ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ხუეგოს მედიტერანეოსზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ალმერიამ” “რაიო ვალეკანო” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, ლიკამ რუბენს ვერ აჯობა. მალევე 100%-იანი შანსი მიეცა ზონგოს, რომელმაც ძალინ კარგი პოზიციიდან ააცილა კარს. ტაიმის მიწურულს ძალიან კარგი ეპიზოდი შეექმნა ტომერ ჰემედს, რომელსაც მცირედით უმტყუნა მიზანმა.
მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ზონგომ კიდევ ერთხელ გააფუჭა ხელსაყრელი მომენტი, ხოლო დამატებაზე ბიფიუმამ ვერ ივარგა. მასპინძელთა შეტევას უმალ უპასუხა გაელ კაკუტამ, რომელმაც ჟოზაბედის მშვენიერი გადაცემა ვერ გამოიყენა და რუბენს ვერ აჯობა. შემდეგი რეალური მომენტი კი, გოლით დასრულდა – 86-ე წუთზე მანუჩომ მაღალი ბურთი მოიგო და ბუენოს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფ გაელ კაკუტას დაასვა ბურთი და გადამწყვეტი გოლი გაატანინა – 0:1.
“რაიო ვალეკანო” 17 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო “ალმერია”10 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.
ალმერია – რაიო ვალეკანო 0:1 (0:0)
ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”
ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ველესი (მიჩელი 54), ტრახილიო, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ტეიე, ბიფიუმა, ვერზა, ველიგტონი, ზონგო (მენდეში 67), ჰემედი (ფ.სორიანო 73).
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ბა, ამაია, ტიტო, ქუინი, ტრაშორასი, ფატუ (ჟოზაბედი 56), ლიკა (აკინო 39), ბუენო, კაკუტა, ბაპტიშტაო (მანუჩო 79).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლი: კაკუტა 86.
გაფრთხილებები: ვერზა, ტრახილიო, დუბარბიერი, მიჩელი – ბა, ტიტო, ჟოზაბედი, ბაპტიშტაო
მსაჯი: მატეუ ლაოსი