„ტორო როსოც“ დაკომპლექტდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იტალიური გუნდი მეორე პილოტად კარლოს საინს უმცროსს აირჩევდა, რადგან „რედ ბულის“ ფარმ გუნდმა ჟან-ერიკ ვერნს კარისკენ ოფიციალურად მიუთითა. დღეს კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჰოლანდიელ თინეიჯერ მაქს ფერსტაპენთან ერთად, მომავალ სეზონში გუნდის ბოლიდით კიდევ ერთი თინეიჯერი - ესპანელი საინსი იასპარეზებს.
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, კარლოს საინსის შვილმა, ამ სეზონში ფორმულა რენო 3.5-ის ტიტული მოიპოვა. ის 2012 წლიდან „რედ ბულის“ ახალგაზრდული პროგრამის წევრია და მას ფ1-ში გადასვლას შარშანვე უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მაშინ „ტორო როსომ“ რუსი დანილ კვიატი არჩია, რომელიც მომავალ სეზონში უკვე უფროსი „რედ ბულის“ მანქანით იასპარეზებს. მაშინ საინსებს არც უაქტიურიათ - პატარა კარლოსმა მისი ასაკისთვის გასაკვირი სიმშვიდე გამოავლინა და განაცხადა, რომ ფ1-ში ნაადრევად დებიუტს, ფორმულა რენო 3.5-ში გამოცდილების დაგროვება ურჩევნია.
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა „რედ ბულის“ ახალგაზრდული პროგრამის წევრი გავხდი, ფორმულა ერთში გადასვლა ჩემი მიზანი იყო და მინდა, „რედ ბულს“ მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადა“, - განაცხადა საინსმა, რომელმაც ახლახანს აბუ დაბიში „რედ ბულის“ ტესტებში მიიღო მონაწილეობა. ამის საშუალება მას „რენომ“ მიანიჭა, როგორც ფორმულა რენო 3.5-ის ჩემპიონს.
„შარშან „ტორო როსოსთან“ ერთად ტესტებში მივიღე მონაწილეობა და გუნდში არსებული ატმოსფერო ძალიან მომეწონა. სეზონისთვის მზადებისას თავს არ დავზოგავ იმისათვის, რომ გუნდის იმედები გავამართლო. ძალიან მიხარია, რომ ფ1-ში პირველი ოფიციალური დებიუტი ჩემს ქვეყანაში მექნება“, - დასძენს საინსი.







