ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების 27 წლის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ თავადვე უარყო გავრცელებული ხმები თითქოსდა “იუვედან” აბარგებას გეგმავდა. ბონუჩის თქმით, ტურინში თავს კარგად გრძნობს, გუნდიდან წასვლას არ აპირებს და არც ახალი კონტრაქტის დეტალები აღელვებს.
“ჩემს შესახებ ბოლო დროს ბევრი რამ დაიწერა და ითქვა. “იუვენტუსში” თავს კარგად ვგრძნობ. მხოლოდ თამაშზე და “ბებერ ქალბატონთან” ერთად გამარჯვებაზე ვფიქრობ. რაც შეეხება ახლა კონტრაქტს, ამას ჩემი აგენტი მოაგვარებს, რომელიც პროფესიონალია და ეს მისი სამუშაოა. კიდევ ვიმეორებ, “იუვეში” თავს კარგად ვგრძნობ”, - დაწერა ბონუჩიმ საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე.
ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, თითქოს იტალიის ნაკრების უკანახაზელი “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდა. ჟურნალისტებმა მისი სახელი უმალ დაუკავშირეს მიუნხენის “ბაიერნს” და “მანჩესტერ იუნაიტედს”.
ლეონარდო ბონუჩის “იუვენტუსთან” მოქმედი კაონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.