რაგბი

0:29 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეორე წრე იწყება

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე ხვალ, სამი თამაშით განახლდება, დამარჩენი ორი მატჩი კი, კვირას გაიმართება.

სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც გამოკვეთილია ლიდერი და აუტსაიდერი, ხოლო დანარჩენი რვა გუნდი მჭიდროდაა განლაგებული, ყველა შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. X ტური რუსთავში, 14 საათზე “ხარებისა” და “ლოკომოტივის” მატჩით გაიხსნება. ორივე გუნდს რთული პერიოდი უდგას და მასპინძელბმა ბოლო ორი, ხოლო სტუმრებმა სამი თამაში წააგეს. “ხარებმა” მეორე ადგილის შეანრჩუნება მაინც მოახერხა, მაგრამ “ლოკომოტივი” მე-8 საფეხურამდე დაეშვა. მომავალ თამაშში გამოჩნდება რომელი გუნდი შეძლებს წარუმატებელი სერიის შეწყვეტას. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში “ხარებმა” და “ლოკომოტივმა” ერთმანეთს ოთხ-ოთხი ლელო გაუტანეს, მაგრამ რუსთაბელებმა გარდასახვები უკეთ შეასრულეს და 26:22 იმარჯვეს.

შაბათის კიდევ ორი მატჩი ერთი საათით გვიან, 15 საათზე იწყება. “შევარდენზე” თბილისის “ჯიქები” (მე-5 ადგილი) სატურნირო ცხრილის მეზობელ ქუთაისის “აიას” (მე-6 ადგილი) მასპინძლობს. პირველ ტურში ქუთაისში, “აიას” ახალი სტადიონის გახსნაზე ქუთაისელებმა ორი ლელო გაიტანეს და საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახეს, მაგრამ ბევრჯერ რომ დაჯარიმდნენ და ერთი არეკნიც მიიღეს 15:18 დამარცხდნენ. ბუნებრივია, ახლა მათ რევანში სწყურიათ, თანაც უშუალო კონკურენტთან ქულების აღება საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრადაც უმნიშვნელოვანესია.

“ავჭალაზე” მოქმედი ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” აუტსაიდერ “თიბიეს-უნივერსიტეტს” ეთამაშება, რომელმაც განვლილ 9 ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა და 3 პრემიალური ქულის ამარაა. მაინცდამაინც კარგი პერიოდი არც “ლელოს” ჰქონდა, თუმცა, გუნდმა 24 ქულის აღება მაინც მოახერხა და “ხარებთან” მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. პირველ ტურში დებიუტანტი ჩემპიონს მაგრად ეომა და დიდხანს ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა და 19:24 დამარცხდა.

კვირას, ნოემბრის ბოლო დღეს “ბათუმი” ანგისაზე “არმიას” ეთამაშება. ზღვისპირელები ბოლო დროს კარგად შეიკვრნენ, ბოლო სამი თამაშია აღარ დამარცხებულან (2 მოგება და 1 ფრე), ხოლო 7 თამაშში მოედანი უქულოდ არ დაუტოვებიათ და არმიელებს იოლი გასეირნება არ ექნებათ. თავის მხრივ, არც “არმიაა” იოლად დასაძლევი გუნდი. ის მძლავრი შერკინების ხაზით გამოირჩევა. გუნდებს შორის სხვაობა სულ 2 ქულაა, პირველ წრეში ორი ახალი გუნდის დაპირისპირება “არმიას” გამარჯვებით დასრულდა (25:15), მაგრამ ახლა წინ “ბათუმია” და რადგან საკუთარ მოედანზე თამაშობს, ფავორიტადაც ის მიიჩნევა.

ტურის ბოლო მატჩი “ავჭალაზე” 30 ნოემბერს, 15 საათზე დაიწყება. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი “არმაზი” ლიდერ ბოლნისის “ყოჩებს” მასპინძლობს, რომელიც ახალ წელს ნებისმიერ შემთხვევაში პირველ ადგილზე შეხვდება. გასათვალისწინებელია, რომ თბილისელებს ორი თამაში აქვთ გადადებული და პოტენციურად მეოთხე ადგილამდე შეუძლიათ აღზევება. გამოტოვებულ მატჩებამდე კიდევ ორი ტურია და “არმაზს” ბოლომდე მოუწევს ბრძოლა. პირველ წრეში “ყოჩებმა” 27:16 იმარჯვა, მაგრამ მეტოქემ ბოლომდე რომ იბრძოლა და დასკვნით 5 წუთში 2 ლელო გაიტანა, ბოლნისელებს პრემიალური ქულა არ გაატანა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

X ტური

29 ნოემბერი

რუსთავი. ახალი. 14:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) – ლელო-სარასენსი (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი

ჯიქები (თბილისი) - აია (ქუთაისი)

30 ნოემბერი

ბათუმი. ანგისა. 14:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - არმია (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

  1. ყოჩები 9 8 1 0 217-116 36
  2. ხარები 9 5 1 3 168-138 24
  3. ლელო სარ. 9 5 2 2 150-138 24
  4. ბათუმი 9 4 1 4 179-168 21
  5. ჯიქები 8 4 1 3 118-110 20
  6. აია 9 4 0 5 139-143 19
  7. არმია 9 4 0 5 129-161 19
  8. ლოკომოტივი 8 3 0 5 117-131 16
  9. არმაზი 7 3 0 4 120-126 14
  10. თიბიეს უნივ. 9 0 0 9 125-231 3

0.134535