,,ანგისაზე” გამართულ მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრას ,,ბათუმსა“ და თბილისის ,,არმიას“ შორის ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი წრის მატჩში დედაქალაქელებმა (25:15) იმარჯვეს, თუმცა ბოლო ტურები ზღვისპირელებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და უშუალო მეტოქეს 2 ქულით უსწრებდნენ.
შეხვედრის დღეს ბათუმში განუწყვეტლივ წვიმდა. უხვად მოსულმა ნალექმა მოედანზე გუბეები გააჩინა. მატჩის დაწყებამდე მინდვრის მდგომარეობის გამო სტუმართა გუნდის დამრიგებელი ნიკო ჭავჭავაძე პრეტენზიას გამოთქვამდა. მისთვის უკმაყოფილების მთავარ საბაბს მოედნის არასტანდარტული ზომები წარმოადგენდა. ჭავჭავაძის თქმით, მოედნის სიგრძე და სიგანე დასაშვებ მაქსიმუმს აჭარბებდა, რაც ასეთ პირობებს შეუჩვეველ არმიელებს პრობლემებს შეუქმნიდა. შეხვედრის განსაზღვრულ დროზე დაწყება მხოლოდ მატჩის მეთვალყურის გოგი ჭიჭინაძის ძალისხმევით მოხერხდა.
შეხვედრის დებიუტი საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა. მორაგბეები ჯერ არც გახურებულიყვნენ, რომ სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ჯინაშვილმა მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. კუპრეიშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 0:7.
აჭარელთა საპასუხო შეტევის დროს თბილისელები საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დაჯარიმდნენ და ბახვა კობახიძემ ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 3:7.
მალე ბახვას ანალოგიური შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, თუმცა ამჯერად მისი მცდელობა უშედეგო გამოდგა.
ამის შემდეგ ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში გაგრძელდა. სველ, ატალახებულ მინდორზე მორაგბეებს კომბინაციური თამაში უჭირდათ და ტექნიკური წუნიც მრავლად შეინიშნებოდა. მართალია თავი არც ერთი გუნდის მოთამაშეს დაუზოგავს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე რაიმე ღირებულის შექმნა ვერც ერთ მხარეს ვერ მოახერხეს, თუმცა უკანასკნელ წამებზე მასპინძლები ანგარიშში დაწინაურდნენ.
გუნდები შესვენებაზე გასასვლელად ემზადებოდნენ, როცა მიმინოშვილმა თბილისელთა წამიერი მოდუნებით ისარგებლა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე დაამიწა. საკმაოდ ხელსაყრელი მდგომარეობიდან კობახიძემ რეალიზაცია ვერ გამოიყენა - 8:7.
შეხვედრის მეორე ნახევარიც სწრაფი ლელოთი დაიწყო. ზღვისპირელთა პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა. აჭარლებმა სტუმრების 22 მეტრიან ზონაში დანიშნული აუტი მოიგეს, შემდეგ მოლი შეკრეს და თბილისელთა ჩათვლის მოედნისკენ დაიძრნენ. არმიელებმა მეტოქის შეკავება მხოლოდ 5-მეტრიან ხაზთან მოახერხეს, აქ კი აზალაძემ იმარჯვა, მან წარმოქმილი რაკიდან ბურთი აიტაცა და ლელოში შეიჭრა. კობახიძეს რეალიზაცია ამჯერადაც გაუცუდდა - 13:7. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ბათუმელთა დამრტყმელს მომდევნო ორი მცდელობისას ხელი მოეცარა.
ამის შემდეგ ბათუმელთა უპირატესობა გამოიკვეთა. წვიმიან ამინდს ალღო უფრო უკეთ მასპინძლებმა აუღეს და შეტევებს მოუხშირეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ზაბახიძის ლელოთი დასრულდა - 18:7.
