სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ლევან ყიფიანმა, მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად სამინისტროში ცნობილი ქართველი ოლიმპიელი, ხუთჭიდელი ვახტანგ იაგორაშვილი მიიღო, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
თანამედროვე ხუთჭიდში 1988 წლის სეულის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, სსრკ სამგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენი მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მალიშევთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მხარეებმა საქართველოში ხუთჭიდის სამომავლო განვითარებასა და პერსპექტივებზე გააკეთეს აქცენტი, ასევე სპორტის ამ სახეობის მიმართულებებზე – ბიატლსა და ტრიატლზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების საკითხსაც.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური