ფეხბურთი

23:52 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოთელთა გამარჯვება უშუალო მეტოქესთან

სატურნირო ცხრილის აუტსაიდერთა დაპირისპირებას მეტოქეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მატჩი პრაქტიკულად „ექვსქულიანთა“ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

პირველი წრის მიწურულს ორივე გუნდს ჩავარდნა დაეწყო. ვეტერინარებმა ზედიზედ ბოლო სამი თამაში წააგეს, თუმცა ხასიათი იმით გამოიკეთეს, რომ თასის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ბოლნისის ,,სიონთან” ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ,,კოლხეთს” თასზე გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავდა. გორის ,,დილამ” მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე შეძლო ფოთელების გამოგდება.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველივე სახიფათო შეტევა კინაღამ შედეგიანი გამოდგა, თუმცა უკანასკნელ წამს მცველებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს. მე-10 წუთზე დათა სიჭინავას საჯარიმო დარტყმას შეროზიამ სწორი პოზიცია შეურჩია და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია, თუმცა ორი წუთის შემდეგ სიჭინავას მოწოდებულ კუთხურზე ვეტერინართა კიპერი შეცდა გამოსვლაზე თამაშისას და ბურთი წინ დაუვარდა. დამატებაზე მასპინძლებმა ვერ ივარგეს.

დედაქალაქელებმა სახიფათოდ პირველად მე-19 წუთზე შეუტიეს. ღიბრაძის მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმო სეფიაშვილმა მოიგერია, დამატებას ისევ ღიბრაძე ცდილობდა, თუმცა ამჯერადაც ფოთელთა კიპერმა იმარჯვა და თავისიანები უსიამოვნებას გადაარჩინა.

სამ წუთში სიჭინავას შესრულებული საჯარიმო მცველმა უხერხულად მოიგერია და კინაღამ ავტოგოლი მიითვალა. ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. სიჭინავას მოწოდებულ კუთხურზე ფარულავამ ყველას დაასწრო და თავური დარტყმა მოაყოლა, თუმცა მიზანში ვერ მოახვედრა. იგივე ბედი ეწია თევზაძის თავურსაც. ასისტენტობა ამჯერადაც სიჭინავამ გასწია.

ნახევარი საათის მიწურულს სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს. 31-ე წუთზე თანაგუნდელთა კარგი კომბინაციის შემდეგ კვირკვია ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ძლიერას დაარტყა, მაგრამ სეფიაშვილმა სწრაფი რეაქცია გამოავლინა, შორეულ კუთხეში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

35-ე წუთზე კვლავ კარგად გაისარჯა დათა სიჭინავა, რომელიც ამ თამაშში ყველაზე აქტიური გახლდათ. იგი მოედნის შუაგულიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ოდნავი პაუზის შემდეგ ძლიერად გაისროლა. ბურთი ცოტათი გადასცდა ხარიხას.

ტაიმის მიწურულს ხიფათის შექმნა ორივე გუნდმა მოახერხა. პირველად ისევ სიჭინავას ჰქონდა შანსი, მაგრამ მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ. საპასუხო შეტევაში კვირკვიამ ითამაშა კარგად და დროული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა კახაბრიშვილი, რომელსაც სულ მცირედი დააკლდა ანგარიშის გახსნამდე.

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. 54-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგზე ახლადშემოსულმა ქორჩილავამ ლემონჯავასთან ,,კედელი” გაითამაშა და საჯარიმოში შევარდნილ სიჭინავას ზუსტად მიაწოდა. დათამ თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და გამოზომილი დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია – 1:0.

ხუთ წუთში ზღვისპირელებმა მეორედ იხეირეს. გოლი ვეტერინართა მცველების მიუტევებელ შეცდომას მოჰყვა. ისინი ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გაკეთების მცდელობისას შეცდნენ, რითაც კარგად ისარგებლა შოთა ჯიქიამ, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და შეროზიას აუღებელი დაურტყა - 2:0.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება სტუმრები მთელი გუნდით შეტევაზე გადაერთვნენ და 65-ე წუთზე საწადელსაც მიაღწიეს. ლობჯანიძის გადაცემას მეტოქის საჯარიმოში კუხალეიშვილი საჭირო ადგილზე დაუხვდა და ვარდნაში ეფექტური დარტყმით სხვაობა შეამცირა - 1:2.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ბევრს ცდილობდა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. არბიტრის საფინალო სასტვენმა ზღვისპირელთა ძნელი გამარჯვება დააფიქსირა.

,,კოლხეთი’’ (ფოთი) – ,,ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 2:1 (0:0)

30 ნოემბერი. 14.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 200 მაყურებელი.

კოლხეთი”: სეფიაშვილი, გიორგი კილასონია, თევზაძე, ფარულავა, ლემონჯავა, გოგონაია (კ), ბარამიძე, შ.ჯიქია (გუგუშვილი 86), ამბროლაძე (ქორჩილავა 46), დ.სიჭინავა, ჯიშკარიანი (გუგუჩია 77);

მთ. მწვრთნელი: ზაზა ინიაშვილი

,,ვიტ ჯორჯია”: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი (კ), მაისურაძე, დავლაშერიძე, ღიბრაძე (კუხალეიშვილი 61), კურდღელაშვილი (ხვისტანი 86), კახაბრიშვილი (დადიანი72), ლობჯანიძე, კვირკვია;

მთ. მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: 1:0 დ.სიჭინავა (54), 2:0 შ.ჯიქია (59), 2:1 კუხალეიშვილი (65);

გაფრთხილება: ღიბრაძე (39), კვირკვია (41), გოგონაია (45), ლემონჯავა (71), გუგუჩია (87), გუგუჩია (90+2);

გაძევება: გუგუჩია (90+2);

1. დინამო (თბილისი) 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. სპარტაკი 14 7 3 4 14:19 24
5. დინამო (ბათუმი) 14 7 2 5 17:14 23
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. გურია 14 4 6 4 16:23 18
11. შუქურა 14 4 5 5 14:17 17
12. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
13. კოლხეთი 14 3 5 6 11:16 14
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.113917