ფეხბურთი

22:49 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი დრამა ქუთაისში

პირველი მერვედფინალური მატჩიდან გამომდინარე ყველა ფიქრობდა, რომ აღნიშნულ წყვილში შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა უკვე გადაწყვეტილი გახლდათ. ალბათ სათასო დუელების მთავარი სპეციფიკა ის გახლავთ, რომ მიზნისთვის ბრძოლა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება და ფეხბურთის ქომაგებმა მადლობა უნდა ვუთხრათ მარტვილის “მერანის” ფეხბურთელებს, რომლებმაც პირველ პაექრობაში 0:3 განცდილი მარცხის მიუხედავად, განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს და მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნეს.

ორივე გუნდის ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რითაც სოლიდარობა გამოხატეს გაეროს გლობალური მოძრაობის მიმართ – “კაცები ქალების უფლებებისათვის”. მატჩამდე ქუთაისში რამდენიმედღიანი ქარი ქროდა, თუმცა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე ქარი შედარებით ჩადგა და შეხვედრის მსვლელობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

მატჩის დასაწყისში სტუმრებმა მიზანს მიაღწიეს და დაწინაურება მოახერხეს. მათი პირველივე დარტყმა გატანილი გოლით დასრულდა. ტორპედოელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა პაპუნა ფონიავამ დიდებულად შეასრულა ცაციათი და მეკარე თებიძეს შორი მანძილიდან გაუტანა. მართალია, ქუთაისელთა კიპერს სავარაუდოდ თანაგუნდელები ეფარებოდნენ, მაგრამ წესით ამ მომენტში გუნდი უნდა გადაერჩინა – 0:1. ანგარიშში ჩამორჩენისთანავე ბაბუნაშვილს მიეცა გათანაბრების შანსი, მაგრამ “მერანის” კიპერმა ხაინდრავამ შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. სტანდარტულიდან კი მარტვილელთა კარს ბონდარენკო დაემუქრა თავურით, მაგრამ მას მიზანმა მცირედით უმტყუნა.

სტუმართათვის უსიამოვნო 21-ე და 22-ე წუთები გამოდგა, როდესაც მათ საკუთარ კარში ზედიზედ ორი გოლი მიიღეს. ჯერ ბაბუნაშვილის კუთხურის შემდეგ ბურთის მოგერიება ხაინდრავამ მუშტებით ცადა, მაგრამ ბურთი საჯარიმოში მყოფ ჩაკვეტაძეს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით მისი გასწორება და დასარტყმელად მომზადება შეძლო. რიონისპირელთა მცველის ბურთზე მეორე შეხება მეტოქის კარში ზუსტი გადაგზავნით დასრულდა – 1:1. ამ მომენტში სტუმრები არბიტრს ეკამათებოდნენ - ჩაკვეტაძემ ბურთის გასწორებისას ხელიც გამოიყენაო, თუმცა თემიდის მსახურს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. თითქმის მაშინვე ქუთათურებმა მეორე გოლი გაიტანეს. ბონდარენკომ დროულად ჩაჭრა მარტვილელთა შეტევის წამოწყების მცდელობა და ასევე ზუსტად უპასა ოთარ კვერნაძეს, რომელმაც მახვილი კუთხიდან გაუტანა მოწინააღმდეგის კარის დარაჯს – 2:1.

მოვლენების ჩვეულ რიტმში განვითარებამ თამაში თითქოს დაამშვიდა. უფრო მეტიც ტორპედოელები აკადემიურ სტილში ცდილობდნენ მოწინააღმდეგის დაჯაბვნას და ტაიმის ბოლომდე მათ კიდევ ორჯერ მიეცათ ანგარიშში სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა. ჯერ ჩიკვილაძეს ჰქონდა დიდებული მომენტი, ხოლო შემდეგ მამასახლისის კარგი გადაცემა ოთარ კვერნაძემ ვერ გამოიყენა. ტაიმი კი “ტორპედოს” მინიმალური უპირატესობით დასრულდა – 2:1.

