ჭიდაობა

18:55 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრეზიდიუმმა თავისი გაიტანა – მოჭიდავეები წლის ბოლოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმმა პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის ინიციატივებს მხარი არ დაუჭირა. ვაკის ფალავანთა კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელიც თავად კურტანიძემ მოიწვია, პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობამ იგი თანამდებობიდან გადააყენა. ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი, არა ყოფილი პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატი, არამედ ერთბაშად სამი სხვა კანდიდატი დაამტკიცეს.

სხდომის დაწყებამდე სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე, ლუკა კურტანიძე საკუთარ კაბინეტში სპორტული მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჭიდაობის გვერდით დგომისთვის მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. ამასთან, მთავარი გადაწყვეტილების შინაარსიც გაახმაურა.

"დღეს რომ საქართველოში ჭიდაობა პოპულარულია, მნიშვნელოვანწილად ჟურნალისტების დამსახურებაა, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით დგანან. თქვენთან შეხვედრას და საზეიმო ვითარებაში მადლობის გადახდას საახალწლოდ ვგეგმავდი, მაგრამ გადავწყვიტე ეს ნაბიჯი ახლა გადამედგა. ქართულ ჭიდაობაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სასწრაფოდ მოვიწვიე პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც გამოვაცხადებ, რომ ჭიდაობის ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვიჩერებ და დამსწრეთ რიგგარეშე ყრილობის 26 თებერვალს ჩატარებას შევთავაზებ. იქამდე პრეზიდენტის მოვალეობას ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე შეასრულებს. სწორედ ის მიიღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” – გვითხრა კურტანიძემ.

ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლა, სადაც პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობა საკმაოდ ცივად შეხვდა. შიგადაშიგ წამოსროლილი მწარე რეპლიკების მიუხედავად ლუკა კურტანიძემ დაახლოებით თხუთმეტწუთიანი მოხსენება წაიკითხა, რომელიც მისი ფედერაციის სათავეში ყოფნის პერიოდში გაკეთებულ საქმეებს შეეხებოდა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სურდა უფლებამოსილება 26 თებერვლის ყრილობამდე მაჩაიძისთვის გადაეცა. პრეზიდენტის ინიციატივას დარბაზიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გოგი მაკასარაშვილმა კი კურტანიძის გადაყენების საკითხი წამოჭრა და მალე ღია კენჭისყრაც შედგა. თუმცა იქამდე ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის დაცვა პარლამენტარმა სოსო ჯაჭვლიანმა სცადა, რასაც დარბაზში პრეზიდიუმის წევრთა, ხოლო დარბაზს მიღმა სპორტსმენთა და მწვრთნელთა გაღიზიანება მოჰყვა. რამდენიმეწუთიანი ჩოჩქოლის შემდეგ საკითხს კენჭი მაინც უყარეს და ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან 29-მ კურტანიძის გადაყენებას დაუჭირა მხარი.

პრეზიდიუმის წევრებმა ასევე კენჭისყრით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება ერთბაშად სამ ადამიანს დააკისრეს: ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ დიმიტრი გელაშვილს, გენერალურ მდივან გიორგი ლომიძეს და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელ რომან რურუას. ასევე საერთო გადაწყვეტილებით, მომავალი ყრილობა არა 26 თებერვალს, არამედ 26 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობის მსურველებს კი განაცხადების წარმოდგენა 5-20 დეკემბერს შეეძლებათ. ყრილობას 12-კაციანი მუშა ჯგუფი მოამზადებს.

დაბოლოს ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხიც – თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ისევ ის მწვრთნელთა შტაბები ჩაუდგებიან სათავეში, რომლებიც ლუკა კურტანიძემ სექტემბერში გადააყენა, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო.

0.223909