მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, ვიპლოჟაში მყოფმა “სპარტაკის” პრეზიდენტმა მურთაზ შელიამ, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია “ქართული ოცნებიდან”, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების მოვალეობის შემსრულებელს უსაყვედურა: “უთხარი რამე სილაგავას, “ტექნიკურად” რომ მსაჯობს, თორემ მე ვეტყვიო”. ლევან ფანიაშვილმა განუმარტა, რომ “მეტალურგი” –“სპარტაკის” შეხვედრაზე მსაჯთა დამკვირვებელი არ იყო და სტადიონზე უეფადან ჩამოსულ სტუმართან ერთად იმყოფებოდა.
ვერ გეტყვით, სილაგავას ვინ რა უთხრა, მაგრამ ფაქტია, რომ ძირითადი დროის დასრულებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, მისმა და გვერდითი მსაჯის, ლევან თოდრიას ქმედებამ, წყალი აშკარად ცხინვალელთა წისქვილზე დაასხა.
“მეტალურგის” ხელმძღვანელობის მხრიდან რუსთავური კლუბის მომსახურე პერსონალისა და სტადიონის თანამშრომელთა მიმართ არსებული დავალიანების გამო, განვლილი მატჩი შესაძლოა საერთოდ არ შემდგარიყო. თუმცა, რამდენიმე თვის განმავლობაში უხელფასოდ მყოფმა ხალხმა ანგარიში გაუწია ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშის წინა დღეს შეკრებაზე ყოფნისას კვების ფულს თავისი ჯიბიდან დებენ.
ასეთ პირობებში ყოფნის მიუხედავად, “მეტალურგი” არავის ეპუება და პირველ წრეში რუსთავიდან სამი ქულა ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებიდან არავის წაუღია. გამონაკლისი არც “სპარტაკი” აღმოჩნდა.
მასპინძლებმა ანგარიში დებიუტში გახსნეს, როდესაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, გიორგი ჯოხაძემ ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, საიდანაც დაჩი ცნობილაძემ თავური დარტყმით გაიტანა - 1:0. მიმდინარე სეზონში, ეს რუსთაველთა 20 წლის მცველის მეხუთე გოლია და ყველა შემთხვევაში მან მეტოქეთა კარი “სტანდარტულების” მერე აიღო.
“სპარტაკს” გათანაბრების შანსი მალევე ჰქონდა, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ გასული გიორგი ივანიშვილის მიერ დარტყმული ბურთი “მეტალურგის” მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში, გიორგი კილასონიამ სახიფათოდ დაარტყა და გიორგი ნადირაძემ ხიფათი გაანეიტრალა.
სწრაფი გოლის გაშვებამ სტუმართა მცველები დააბნია და უწყინარ ეპიზოდში თავის ნახევარზე მყოფმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა ბურთი კახა კაკაშვილს “ჩააბარა”, რომელმაც შორი მანძილიდან ერთი შეხებით გატანა სცადა, მაგრამ მიზანს ააცილა. ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ივანიშვილმა მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს წელი დაიზიანა და ის ირაკლი ლექვთაძემ შეცვალა.
შესვენებამდე “სპარტაკმა” ორჯერ შეუტია – ჯერ ლაშა შინდაგორიძე მარცხენა ფლანგზე სამ რუსთაველს გასცდა და ბურთი კარს ააცილა, ხოლო შემდეგ სტუმრებმა “სტანდარტული” შეასრულეს და ნიკა კაჭარავას თავურს ბედიაშვილისთვის პრობლემა არ შეუქმნია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში, გიორგი ქავთარაძემ მარცხენა ფრთაზე გვერდი ორ სპარტაკელს აუარა და საჯარიმოში არშესულმა დაარტყა – ნადირაძემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. 62-ე წუთზე მასპინძელთა მარჯვენა მცველი ლაშა მჭედლიშვილი შინდაგორიძესთან შეჯახებისას დაშავდა და ცხინვალელებმა ბურთის მოედნის ფარგლებს გარეთ დაგვიანებით გადააგდეს. ამ ფაქტმა მასპინძელი ფეხბურთელები აღაშფოთა და სტუმრებთან შელაპარაკდნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
76-ე წუთზე, ბიძინა მახარობლიძე კილასონიას ფეხებში უხეშად ჩაუვარდა და მომხდარის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის აყალ-მაყალი ატყდა. საბოლოოდ, ვითარება განიმუხტა და სილაგავამ იმის მაგივრად, რომ მახარობლიძისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიეცა და გაეძევებინა, გააფრთხილა ნადირაძე, რომელსაც ბევრი არაფერი დაუშავებია. მეტიც, მსაჯმა ჯარიმა “სპარტაკის” სასარგებლოდ დანიშნა. ამას მსაჯთა დამკვირვებელი მერაბ მალაღურაძე გამოეხმაურა, რომელიც ტრიბუნიდან მოედნის მესერთან მივიდა და თოდრიას არასწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითა.