მთავარი მოვლენები და მოულოდნელობები მეორე ტაიმში გველოდა. პირველი ტაიმის მსგავსად, ტაიმის დასაწყისში, 54-ე წუთზე სტუმრებმა სტანდარტულის შესრულების უფლება მოიპოვეს. პაპუნა ფონიავამ თავისი შანსი ამჯერადაც უნაკლოდ გამოიყენა და დაახლოებით 25 მეტრიდან მეკარე თებიძეს მეორედ გამოატანინა ბურთი საკუთარი კარიდან – 2:2. ამ გოლამდე ქუთათურებმა ზედიზედ ორი სახიფათო დარტყმა განახორციელეს ჩიკვილაძის და გელაშვილის მონაწილეობით, მაგრამ ორივეს მცდელობას სიზუსტე მცირედით დააკლდა. აშკარად უყისმათოდ გამოიყურებოდა მოედანზე მეორე ტაიმში გამოსული თორნიკე ჩადუნელი, რომლის ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთებს ზედიზედ ორი გოლი მოჰყვა მასპინძელთა კარში.

57-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე აკაკი შულაიას ეფექტური მოძრაობების შემდეგ, ნახევარმცველმა ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფ ჩიმაკაძეს თავზე “დაასვა”, რომელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. ქუთაისელთა კიპერმა რეაქცია კი გამოავლინა და ბურთსაც შეეხო, მაგრამ ახლოდან დარტყმულს ვეღარ გაუმკლავდა – 2:3. დაახლოებით 7 წუთში ბესიკ ჩიმაკაძე ისევ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე თავური ეფექტური ნახტომით განახორციელა და “მერანს” შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი “გაუცოცხლა” – 2:4. ამ შემთხვევაში, წინას მსგავსად, რიონისპირელთა კიპერს კარის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.

ბუნებრივია, ამ ანგარიშმა მოედანზე მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა, თუმცა ტორპედოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან მალე ისევ ერთ ბურთამდე დაიყვანეს ანგარიშში სხვაობა და ქომაგებიც დაამშვიდეს. ამაში დიდი წვლილი შეიტანეს რევაზ ძოძუაშვილის მიერ მოედანზე გამოყვანილმა გოგი ფიფიამ და ნიკო კვასხვაძემ. 73-ე წუთზე ქუთაისელთა მრავალსვლიან კომბინაციაში ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. თოდუა-ჩიკვილაძე-კვერნაძე-ფიფიას შემდეგ ბურთი ნიკო კვასხვაძეს მიუვიდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში 3:4 გახადა. დარჩენილ დროში უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო. მართალია, მათ თამაში წააგეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში ისინი მეოთხედფინალში გავიდნენ. რაც შეეხება მარტვილის “მერანის” ფეხბურთელებს, მათ გარჯა კიდევ ერთხელ უნდა შევუქოთ, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდგომ ეტაპზე თამაშს, ალბათ უფრო მაინც ქუთათურები იმსახურებდნენ.

“ტორპედო” – “მერანი” 3:4 (2:1) (პირველი მატჩი 3:0)

26 ნოემბერი. 13:30. ქუთაისი. “ცენტრალური”. 400 მაყურებელი

“ტორპედო”: თებიძე, გელაშვილი, მახვილაძე, ჩაკვეტაძე, აბრამიძე, მამასახლისი, გოგიჩაიშვილი (ჩადუნელი, 46, კვასხვაძე, 67), კვერნაძე, ბონდარენკო, ჩიკვილაძე, ბაბუნაშვილი (ფიფია, 72).

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

“მერანი”: ხაინდრავა, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე (ჩიმაკაძე, 46), კიკნაველიძე, ფონიავა (მარგველაშვილი, 77), ჯღამაია, წურწუმია, ხარშილაძე (შულაია, 38), წულაია, ციცხვაია.

მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე

გოლი: 0:1 ფონიავა (6), 1:1 ჩაკვეტაძე (21), 2:1 კვერნაძე (22), 2:2 ფონიავა (54), 2:3 2:4 ჩიმაკაძე (57, 65), 3:4 კვასხვაძე (73).

გაფრთხილება: გელაშვილი (61), ჩიკვილაძე (70), ჯღამაია (78), ხაინდრავა (90), ჩაკვეტაძე (90).

არბიტრი: დავით სანოძე (ხონი)

0.119394