სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში საქართველოს ძალისმიერი სამჭიდის ალიანსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ალიანსის პრეზიდენტ ზურაბ თავართქილაძესთან და სპორტსმენ ალექსანდრე ჯოხაძესთან საუბრისას, მინისტრმა ქართველი ძალისმიერი სამჭიდელების წარმატებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
სამჭიდელებმა წლის მიწურულს უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ მსოფლიო ჩემპოინატზე მიიღეს მონაწილეობა, სადაც 35 ქვეყნის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. საქართველო ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით წარსდგა და დიდ წარმატებას მიაღწია. ჯამში, სხვადასხვა წონით კატეგორიებსა და დისციპლინებში მოპოვებულია 13 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.
მინისტრმა სამჭიდელებთან საქართველოში სპორტის ამ სახეობის სამომავლო განვითარებისა და პერსპექტივის შესახებ იმსჯელა და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერას დაპირდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური