“ბარსელონას” 27 წლის არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი, “სევილიასთან” შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, 253 გოლით ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტელმო ზარას რეკორდი 2 ბურთით გააუმჯობესა. ამასთან დაკავშირებით უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მესის მაჩვენებელი ევროპის უძლიერესი ლიგების საუკეთესო მეგოლეთა მონაგარს შეადარა.
ბელგია: ალბერტ დე კლეინი (1932-1955) – 377 გოლი.
თავისი საფეხბურთო კარიერა 1932-1955 წლებში დე კლეინმა მხოლოდ ერთ გუნდში “მალინუაში” გაატარა, რომელსაც ამჟამად “მეჰელენი” ჰქვია. მას კიდევ უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ბელგიის ჩემპიონატი სამი წელი რომ არ შეწყვეტილიყო. ალბათ, საუკეთესო მატჩი მან 1943 წელს ჩაატარა, როდესაც “მალინუამ” ბრიუსელის “რასინგი” 7:1 დაამარცხა და დე კლეინმა 7 გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, “მალინუამ” ოქროს მედლები მოიგო. ცნობილია, რომ თამაშის დასრულების მერე, პარტნიორებმა ფორვარდი მხრებზე შეისვეს და ყვავილების თაიგული აჩუქეს.
გერმანია: გერდ მიულერი (1965-1979) – 365 გოლი.
გერდ მიულერმა პრაქტიკულად მიუღწეველი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ბუნდესლიგის 427 მატჩში 365 გოლი. ამჟამად, მის მაჩვენებელთან ყველაზე ახლო კლაუდიო პისაროა, რომელმაც მეტოქეთა კარი 179-ჯერ აიღო. ბომბარდირს, რომელმაც 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიასთან მოგებულ (2:1) მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, “ბაიერნის” სუპერკლუბად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
“გერდის გოლების გარეშე, შესაძლოა დღემდე ზებენერ-შტრასეზე ხის ბარაკებში გვემუშავა” – უყვარს გამეორება ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს ფრანც ბეკენბაუერს.
ინგლისი: ჯიმი გრივზი (1957-1971) – 357 გოლი.
“როდესაც “უაით ჰართ ლეინის”, “უემბლის” ან სხვა სტადიონების გაზონზე გავდიოდი, სულ სხვა ადამიანი ვხდებოდი. გარკვეულწილად, როდესაც მოედნისკენ მიმავალ გვირაბებში გავდიოდი, უკვე სხვა ადამიანი ვიყავი” – იგონებდა ინგლისის ელიტარული დივიზიონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. გრივზის მაღალ კლასზე “ჩელსის”, “ტოტენჰემისა” და “ვესტ ჰემის” შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობა მოწმობს. შედარებისთვის, უეინ რუნის, რომელიც პრემიერლიგის მოქმედ ფეხბურთელებში საუკეთესო ბომბარდირია, 12 წლის განმავლობაში 177 გოლი გაუტანია.
პორტუგალია: ფერნანდუ პეიროტეუ (1937-1949) – 322 გოლი.
“პეიროტეუს, რომელსაც საუცხოო აღნაგობა აქვს, სწრაფია და შესანიშნავად ურტყამს, სადებიუტო მატჩში არავითარი წნეხი არ ჰქონია და ორჯერ გაიტანა” – ასე შეაფასა 1937 წელს გამოცემა შტადიუმ-მა “სპორტინგის” 19 წლის დებიუტანტის მიერ ჩატარებული მატჩი “ბენფიკასთან”. მან 322 გოლი პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 197 შეხვედრაში გაიტანა. ერთ თამაშში მეტოქის კარი 9-ჯერაც აუღია. პეიროტეუმ კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა და შემდეგი თქვა:
“მე ჯარისკაცი ვარ, ხოლო ჯარისკაცი თავის მოვალეობებს არ გაურბის. თუმცა, თავს ბებერ ჯარისკაცად ვგრძნობ, რომელიც გუნდს ისე ვერ ეხმარება როგორც ეს საჭიროა”.
ჰოლანდია: ვილი ვან დერ კაილენი (1964-1982) – 311 გოლი.
ფორვარდმა, რომლის მეტსახელი “მისტერ პსვ” იყო, ეინდჰოველენლთა რიგებში 308 გოლი გაიტანა, ხოლო კიდევ სამი “მაასტრიხტის” შემადგენლობაში მიითვალა. ჰელმონდში დაბადებულმა პსვ-სთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, ხოლო 1978 წელს უეფას თასს დაეუფლა. მაშინ, საფრანგეთში უგოლო ფრის შემდეგ, ჰოლანდიელებმა სახლში “ბასტიას” 3:0 აჯობეს და მატჩში წერტილი სწორედ ვან დერ კაილენმა დასვა.
“ასეთი გოლი როდესაც გაგაქვს, ის შენს მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება. საუცხოო შემადგენლობა გვყავდა და შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ” – იგონებდა ფორვარდი, რომლის კიდევ ერთი მეტსახელი “დაარტყი-ვილი” იყო.