“სტანდარტულიდან” სპარტაკელები ბურთი “მეტალურგის” საჯარიმო ჩაჰკიდეს და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მსაჯმა ბედიაშვილთან მარტო დარჩენილ ლექვთაძეზე, მასპინძელი მეკარის მხრიდან წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. კაჭარავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა – 1:1. მსაჯების საქციელმა ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივრები აღაშფოთა და მათ არბიტრებს “ქოქოლა დააყარეს”.
86-ე წუთზე, კილასონიამ მარცხნიდან კუთხური მოაწოდა და ირაკლი სიხარულიძემ თავით ვერ გაიტანა. მატჩის ბოლო წუთზე, ხელსაყრელი პოზიციიდან ცნობილაძემ საჯარიმო შეასრულა და ნადირაძემ ბურთი ხელებში შეიმაგრა.
ვარლამ კილასონია: “თამაში საინტერესო და დაძაბული არმოჩნდა. ორივე გუნდი მაქსიმუმს აჩვენებდა. ამ ყველაფერს კარგი მსაჯობაც მოუხდებოდა. მსაჯებზე არასოდეს არაფერი გვითქვამს, მაგრამ ჩვენს კარში პენალტი მეათედ დაინიშნა და შეგვეძლო ნახევარ მათგანზე მაინც გვედავა. ყველაზე უპატრონო გუნდი რომ ვართ, ალბათ, ასე ამიტომ გვექცევიან”.
მეტალურგი (რუსთავი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (1:0)
30 ნოემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.
მეტალურგი: ბედიაშვილი (კ), ნარიმანიძე, გიორგი ვარლამის ძე კილასონია, ლაშა მჭედლიშვილი, კოტე ხიზანეიშვილი, დაჩი ცნობილაძე ქავთარაძე, ჯოხაძე (ვასაძე, 69), დავით გელაშვილი (სიხარულიძე, 57), კაკაშვილი, კიტეიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
სპარტაკი: ნადირაძე (კ), ივანიშვილი (ლექვთაძე, 34), შინდაგორიძე, მახარობლიძე, გიგაური, იოსელიანი, ცერცვაძე, ქემოკლიძე, თექთურმანიძე (ქოჩლაძე, 90+1), კაჭკაჭიშვილი, ნიკა კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
გოლები: 1:0 ცნობილაძე (2), 1:1 ნიკა კაჭარავა (80).
გაფრთხილებები: კაჭკაჭიშვილი (43), ცერცვაძე (59), მახარობლიძე (68), ნადირაძე (78), გიორგი კილასონია (78).
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა.
1. | დინამო (თბილისი) | 14 | 9 | 2 | 3 | 26:12 | 29 | |
2. | დილა | 14 | 8 | 3 | 3 | 20:11 | 27 | |
3. | სამტრედია | 14 | 7 | 3 | 4 | 17:11 | 24 | |
4. | სპარტაკი | 14 | 7 | 3 | 4 | 14:19 | 24 | |
5. | დინამო (ბათუმი) | 14 | 7 | 2 | 5 | 17:14 | 23 | |
6. | მეტალურგი | 14 | 5 | 5 | 4 | 18:15 | 20 | |
7. | მერანი | 14 | 5 | 4 | 5 | 11:10 | 19 | |
8. | ჩიხურა | 14 | 5 | 4 | 5 | 16:17 | 19 | |
9. | ზესტაფონი | 14 | 4 | 6 | 4 | 29:22 | 18 | |
10. | გურია | 14 | 4 | 6 | 4 | 16:23 | 18 | |
11. | შუქურა | 14 | 4 | 5 | 5 | 14:17 | 17 | |
12. | ტორპედო | 14 | 3 | 7 | 4 | 17:17 | 16 | |
13. | კოლხეთი | 14 | 3 | 5 | 6 | 11:16 | 14 | |
14. | სიონი | 14 | 3 | 4 | 7 | 12:19 | 13 | |
15. | ვიტ ჯორჯია | 14 | 3 | 2 | 9 | 12:18 | 11 | |
16. | ზუგდიდი | 14 | 2 | 5 | 7 | 8:17 | 11 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.