ფეხბურთი

4:03 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ ზედიზედ მე-16, ტურინულ დერბიში შეწყვეტილი და გაგრძელებული სერიები

ესპანეთი

მადრიდის „რეალის“ 112-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ 16 თამაში მოიგო. ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში, „რეალი“ „მალაგას“ ეწვია. თამაში სტუმრებმა 2:1 მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „რეალის“ მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი გაუმჯობესებულია.

ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მე-12 თამაშში გატანა ვერ მოახერხა რონალდუმ, რომელმაც, ბოლო დროს, საგოლე გადაცემების კეთება დაიწყო. პორტუგალიელმა თანაგუნდელებს ლა ლიგის ბოლო 4 თამაშში გაატანინა. ამ 4 შეხვედრაში მის ანგარიშზე 7 შედეგიანი გადაცემაა.

„მალაგასთან“ მატჩში რონალდუმ აქტივში 2 საგოლე პასი ჩაიწერა. პირველ შემთხვევაში მან ბენზემას გაატანინა. ფრანგმა თავდამსხმელმა პრიმერაში თავი ზედიზედ მე-6 შეხვედრაში გამოიჩინა, რაც მის მადრიდულ კარიერაში საუკეთესო შედეგია.

იკერ კასილიასმა ესპანეთის ჩემპიონატში 489-ე თამაში ჩაატარა და მის კარში მე-500 გოლი გავიდა. მადრიდელთა ლეგენდა ლა ლიგის ისტორიაში მე-10 მეკარეა, რომელსაც 500 ან მეტი ბურთი გაუშვია.

ანდალუსიაში გამართულ შეხვედრამდე, „რეალი“ მიმდინარე გათამაშების ერთადერთი გუნდი იყო, რომლის თამაშშიც მსაჯს წითელი ბარათი ნაჩვენები არ ჰქონდა. ეს სერია „მალაგასთან“ გამართული შეხვედრის 86-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედნიდან სტუმრთა ნახევარმცველი ისკო გააძევეს. ესპანელ შუახაზელს, ლა ლიგაში, სულ 3 წითელი ბარათი აქვს მიღებული. 2-ჯერ ის „მალაგას“ მაისურით თამაშობდა, ერთხელ კი - „მალაგას“ წინააღმდეგ.

რთული მატჩი მოიგო „ბარსელონამ“, რომელიც „ვალენსიას“ ეწვია. „ბარსა“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც „მესტალიაზე“ ქულა ზედიზედ 8 თამაშში აიღო. კატალონიელებს ყველაზე მეტი, 32 გასვლითი თამაში სწორედ „მესტალიაზე“ აქვთ მოგებული.

„ვალენსიამ“, საკუთარ კედლებში, დამატებულ დროში გაშვებული გოლით 2002 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო. „ბარსამ“ კი, დამატებულ დროში გატანილი გოლით სტუმრად მოგება 2012 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოახერხა.

მადრიდში კვლავ წარუმატებლად თამაშობს „დეპორტივო“, რომელმაც დედაქალაქი უქულოდ ზედიზედ მეჩვიდმეტედ დატოვა. ლა კორუნიელებმა, ამჯერად, მე-2 სართულზე საუკეთესოდ მოთამაშე „ატლეტიკოსთან“ წააგეს.

„ვისელნტე კალდერონზე“ გასული 2 გოლიდან პირველი თავურ დარტყმას მოჰყვა, რის შემდეგაც, „ატლეტიკოს“, 13 თამაშში, თავით გატანილი 15 გოლი დაუგროვდა. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე არცერთ სხვა გუნდს თავით 11 გოლზე მეტი არ გაუტანია.

წინა ტურში 1:5 წაგების შემდეგ, 5:1 მოიგო „სევილიამ“. ესპანურ ფეხბურთში ასეთი რამ 1963 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 51 წლის წინათ, 1:5 წაგებას ასეთივე ანგარიშით მოგება „ბილბაომ“ მოაყოლა.

ტურის პირველ შეხვედრაში ჰეთ თრიქი გაიფორმა კარლოს ველამ, რომელაც 3-ჯერ „ელჩეს“ გაუტანა. „სოსიედადის“ მექსიკელი თავდამსხმელისთვის „ელჩე“ ერთადერთი ესპანური გუნდია, რომელსაც მან ყველა თამაშში გაუტანა. ალიკანტელებთან გამართულ 3 დაპირისპირებაში ველას 5 გოლი დაუგროვდა.