საფრანგეთი: დეილი ონისი (1971-1986) – 299 გოლი.
ონისს, რომელიც იტალიაში დაიბადა და არგენტინაში გაიზარდა, არცერთი ქვეყნის ნაკრებში უთამაშია, სამაგიეროდ საფრანგეთში “რეიმსის”, “მონაკოს”, “ტურისა” და “ტულონის” შემადგენლობებში გოლი გოლზე გაჰქონდა. მას სჯერა, რომ ხსენებული რეკორდის მოხსნა, მხოლოდ შორეულ მომავალშია შესაძლებელი. ონისს ამის სრული საფუძველი აქვს, ვინაიდან მის უახლოეს მდევარს მოქმედი ფეხბურთელებიდან ჯიბრილ სისეს, საფრანგეთის ჩემპიონატში მხოლოდ 99-ჯერ გაუტანია.
იტალია: სილვიო პიოლა (1929-1954) – 274 გოლი.
“დღემდე ვერ გავიგე, ის რომელი ფეხით უკეთესად ურტყამს მარჯვენათი თუ მარცხენათი” – ამბობდა იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიოლაზე, რომელმაც 1938 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
“არაფრის მეშინია, ჩვენ დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა” – ამბობდა თავად პიოლა, რომელსაც გოლები “პრო ვერჩელეს”, “ლაციოს”, “ტორინოს”, “იუვენტუსისა” და “ნოვარას” რიგებში გაუტანია, მაგრამ იტალიის ჩემპიონი არასოდეს ყოფილა. ამჟამად, ამ რეკორდთან ახლოს “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტია, რომელმაც თავი 237 გოლს მოუყარა. თუმცა, არსებული შედეგი რომ გააუმჯობესოს, ალბათ, პიოლასავით თამაში 41 წლამდე მოუწევს.
საბჭოთა კავშირი: ოლეგ ბლოხინი (1972-1987) – 211 გოლი.
კიევის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარულ ფორვარდს ბევრი რეკორდი დაუმყარებია. ბლოხინი 1975 წელს “ოქროს ბურთს” დაეუფლა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე 5-ჯერ იყო. “ბლოხინი კიევის “დინამოსა” და საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაა. ოლეგი მკაცრად მიზანმიმართულია მთავარი ამოცანის შესრულებაში – გოლების გატანაში. თითოეული გოლის მიღმა ვარჯიშებზე ჯოჯოხეთური შრომა, მატჩებში სრული თავდადება და მრავალი წლის განმავლობაში სპარტანული ცხოვრების წესი დგას”- ამბობდა ვალერი ლობანოვსკი.
ცალკეული ჩემპიონატების რეკორდები, რომელთა მოხსნა მესის კიდევ მოუწევს:
ჩეხეთი/ჩეხოსლოვაკია: იოზეფ ბიცანი (1931-1955) – 500 გოლი.
შოტლანდია: ჯიმი მაკგრორი (1922-1938) – 410.
იუგოსლავია: სტეპან ბობეკი (1945-1958) – 403.
უნგრეთი: ფერენც სუსა (1940-1961) – 393.
ჩრდილოეთ ირლანდია: ჯიმი ჯონსი (1947-1964) – 332.
უელსი: მარკ ლოიდ-უილიამსი (1992-2010) – 319.
ესტონეთი: მაქსიმ გრუზნოვი (1992-2012) – 304.
ავსტრია: ჰანს კრანკლი (1974-1988) – 271.
საბერძნეთი: თომას მავროსი (1970-1991) – 260.
შვედეთი: სვენ იუჰანსონი (1927-1947) – 254.
ბულგარეთი: პეტარ ჟეკოვი (1962_1975) – 253.
ბომბარდირები, რომლებსაც რამდენიმე ჩემპიონატში გაუტანიათ:
იოზეფ ბიცანი: ავსტრია 18, ჩეხოსლოვაკია 500 (1931-1955) – 518 გოლი.
ფერენც პუშკაში: ესპანეთი 159, უნგრეთი 358 (1943-1966) – 517.
იმრე შლოსერი: უნგრეთი 411, ავსტრია (1905-1928) – 417.
დიულა ჟენგელერი: უნგრეთი 387, იტალია 24 (1935-1953) – 411.
გუნარ ნორდალი: შვედეთი 149, იტალია 255 (1937-1958) – 374.
კშიშტოფ ვარჟიხა: პოლონეთი 66, საბერძნეთი 244 (1983-2004) – 310.
ფერნანდუ გომეში: პორტუგალია 319, ესპანეთი 12 (1974-1991) – 331.
კრიშტიანუ რონალდუ: პორტუგალია 3, ინგლისი 84, ესპანეთი 197 – 284.
იოჰან კრუიფი: ჰოლანდია 215, ესპანეთი 50 (1964-1984) – 265.
შოთა არველაძე: საქართველო 52, თურქეთი 61, ჰოლანდია 91, შოტლანდია 44 (1990-2008) – 258.
არველაძე საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიცაა 61 მატჩი გატანილი 26 გოლით. გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების საუკეთესო 7 ბომბარდირს შორისაც შედის 17 ბურთით.