სან სებასტიანის "სოსიედადის" მთავარმა მწვრთნელმა დავიდ მოიესმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში პირველი თამაში მოიგო. საშინაო შეხვედრაში სან სებასტიანელებმა "ელჩე" დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
მატჩის შემდეგ შოტლანდიელი სპეციალისტი ჟურნალისტებთან გახარებული წარსდგა. მოიესი საშინაო დებიუტით კმაყოფილი იყო, თუმცა მან ესპანელი მსაჯები გააკრიტიკა.
"მოხარული ვარ, რომ ჩემი საშინაო დებიუტი გულშემატკივრების წინაშე წარმატებით დასრულდა. ფეხბურთელები დაცვაში დიდებულად გაისარჯნენ და თავდასხმაში ეფექტურები გახლდნენ. მაგრამ მსაჯობა არ მომეწონა. ესპანეთში უკვე ორი თამაში ჩავატარე და შემიძლია შევადარო პრიმერადივიზიონის და პრემიერლიგის მსაჯობა. აქ ბრძოლის ნაკლებობაა. ჩემ ფეხბურთელებს მოვუწოდებდი აგრესიულები ყოფილიყვნენ და ვფიქრობ მსაჯმა ბევრჯერ არამართებულად დაგვაჯარიმა." - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
პრიმერადივიზიონში ესპანელი მსაჯების მიმართ კრიტიკული ლონდონის "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადასული ტიერი ანრიც გახლდათ. ფრანგი აღნიშნავდა, რომ ნებისმიერ ხისტ ორთაბრძოლას, პრემიერლიგისგან განსხვავებით, ლა ლიგის მსაჯები ჯარიმად თვლიან.