ფეხბურთი

10:45 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარსიას წარსული და ახალი კონტრაქტი                  

ესპანურ კლუბ “საბადელის” მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია გახდა. მხარეებმა შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწიეს. “დინამო თბილისის” ყოფილი მწვრთნელის წარდგენისას ცნობილი გახდა, რომ სეგუნდა დივიზიონის მონაწილე კლუბისა და 44 წლის სპეციალისტის თანამშრომლობა 2015 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

29 ნოემბერს “საბადელი” მე-15 ტურის შეხვედრას “ლას-პალმასთან” გამართავს. ამ შეხვედრაში შედგება ახალი მწვრთნელის დებიუტი, ხოლო რამდენიმე საბადელელები “სანჩეს პისხუანს” ესტუმრებიან, სადაც “სევილიასთან” თასის გათამაშების საპასუხო შეხვედრას გამართავენ.

https://www.youtube.com/watch?v=4kE7ddBoxis

ბარსელონა

1970 წელს ალექს გარსია ბარსელონაში დაიბადა. 14 წლის იყო, როცა “ლა მასიის” სკოლაში ჩაირიცხა, ხოლო 1988-1993 წლებში “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში ასზე მეტი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ძირითად გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, მისი ბარსელონური კარიერიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტის გახსნება შეიძლება.

1990-91 წლების ესპანეთის სუპერთასის ფინალის ორივე მატჩი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ სრულად ჩაატარა. თასი “ბარსელონას” დარჩა, ხოლო გარსიამ ამ მატჩების შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოირგო კატალონიური გრანდის მაისური.

იმავე სეზონში, თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, როცა “ბარსამ” კიევის “დინამო” 3:2 დაამარცხა, გარსია ცვლილებაზე მიქაელ ლაუდრუპის ნაცვლად გამოჩნდა. პარალელურად გამოდიოდა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში და ეროვნულის გარდა ყველა ნაკრების მოთამაშე იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ ალექს გარსია “ბარსელონაში” ჟუვენალ ა-ს ავარჯიშებდა, სადაც ლიონელ მესის წვრთნიდა. ჟუვენალ ა-ს შემდეგ კი სატრანფერო საკითხებზე მუშაობდა. ჩილელი ალექს სანჩესის “უდინეზედან” კატალონიურ კლუბში გადასვლაში “დინამოს” ყოფილი მწვრთნელის წვლილიცაა. ესპანური კლუბის ხელმძღვანელები ტრანსფერამდე მოთამაშის პიროვნულ თვისებებსაც სწავლობენ. გარსიას ერთ-ერთი მოვალეობაში ეს საკითხიც შედიოდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერში გარსიამ წვლილი შეიტანა ჩილელი ფეხბურთელი იყო.

“დინამოდან” წასვლის შემდეგ “ბარსელონაში” სკაუტ-ანალიტიკოსის ამპლუაში დაბრუნდა, როცა კლუბს ჯერ ვილანოვა, ხოლო შემდეგ ტატა მარტინო წვრთნიდა. ალექს გარსიას მოვალეობა მეტოქე გუნდების თამაშის გარჩევა, მეტოქეზე დაკვირვება იყო.

დინამო

2004-2005 წლების შემდეგ ალექს გარსიას სახელს უკავშირდება “დინამო თბილისის” ყველაზე წარმატებული ევროსეზონი. ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა სამი გუნდის დამარცხება მოახერხა. მოლდოვური “მილსამი,” უელსური “ლანელი” და ისლანდიური “რეიკიავიკი” თბილისურმა კლუბმა ესპანელის მწვრთნელობისას გამოთიშა ევროპალიგის გათამაშებიდან, ხოლო პლეი ოფის სტადიაზე ათენის აეკ-თან დამატებით დროში წააგო.

წარმატებულ ევროსეზონს წარუმატებელი მატჩები მოჰყვა ეროვნულ ჩემპიონატში. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი “დინამომ” ჭიაბრიშვილის “ზესტაფონთან” იწვნია. ის შეხვედრა 5:1 მოიგეს იმერლებმა და პირველად მაშინ ალაპარაკდნენ გარსიასა და “დინამოს” გზების გაყრაზე.

სეზონის პირველი წრის შემდეგ “დინამო” შეკრებას ესპანეთში გადიოდა, როცა მოსამზადებელი პერიოდის მსვლელობისას ალექს გარსია თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გიორგი დევდარიანი დაინიშნა. დაბალი დონის ჩემპიონატების გუნდებშიც კი ძნელი მოსაძებნია მსგავსი მაგალითი, როცა მოსამზადებლ შეკრებაზე, ამხანაგურ მატჩში დამარცხებული კლუბის მწვრთნელს ხსნიან.

ესპანელმა “დინამოდან” წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში გატარებულ პერიოდს იხსენებდა.

“მადლობა ხალხს, რომელთა მხრიდანაც ვგრძნობდი სიმპათიას, სიყვარულს, მეგობრობას, პატივისცემას და განსაკუთრებით მადლობა “ღედ ჩაფეს”-სა და სასტუმრო “ბომონდის” თანამშრომლებს. მადლობა იმისთვის, რომ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში თავს ვგრძნობდი როგორც სახლში. ნამდვილად არ მეგულება ბევრი ასეთი კლუბი, ასეთი გულშემატკივრები და ასეთი ხალხი”.

საბადელი

“საბადელის” ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი შორეულ 1935 წლის ესპანეთის თასის გათამაშებას უკავია, როცა კატალონიური გუნდი “კოპა დელ რეის” ფინალში “სევილიასთან” დამარცხდა. საინტერესოა რომ სეზონით ადრე, 1934 წელს “საბადელი” კატალონიის თასს დაეუფლა.

მოგვიანებით, 40-იან წლებში “საბადელი” სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებული ორჯერ, 1941-1942 და 1945-1946 წლებში ხდება. რაც შეეხება პრიმერა დივიზიონში გუნდის გამოსვლას, მნიშვნელოვანი შედეგები არ უჩვენებია, საერთო ჯამში სხვადასხვა დროს 14 სეზონი გაატარა ესპანეთის საუკეთესო ლიგაში.

ერთადერთი შემთხვევა, როცა კლუბმა ევროტურნირებში მიიღო მონაწილეობა 1969-70 წლების სეზონი იყო, თუმცა პირველივე ეტაპზე წარუმატებლობა განიცადა. ბაზრობათა თასის გათამაშებაში ბელგიის “ბრიუგესთან” დამარცხდა (2:0, 1:5).

ამჟამად კლუბის პრეზიდენტი იაპონელი კეისუკი საკამოტოა, ხოლო ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიგელ ოლმოს მოვალეობას ალექს გარსია შეასრულებს.

სეგუნდა დივიზიონის გასული სეზონი კლუბმა მეათე ადგილზე დაასრულა, თუმცა მიმდინარე სეზონში დაქვეითების საშიშროების წინაშე დგას. 14 მატჩის შემდეგ მხოლოდ 14 ქულა მოაგროვა და 22 გუნდს შორის მე-20 ადგილს იკავებს. მთავარი მწვრთნელის მიგელ ოლმოს გათავისუფლებისა და მის ნაცვლად ალექს გარსიას მოწვევის მიზეზი სწორედ გუნდის წარუმატებელი გამოსვლა გახლდათ.

Loading...
0.149267