ინგლისი

ინგლისის პრემიერლიგაში ლიდერმა ქულები მესამედ დაკარგა. „სანდერლენდსა“ და „ჩელსის“ შორის გამართულ წინა 12 შეხვედრაში 53 გოლი იყო გასული, რაც ამჯერადაც უხვგოლიანი შეხვედრის იმედს ტოვებდა, მაგრამ გუნდებმა მოედანი გატანილი გოლების გარეშე დატოვეს.

„მანჩესტერ სიტის“ მიმდინარე გათამაშების მთავარ აღმოჩენასთან, „საუთჰემპტონთან“ სტუმრად 2003 წლის შემდეგ არ მოეგო. ამას ისიც ემატებოდა, რომ „წმინდანებს“, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 6 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდათ დაკარგული. ამის მიუხედავად, „ქალაქელებმა“ მეტოქე მაინც დამაჯერებლად დაამარცხეს.

საუთჰემტონში გამართულ შეხვედრაში წერტილი სტუმართა მცველმა, გაელ კლიშიმ დასვა, რომელსაც „სიტის“ მაისურით სადებიუტი გოლის გასატანად 86 თამაში დასჭირდა.

წარმატებული ტური ჰქონდა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“, რომელმაც, თანაქალაქელების მსგავსად, 3:0 მოიგო.

„ჰალ სიტისთან“ კვლავ შედეგიანად თამაშობს უეინ რუნი, რომელმაც იორკშირელებთან გამართულ მე-4 შეხვედრაში მე-6 გოლი გაიტანა.

2013 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ პრემიერლიგის ერთ მატჩში გოლი ურინ რუნიმაც გაიტანა და რობინ ვან პერსიმაც. ჰოლანდიელის პასით კი ინგლისელმა 2013 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

ნანატრი გამარჯვება იზეიმა „ლივერპულმა“, რომელმაც „სტოკთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში, ტრადიციულად, კარი მშრალად შეინახა. სტაფორდშირელებმა „ენფილდზე“ ჩატარებულ უკანასკნელ 14 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს.

გოლის გატანა კვლავ ვერ მოახერხა მარიო ბალოტელიმ. იტალიელმა თავდამსხმელმა, ქვეყნის ჩემპიონატში, 25-ჯერ დაარტყა და მას გოლების ანგარიში ჯერ არ გაუხსნია. ასეთივე მაჩვენებელი აქვს „ბარნლის“ თავდამსხმელს, ლუკაშ იუტკევიჩს და ეს 2 ფეხბურთელი, ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით, ამ მაჩვენებლით პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს.

„სუონსის“ მორიგი ქულა მოუტანა ვილფრიდ ბონიმ, რომელმაც 2014 წელს, პრემიერლიგაში, უკვე მე-18 გოლი გაიტანა, ეს კი საუკეთესო შედეგია.

ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „ქუინს პარკ რეინჯერსმა“. პრემიერლიგაში ჯერ 13 ტურია გამართული და ჰარი რედნაპის გუნდმა მატჩის პირველი გოლის გაშვება უკვე 10-ჯერ მოახერხა. მიმდინარე გათამაშებაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იტალია

ტურინულ დერბიში „იუვენტუსის“ ერთი წარმატებული სერია გაგრძელდა, ერთი კი - შეწყდა. „ბებერმა სინიორამ“ „ტორინოსთან“ არსებული წაუგებელი სვლა 17 მატჩამდე გაზარდა. სამაგიეროდ, 2002 წლის თებერვლის შემდეგ პირველად, „ტორინომ“ ქალაქურ დაპირსიპირებაში გოლის გატანა მოახერხა. „იუვენტუს სთედიუმზე“ გამართული შეხვედრის 22-ე წუთზე, ბრუნო პერესმა ეფექტური გოლი გაიტანა და დერბიში „ტორინოს“ 4662-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

„იუვენტუსს“ 3 ქულა ანდრეა პირლოს მიერ 93-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. 2012 წლის მარტის შემდეგ პირლოს 18 გოლი ჰქონდა გატანილი, აქედან 17 ჯარიმიდან და ერთიც თერთმეტმეტრიანი დარტყმით. 35 წლის ფეხბურთელმა ეს „სტანდარტული სერია“ შეწყვიტა და „ტორინოს“ თამაშიდან გაუტანა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა „ფიორენტინას“ გერმანელმა თავდამსხმელმა, მარიო გომესმა. ფლორენციელებმა „კალიარი“ 4:0 გაანადგურეს და გომესმა თავი შეხვედრის 69-ე წუთზე, 259-დღიანი შესვენების შემდეგ გამოიჩინა.

