თასის გათამაშებაზე ბათუმის “დინამოსთან” წარმატებული თამაშის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში კიდევ ერთი კარგი თამაში ჩაატარა “სამტრედიამ”, რომელსაც მეტოქედაც საკმაოდ გამოცდილი და ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავდა “ჩიხურას” სახით, მაგრამ ბრძოლამ, მონდომებამ და კლასმა შედეგი მოიტანა.
სამტრედიაში დილიდანვე წვიმდა და საკმაოდ ციოდა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია თამაშზე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რადგან ძალიან ცოტა იყო სახიფათო ეპიზოდები ორივე გუნდის კართან. პირველი ხიფათი ბრაზილიელი ლეგიონერის ლეონარდოს წაქცევას მოჰყვა “ჩიხურას” საჯარიმოს მისადგომებთან. ჯარიმა გიორგი გაბედავამ შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა და სიტუაციაც განიმუხტა.
29-ე წუთზე სამტრედიელებმა გაითამაშეს ლამაზი და გააზრებული კომბინაცია, რომელსაც დოლიძე აგვირგვინებდა კარში დარტყმით, მაგრამ ააცილა. საპასუხო იერიში მუმლაძემ განახორციელა - საჩხერელთა 11 ნომერი კარგად შევიდა საჯარიმოში, მაგრამ საბოლოოდ მასპინძელთა მცველებმა ითამაშეს უშეცდომოდ და შეტევაც ჩაიშალა.
პირველი ტაიმის მიწურულს ჯერ ლეონარდო რამოსს ჰქონდა კარგი შანსი ახლო მანძილიდან გაეხსნა ანგარიში, ცოტა ხანში კი დოლიძეს არ გაატანინეს სტუმრებმა.
მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. მასპინძლებს მეტი მონდომება ეტყობოდათ და ზაზა ზამთარაძის ცვლილებამაც გაამართლა. 53-ე წუთზე პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, კორიფაძე-ოდიკაძის მიერ გათამაშებული კარგი კომბინაციის შედეგად ბურთი ღონღაძეს მიუვიდა, თუმცა სანამ “სამტრედიის” კარისკენ დააარტყამდა, ის საჯარიმოს ხაზთან მოცელეს მცველებმა. საჯარიმო დარტყმა კაშიამ უხეიროდ შეასრულა.
სამტრედიელთა საპასუხო შეტევა საკმაოდ მწვავე გამოდგა, მარცხენა ფლანგიდან “ჩიხურას” საჯარიმოში გაკეთებულ კარგ გადაცემას ვერც ლეონარდო შესწვდა და ვერც გაბედავა, არადა ორივე ფეხბურთელი ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან.
რაც უფრო ნაკლები დრო რჩებოდა მატჩის დამთავრებამდე, მით უფრო ამწვავებდა “სამტრედია” იერიშებს მეტოქე გუნდის კართან. დროის მცირე მონაკვეთში მეკარე ქვილითაიამ ჯერ შალიკაშვილს არ გაატანინა, შემდეგ კი გორგიაშვილსას და გაბედავას აჯობა, თუმცა, ის მაინც უძლური აღმოჩნდა 67-ე წუთზე. შეტევა კვირკველიამ წამოიწყო, მის ჩაწოდებას “ჩიხურას” საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ საჯარიმოს ხაზთან მყოფმა გორგიაშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0.
მასპინძლების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ათიოდე წუთში შეცვლაზე შემუსულა სიხარულიამ თანაგუნდელ მუმლაძეს კარგი გადაცემა დაუფასა და სტატუს-კვო აღადგინა.
უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში გატანილი ოთხი გოლიდან სამი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. გოლის გაშვებიდან ერთი წუთი იყო გასული, როცა ილია კერძევაძემ თავური დარტყმით ისევ დააწინაურა თავისი გუნდი – 2:1. მართალია გეწაძის მიერ შესრულებული კუთხური შესანიშნავი იყო, მაგრამ თავის მხრივ კერძევაძემ დასწრებაზე აჯობა ყველას. კერძევაძის კარგი თამაში ამით არ დამთავრებულა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მატჩის 83-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. გოლი კი საკმაოდ ლამაზი გამოუვიდათ სამტრედიელებს - ბოლო წუთებში მთელი გუნდით შეტევაში გადასულ სტუმრებს კონტრიერიში გამოეპარათ, გეწაძემ დოლიძე მოძებნა ფლანგზე, დოლიძემ კი საჯარიმოში კერძევაძეს გაუკეთა გამოზომილი პასი – 3:1.
