ბათუმსა და ქუთაისში გუშინ დაწყებული საქართველოს თასის მეოთხედფინალები დღეს თბილისში გაგრძელდა. “მგზავრები-არმია”-“რუსთავის” აგრეთვე “დინამო”-“ოლიმპის” წყვილებში ფავორიტებად სუპერლიგის ლიდერები რუსთაველები და დინამოელები ითვლებოდნენ, თუმცა, თასს თავისი ლოგიკა (უფრო სწორად არალოგიკური ხასიათი) აქვს, რაც საკალათბურთო აკადემიაში ჩატარებულმა მეორე მატჩმა დაადასტურა.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “დინამოს” ტრავმის გამო წამყვანი მოთამაშე, პლეიმეიკერი ლაშა გამყრელიძე აკლდა. ამის გამო ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ჩვეული კომბინაციური თამაში ვერ აჩვენა მაყურებელს. გამყრელიძე მიმდინარე სუპერლიგაში შედეგიანი პასების მხრივ ლიდერია და სწორედ ზუსტი, გამიზნული გადაცემების ნაკლებობა იგრძნობოდა დინამოელთა დღევანდელ ასპარეზობაში. ლაშას გამოკლებით, მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა, უპირველესად გამოცდილებით, “ოლიმპისას” მაინც სჯობს, თუმცა, გია კაზანჯიანის შეგირდები არც ამჯერად აპირებდნენ დანებებას და ბოლომდე გამარჯვებისთვის იბრძოლეს.
მატჩი დაძაბული, მაყურებლისთვის თვალსასეირო გამოდგა. ოლიმპელებმა სხვა წლევანდელი მატჩების მსგავსად მონდომებით, აზარტულად ითამაშეს და მოგებულის ვინაობა მხოლოდ პაექრობის ბოლო წამებზე გაირკვა. მატჩისთვის განკუთვნილი მთელი 40 წუთის განმავლობაში თამაში პრაქტიკულად ქულა ქულაში მიმდინარეობდა. საწყისი 3 პერიოდის განმავლობაში “დინამოსა” და “ოლიმპის” საქულე უპირატესობა 4-ს არ აღემატებოდა. მაქსიმალური სხვაობა კი მეოთხე მეოთხედში გამოისახა ტაბლოზე, როდესაც ჯერ კაზანჯიანის გუნდი გავიდა წინ 6 ქულით, შემდეგ ხოშტარიას შეგირდები გაიჭრნენ წინ ამავე უპირატესობით. მთლიანობაში მატჩის მსვლელობისას ”დინამო” ანგარიშში დაწინაურებული 18 წუთის განმავლობაში იყო, ”ოლიმპი” კი 16 წუთი და 30 წამი იყო წინ.
საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე “ოლიმპი” 58:52 დაწინაურდა და პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირების მოგების განაცხადიც გააკეთა, მაგრამ დინამოელთა გამოცდილებამ და ოსტატობამ თავისი გაიტანა. მეოთხე პერიოდის დასრულებამდე წუთით ადრე წინ უკვე ჩემპიონი იყო – 64:58. 12:0 გაქცევაში დიდი როლი ბესიკ ლეჟავამ და განსაკუთრებით ილია ლონდარიძემ შეასრულა. საბოლოოდ “დინამომ” 65:60 იმარჯვა და მის რიგებში საუკეთესონი სწორედ ჩვენ მიერ ნახსენები კალათბურთელები იყვნენ. ლეჟავას აქტივში 19 ქულაა, ლონდარიძემ კი 21 ქულითა და 8 მოხსნით მნიშვნელოვანი წილი დაიდო თავისი გუნდის დღევანდელ წარმატებაში. “ოლიმპის” შემადგენლობაში ქულები თითქმის თანაბრად განაწილდა. ირაკლი ალხანაიძემ 10 ქულა ჩააგდო, შვიდმა მოთამაშემ კი 5 და მეტი ქულა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ საკალათბურთო აკადემია “ოლიმპის” საშინაო არენაა. გუნდი სწორედ ამ პარკეტზე ვარჯიშობს და ემზადება მატჩებისთვის, დღეს კი ნომინალური მასპინძლის როლში “დინამო” იყო.
მატჩისშემდგომ “დინამოსა” და “ოლიმპის” დამრიგებლებმა შემდეგი განაცხადეს.
ირაკლი ხოშტარია (,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): გვაკლდა ლაშა გამყრელიძე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დანაკლისის მიუხედავად, მოთამაშეებმა ჩემი დავალება უნდა შეასრულონ. ,,ოლიმპის’’ წინააღმდეგ გამოსვლისას გადამწყვეტი ცალკეულ კალათბურთელთა ინდივიდუალიზმია. თუ ამ ასპექტით ვერ ვივარგეთ, მოგება ურთულესი საქმეა. გავაანალიზებთ შეცდომებს და მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის. ერთი კვირის შემდეგ გამყრელიძე დაგვიბრუნდება.
გია კაზანჯიანი (,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მოსაბეზრებელია ასეთი წაგებები. კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ბოლოსკენ კონცენტრაციას ვკარგავთ და ვაგებთ. მეტოქეს გამყრელიძე არ ჰყავდა და სამწუხაროა, ეს შანსი რომ ვერ გამოვიყენეთ.
”მგზავრები-არმიასა” და „რუსთავის” მატჩში წინ სულ ქვემოქართლელები იყვნენ, მასპინძლებმა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს მინუს ორქულიანი სხვაობის დაფიქსირება (მეორედ მესამე პერიოდის დასაწყისში), რის შემდეგაც მიხეილ ბერუაშვილის გუნდი კვლავ ზრდიდა თავის უპირატესობას და საბოლოოდ სოლიდური ანგარიშითაც მოიგო – 91:63.
ბუბა ბერიშვილი (,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): ბიჭებმა ჩემი დავალება მხოლოდ პირველ ტაიმში შეასრულეს. მესამე პერიოდში მიჯრით 8 შეტევა ვერ გამოვიყენეთ და დაცვაშიც ვერ ვივარგეთ”.
მიხეილ ბერუაშვილი (,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ასეთი სხვაობით გამარჯვება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს. საპასუხო შეხვედრის მოგებასაც ვეცდებით”.
“მგზავრები-არმია” – “რუსთავი” 63:91 (22:30, 15:14, 11:19, 15:28)
“დინამო” – “ოლიმპი” 65:60 (17:15, 14:17, 13:14, 21:14)
საქართველოს თასის საპასუხო მეოთხედფინალები 5-6 დეკემბერს ჩატარდება. 5 დეკემბერს რუსთავში მასპინძლები “მგზავრები-არმიას” შეხვდებიან, 6-ში თბილისის საკალათბურთო აკადემიის დარბაზში “სოხუმი” “ბათუმს” შეხვდება, “შსს აკადემია” “ქუთაისს”, “ოლიმპი” კი “დინამოს”.