ფეხბურთი

20:28 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერობისთვის ბრძოლა გამწვავდა

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი თბილისის “დინამო” შინ ლანჩხუთის “გურიასთან” დამარცხდა – 1:2. როგორც ტურის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, ყოფილი დინამოელის, კობა შალამბერიძის გოლმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თბილისურ კლუბს რეალური კონკურენტი გაუჩინა – გორის “დილა”.

“დინამოს” ჩავარდნამ, რაც ბათუმის “დინამოსთან” საშინაო მარცხსაც გულისხმობს, ჩემპიონატი უფრო დაძაბული და საინტერესო გახადა.

“დინამოს” ერთ-ერთი დადებითი მხარე – ფიზიკური მომზადება, ვერ აღმოჩნდა გამარჯვების მომტანი. “გურიამ” მეორე ტაიმში გოლი არ გაუშვა, გამძლეობამ კი სტუმართა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. სტუმრებმა ამ მხრივ ტოლი არ დაუდეს მეტოქეს.

მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლები ალბათ დღეს გავიდა. აღსანიშნავია ლაშა შერგელაშვილის ულამაზესი გოლი. ცაცია მცველმა ფლანგიდან პირდაპირ კარისკენ დაარტყა და ლამაზი და რბილი დარტყმით შეაგდო.

შერგელაშვილის გოლამდე იყო კობა შალამბერიძის საგოლე პასი, რასაც კოშკაძის გოლი მოჰყვა. “გურიამ” კონტრშეტევა კარგად გამოიყენა, ხოლო “დინამოს” დაცვა აშკარად ჩავარდა. ყოფილმა დინამოელმა გოლი არ აღნიშნა. კოშკაძის დარტყმას რამდენიმე წუთში შერგელაშვილის პასუხი მოჰყვა. ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

გურულთა მეორე გოლისას კვლავ შალამბერიძემ იაქტიურა, საგოლე პასს გოლი მიაყოლა და ტურის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. გადამწყვეტი გოლისას შალამბერიძე რამდენიმე მეტოქეს გაცდა, ბურთი კარგად წაიღო დასაჯარიმოსთან ახლოს მისულმა დაარტყა. სტადიონზე შეკრებილმა სტუმართა მცირერიცხოვანმა გულშემატკივრებმა გამარჯვების ყიჟინა დასცეს.

მეორე ტაიმში ფლანგზე რამდენიმე კარგი გარღვევა შეასრულა ოთარ კაკაბაძემ. ქართულ ფეხბურთში შეტევაში კარგად მოთამაშე მცველების დეფიციტია, 19 წლის ოთარმა კი ეს ფუნქციები დღეს კარგად შეასრულა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ართმევაზე თამაშისას ჰქონდა ერთი-ორი შეცდომას.

სათანადო ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება ზურაბ ხიზანიშვილს. ის საკმაოდ ნელა მოძრაობს, უთამაშებლობა კი აშკარად დაღს ასვამს მის თამაშს.

“დინამოდან” გამოსარჩევია საბა ლობჟანიძე, რომელსაც სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე შეტევის გამწვავება კარგად გამოსდის, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

"დინამოს" სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა უკრაინიდან დაბრუნებული ლაშა თოთაძე. 26 წლის მცველი ხარკოვის “მეტალისტის” მწვრთნელებისთვის ცდილობდა თავის მოწონებას. გადავა თუ არა თოთაძე სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ერთ საუკეთესო უკრაინულ კლუბში, სხვა თემაა, მაგრამ შუა სეზონში სასტარტო შემადგენლობის მოთამაშის სინჯებზე გაშვება, საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილებაა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა ისაუბრეს.

თემურ ლორია, გურია: გადავწყვიტეთ, ბურთი მეტოქისთვის დაგვეთმო, რისთვისაც მატჩამდე მზად ვიყავით. საბოლოოდ არჩეულმა ვარიანტმა წარმატება მოგვიტანა. მადლობა ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს

კახი გოგიჩაიშვილი, დინამო: ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბოლო დროს მიჯრით ჩატარებული მატჩების შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოვახერხეთ, რამაც ჩვენზე საზიანოდ იმოქმედა. იმედი მაქვს, მორიგ ტურში, საჩხერეში წარმატებას მივაღწევთ.

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 1:2 (1:1)

თბილისი, “დინამო არენა.”

დინამო: მიგინეიშვილი, ხიზანიშვილი, გველესიანი, კაკაბაძე, შერგელაშვილი, პარუნაშვილი (ძარია 46), ცინცაძე, პაპუნაშვილი, პაპავა (ჩისკო 53), ლობჟანიძე (ჯანელიძე 72), ჩირგაძე

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

გურია: ზუხბაია, მეგრელიშვილი, ხარაბაძე, ჭეიშვილი, კოშკაძე, შალამბერიძე (ინგოროყვა 82 ), მიქაბერიძე (წილოსანი 90+6), ჯოჯუა, გაბრიჩიძე, კილაძე, ლომია (კვერენჩხილაძე 90)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია

გოლები: 0:1 კოშკაძე (42), 1:1 შერგელაშვილი (45), 1:2 შალამბერიძე (47)

მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა

გაფრთხილება: მეგრელიშვილი (73), გაბრიჩიძე (50), პაპუნაშვილი (85), ლომია (89), ჭეიშვილი (90+2), ჯანელიძე (90+3), პაპუნაშვილი (მატჩის შემდგომ, 90+6)

გაძევება: პაპუნაშვილი (მატჩის შემდგომ, 90+6)

1. დინამო (თბილისი) 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. სპარტაკი 14 7 3 4 14:19 24
5. დინამო (ბათუმი) 14 7 2 5 17:14 23
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. გურია 14 4 6 4 16:23 18
11. შუქურა 14 4 5 5 14:17 17
12. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
13. კოლხეთი 14 3 5 6 11:16 14
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.213809