მსაჯიმ მიერ დამატებულ წუთები იყო, როცა დავით ოდიკაძემ ორი მეურვე კარგად ჩამოიტოვა და საჯარიმოში შევიდა, მაგრამ საბოლოოდ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა, რასაც მთავარი მსაჯის გიორგი ვადაჭკორიას საფინალო სატვენის ხმა მოჰყვა.
“სამტრედია” 24 ქულით მესამე ადგილზეა, მშობლიური კლუბის მატჩს კი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ესწრებოდა.
ზაზა ზამთარაძე: “თასის თამაშის შემდეგ გუნდს აშკარად ეტყობა პროგრესი. მეორე ტაიმი განსაკუთრებით მოტივირებულები ვიყავით, ვიბრძოლეთ და შედეგიც დამაკმაყოფილებელია. “ჩიხურას” წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო ფრუიძე: “ჩვენმა გუნდმა ცუდად ითამაშა და ამიტომაც დავისაჯეთ. პირველ ტაიმში არაგვიშავდა, მეორეში “სამტრედიამ” აშკარად გვაჯობა, იმიტომ, რომ ჩვენი შეტევითი პოტენციალი არ არის იმ დონეზე, ეს თამაში რომ შემოგვეტრიალებინა.”
“სამტრედია” (სამტრედია) _ “ჩიხურა” (საჩხერე) 3-1 (0-0)
სამტრედია. 30 ნოემბერი. ე. მანჯგალაძე. 2500 მაყურებელი
“სამტრედია”: მუჯრიშვილი, პაჭკორია, შალიკაშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, დოლიძე, (პავლიაშვილი, 88) გეწაძე, გაბედავა (შ.კერძევაძე, 74), ლეონარდო (ი.კერძევაძე, 77).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
“ჩიხურა”: ქვილითაია, ღონღაძე, ბაჯელიძე, (სიხარულია, 72), ჭელიძე, ქიმაძე, მუმლაძე, კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები: გორგიაშვილი (67), სიხარულია (78), ი. კერძევაძე (79), ი. კერძევაძე (83)
გაფრთხილება: დობროვოლსკი (61), დათუნაიშვილი (71), ღონღაძე (71)
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია
1. | დინამო (თბილისი) | 14 | 9 | 2 | 3 | 26:12 | 29 | |
2. | დილა | 14 | 8 | 3 | 3 | 20:11 | 27 | |
3. | სამტრედია | 14 | 7 | 3 | 4 | 17:11 | 24 | |
4. | სპარტაკი | 14 | 7 | 3 | 4 | 14:19 | 24 | |
5. | დინამო (ბათუმი) | 14 | 7 | 2 | 5 | 17:14 | 23 | |
6. | მეტალურგი | 14 | 5 | 5 | 4 | 18:15 | 20 | |
7. | მერანი | 14 | 5 | 4 | 5 | 11:10 | 19 | |
8. | ჩიხურა | 14 | 5 | 4 | 5 | 16:17 | 19 | |
9. | ზესტაფონი | 14 | 4 | 6 | 4 | 29:22 | 18 | |
10. | გურია | 14 | 4 | 6 | 4 | 16:23 | 18 | |
11. | შუქურა | 14 | 4 | 5 | 5 | 14:17 | 17 | |
12. | ტორპედო | 14 | 3 | 7 | 4 | 17:17 | 16 | |
13. | კოლხეთი | 14 | 3 | 5 | 6 | 11:16 | 14 | |
14. | სიონი | 14 | 3 | 4 | 7 | 12:19 | 13 | |
15. | ვიტ ჯორჯია | 14 | 3 | 2 | 9 | 12:18 | 11 | |
16. | ზუგდიდი | 14 | 2 | 5 | 7 | 8:17 | 11 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.