ფეხბურთი

17:40 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მეტალურგის" დირექტორი: "სპარტაკთან" მატჩი აუცილებლად ჩატარდება"

რუსთავის "მეტალურგის" დირექტორმა კახა მენთეშაშვილმა "მსოფლიო სპორტთან" საუბრისას განაცხადა, რომ 30 ნოემბერს გუნდი ცხინვალის "სპარტაკის" წინააღმდეგ შეხვედრას აუცილებლად გამართავს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირას საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩი "მეტალურგსა" და "სპარტაკს" შორის შესაძლოა ჩაშლილიყო.

კახა მენთეშაშვილმა "მსოფლიო სპორტთან" კლუბის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"სამი თვის ხელფასები ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელზე უკვე დავარიგეთ. მოგეხსენებათ, კლუბს ფეხბურთის ფედერაციამ 200 000 ლარი დაურიცხა, აქედან ჩვენ 178 500 ლარი მივიღეთ. 20 000 ლარი სახელმწიფომ დაქვითა, ხოლო დანარჩენი თანხა ჯარიმის სახით დაგვექვითა. ორშაბათ და სამშაბათს ნოემბრის თვის ხელფასებსაც დავარიგებთ. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ფედერაციიდან მიღებული თანხით ხელფასი უნდა დავარიგოთ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე, სხვა პერსონალი არ შედის. აქედან არ ვარღვევ ამ ხელშეკრულებას, რადგან ხელი მაქვს მოწერილი."

- თუ სტადიონის პერსონალი, ის ვინ ემსახურება მატჩის ორგანიზებას, წინააღმდეგი იქნება, როგორ გაიმართება შეხვედრა?

- ვესაუბრე ყველას და შეხვედრაც აუცილებლად გაიმართება. ჩვენი მთავარი პრობლემა სპონსორის საკითხია. კი გვყავს პოტენციური დამფინანსებელი, მაგრამ ფულს ვერ დებს, რადგან კლუბს 8 მილიონი ლარი აქვს დავალიანება. ამიტომაც ვერ მომყავს სპონსორი. ამავდროულად, მინდა რუსთავის მერიასაც გადავცეთ კლუბის წილი ან მთლიანად. მაგრამ ესეც ვერ მოხერხდება, რადგან მერია საკუთარ თავზე ვალს ვერ აიღებს და ესეც გარკვეულწილად დანაშაულია. აი ასეთ დღეში ვართ და ვიმედოვნებ, ყველას მხარდაჭერით არსებულ ვალებს ამოვწურავთ.

"მეტალურგი" - "სპარტაკის" შეხვედრა 30 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება და რუსთავის სტადიონზე არსებულ სიტუაციას "მსოფლიო სპორტი" აუცილებლად გამცნობთ.

0.115061