შეხვედრის დარჩენილი დროც ზღვისპირელთა დომინირებით წარიმართა. მატჩის უკანასკნელ წუთებზე ბათუმელებმა მეკოკიშვილის გასინბინებით ისარგებლეს, რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და მოედანზე ახლადშესული ევგენიძის ლელოთი პრემიალური ქულა მიითვალეს - 23:7.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:
დავით გუგუშვილი (,,ბათუმი’’): ,,შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ. პირველივე წუთზე ლელო მივიღეთ. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვედით და თანდათან უპირატესობა მოვიპოვეთ. პრემიალური ქულის აღება შევძელით და მესამე ადგილზე დავმკვიდრდით.“
ნიკო ჭავჭავაძე (,,არმია“): ,,თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ შეცდომებს მოვუხშირეთ, რაც მეტოქემ გამოიყენა. სიმართლე ითქვას, ასეთ მოედანზე შეხვედრა არ უნდა ტარდებოდეს. წვიმიან ამინდში გუბეები დგას და ერთიანად ატალახებულია, თან არასტანდარტულია - დასაშვებზე გაცილებით დიდი ზომისაა, ამიტომ აქ თამაში სტუმარი გუნდისთვის მოუხერხებელია.“
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. X ტური.
30 ნოემბერი. კვირა. ბათუმი. ,,ანგისა“. 14:00 საათი. 200 მაყურებელი.
,,ბათუმი“ (ბათუმი) - ,,არმია“ (თბილისი) 23:7 (8:7)
,,ბათუმი“: 15. კობახიძე, 14. მიმინოშვილი (სვინტრაძე 60), 13. ჯიმშელაძე, 12. გ. თუთბერიძე, 11. კვერნაძე (ევგენიძე 75), 10. ოდიშარია (ნინიძე 58), 9. ზაბახიძე (ზ. თუთბერიძე 56), 1. ერისთავი, 2. გიგაშვილი, 3. კელენჯერიძე (ხოჭოლავა 50), 4. ხელაძე (ბერიძე 52), 5. აზალაძე, 6. ცირეკიძე (თხელიძე 54), 7. კორტავა (კ), 8. თხილაიშვილი;
4 ლელო: მიმინოშვილი, აზალაძე, ზაბახიძე, ევგენიძე;
ჯარიმა: კობახიძე;
მწვრთნელი : დავით გუგუშვილი;
,,არმია“: 15. ჯინაშვილი, 14. გოგოლაძე (ჯანელიძე 58), 13. კუპრეიშვილი, 12. ბაირამაშვილი, 11. ჯიმუხაძე, 10. ჩხიკვაძე, 9. ღვინჯილია (კიზირია 56), 1. ქორიძე (კაკოვინი 52), 2. მეკოკიშვილი (სულუაშვილი 78), 3. გურგენიძე, 4. სურგულაძე, 5. უჩავა (ჯინჭარაძე 54) , 6. დარასელია (კ), 7. დაუშვილი, 8. ჟღენტი (ადანაია 77);
ლელო: ჯინაშვილი;
გარდასახვა: კუპრეიშვილი;
სინბინი: მეკოკიშვილი;
მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე;
მთ. მსაჯი: შოთა თევზაძე
თ/მ: საბა აბულაშვილი, მიშა მასხარაშვილი
1. | ყოჩები | 10 | 9 | 1 | 0 | 247-133 | 40 |
2. | ლელო სარ. | 10 | 6 | 2 | 2 | 209-148 | 29 |
3. | ბათუმი | 10 | 5 | 1 | 4 | 202-175 | 26 |
4. | ხარები | 10 | 5 | 2 | 3 | 171-141 | 26 |
5. | აია | 10 | 5 | 0 | 5 | 164-160 | 23 |
6. | ჯიქები | 9 | 4 | 1 | 4 | 135-135 | 20 |
7. | არმია | 10 | 4 | 0 | 6 | 136-184 | 19 |
8. | ლოკომოტივი | 9 | 3 | 1 | 5 | 120-134 | 18 |
9. | არმაზი | 8 | 3 | 0 | 5 | 137-156 | 14 |
10. | თიბიეს უნივ. | 10 | 0 | 0 | 10 | 135-290 | 3 |
მომდევნო ტური. 6-7 დეკემბერი
თიბიესი - აია, ლოკომოტივი - არმაზი, არმია - ხარები, ლელო - ბათუმი, ყოჩები - ჯიქები