კარგ ფორმაშია გასულ სეზონში „ფიორენტინაში“ მოთამაშე ალესანდრო მატრი. 30 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 11 მატჩში, უკვე 6 გოლი გაიტანა. მთელს გასულ გათამაშებაში მის ანგარიშზე 5 გოლი იყო.

მატრის „ჯენოამ“ „ჩეზენა“ 3:0 დაამარცხა და გენუელებმა სამივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს. აქამდე ბოლო შემთხვევა, როდესაც „ჯენოა“ შესვენებამდე 3:0 იგებდა, 2011 წელს დაფიქსირდა და „გრიფონების“ მეტოქე 3 წლის წინათაც „ჩეზენა“ იყო.

საკუთარ კედლებში 0:0 მეორედ ითამაშა „კიევომ“. ვერონელებმა პირველ ტაიმში გოლის გატანა სერია A-ს ზედიზედ მე-5 მატჩში ვერ მოახერხეს.

გერმანია

ბუნდესლიგის 13 ტურის შემდეგ, „ბაიერნს“ მხოლოდ 3 გოლი აქვს გაშვებული. აქამდე, ასეთი შედეგი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა „შტუტგარტის“ მიღწევა გაიმეორეს.

„ბაიერნმა“, გასულ უქმეებზე, „ჰერტა“ არიენ რობენის მიერ საჯარიმოს გარედან გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. მიუნხენური გუნდი ერთადერთია, რომელსაც, მიმდინარე გათამაშებაში, საჯარიმოს გარედან დარტყმით, 6 გოლი აქვს გატანილი.

გასულ სეზონში, „ბაიერნი“ თურქი შემტევის, ჰაქან ჩალჰანოღლუს შეძენას ცდილობდა. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მიუნხენელებს, დიდი ალბათობით, საჯარიმოს გარედან კიდევ უფრო მეტი გოლი ექნებოდათ გატანილი. „ლევერკუზენის“ 20 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე გათამაშებაში, ყველა ტურნირზე, სულ 6 გოლი გაიტანა და აქედან 5 საჯარიმოს გარედან დარტყმით. ერთ-ერთი ასეთი გოლი მან გასულ ტურში, „კიოლნთან“ 5:1 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

საკუთარ კედლებში ზედიზედ მეხუთედ მოიგო „შალკემ“, რომლის რიგებშიც თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა კლას იან ჰუნტელაარმა. ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, 2014 წელს ბუნდესლიგაში ჩატარებულ 28-ე შეხვედრაში მე-16 გოლი გაიტანა. ის, კალენდარული წლის განმავლობაში, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

საფრანგეთი

ლიგა ერთში პსჟ-ს ზედიზედ მე-6 მოგების მიუხედავად ლიდერობას „მარსელი“ ინარჩუნებს. მარსელო ბიელსას გუნდს, „ნანტთან“ მოგების შემდეგ, 15 ტურში 34 ქულა დაუგროვდა. „მარსელს“ ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს ჰქონდა.

„სენტ ეტიენს“, „ლიონთან“ გამართულ საშინაო მატჩებში 1994 წლის შემდეგ არ მოეგო და „მწვანეებმა“ ეს წარუმატებელი სერია გასულ უქმეებზე შეწყვიტეს, როდესაც მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

სტუმრად კვლავ ძალზე ცუდად თამაშობს „ლილი“. რენე ჟირარის გუნდმა მეტოქის მოედანზე გამართული ზედიზედ მე-5 თამაში წააგო და გოლი ვერც ამჯერად გაიტანა.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა „ტულუზასა“ და „ლორიანს“ შორის გაიმართა, რაც მოულოდნელობა იყო. საქმე ისაა, რომ აქამდე, ამ გუნდებს შორის გამართულ მატჩებში, საშუალოდ, 1.4 გოლი გადიოდა. ლიგა ერთში ამჟამად მოთამაშე გუნდებისგან შედგენილ არცერთი სხვა წყვილი გოლების ასეთი სიმწირით არ გამოირჩევა. თუმცა, ამჯერად, „ტულუზამ“ და „ლორიანმა“ ერთმანეთს 5-ჯერ გაუტანეს.

0.113691