან ერთად გამოქვეყნებულ სურათებზე კარგად დაინახავთ გულშემატკივრების მრავალრიცხოვან არმიას, რომლებიც თავიანთ საყვარელ გუნდს ქომაგობენ. გაგიკვირდებათ და სურათი მეორე ლიგაში მოასპარეზე ჩხოროწყუს “სამეგრელოს” გუნდის საშინაო თამაშის დროსაა გადაღებული და როგორც მითხრეს, ყველა თამაშზე ასეთი დასწრება აქვთ. ეს იმ ფონზე როცა ხშირ Aშემთხვევაში უმაღლესი ლიგის ლიდერი გუნდის თამაშს ზოგჯერ 100 ან 200 მაყურებელი ესწრება. “სამეგრელოს” გულშემატკივარი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი სიყვარული უნდა გაგაჩნდეს შენი გუნდის და ზოგადად ფეხბურთის. “სამეგრელომ” პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა და დიდი ალბათობით პირველ ლიგაში გადმოსვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, წარმომიდგენია პირველ ლიგაში ან უმაღლეს ლიგაში რომ ასპარეზობდეს, საერთოდ თუ იქნება იმ სტადიონზე ადგილი თავისუფალი...
მინდა მივმართო ყველა ქალაქის, ყველა კუთხის ხალხს, ვისაც ფეხბურთი გიყვართ და ვისაც ქართული ფეხბურთის გადარჩენა გსურთ, მოდით სტადიონზე, არა აქვს მნიშვნელობა რომელ ლიგაშია თქვენი კლუბი, მთავარია მხარი დაუჭირეთ, უქომაგეთ. ამით ქალაქებიც გამოცოცხლდება, ფეხბურთიც და სხვა თუ არა იმ ერთ აგურს მაინც დავდებთ, რაც გულშემატკივრების მხრიდანაა საჭირო. მესმის, რომ არ ვართ იმ დონეზე, ლამაზი სანახაობა ვიხილოთ სტადიონზე, არ გვყავს ვარსკვლავები რომ შოუ დადგან, მაგრამ შოუ ვერასოდეს შედგება, თუ სტადიონზე არ მივალთ. ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ქართული კლუბების “ფანკლუბები”, რომლებიც წვიმაში, ქარში თან დაყვებიან თავიანთ საყვარელ გუნდს, შემოუერთდით ამ ხალხს, უთხარით მეგობრებს, ახლობლებს, ერთად მივიდეთ სტადიონზე და აუცილებლად გვეშველება.