ფეხბურთი

10:31 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “დიეგო კოშტას არყოფნა არ დაგვეტყობა”

ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მთავარი ბომბარდირის, დიეგო კოშტას დისკვალიფიკაცია გუნდის თამაშზე არ აისახება.

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერმა მე-13 ტურში “სანდერლენდთან” ქულები დაკარგა (0:0), ხოლო ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რომელმაც ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავს, ყვითელი ბარათი მიიღო. 26 წლის ფეხბურთელს, რომლის ანგარიშზეც პრემიერლიგის 11 მატჩში 11 გოლია, ჯამში 5 ყვითელი ბარათი მოუგროვდა და დისკვალიფიკაციის გამო 3 დეკემბერს “ტოტენჰემთან” ლონდონურ დერბის გამოტოვებს.

“ტიტენჰემის” წინააღმდეგ დროგბა და რემი გვეყოლება. ჩვენ არ შეგვიძლია ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გამო წუწუნის დაწყება. დიეგო დაისვენებს და “ნიუკასლთან” სათამაშოდ მზად იქნება. მის დისკვალიფიკაციაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ” - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

გარდა ამისა, მოურინიომ “სანდერლენდთან” მატჩიც შეაფასა და მეტოქე დაცვაში საიმედო თამაშისთვის შეაქო.

“ძალიან ბევრი აკრიტიკებს გუნდებს, რომლებიც დაცვით სტილს ირჩევენ, მაგრამ მე მათ რიცხვს არ განვეკუთვნები. დაცვაში თამაში მაქსიმალურ ორგანიზაციას მოითხოვს. დღეს შეუსვენებლივ ვეძებდით შესაძლებლობებს და გახსნილ ზონებს, მაგრამ მოწინააღმდეგემ მინიმალური შანსიც კი არ დაგვიტოვა. მეტოქე თავდაჯერებული მოქმედებდა და მინდა მათ უგოლო ფრე მივულოცო” - გადმოგვცემს მწვრთნელის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.

0.110962