ფეხბურთი

13:47 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

4 გუნდი მერვედფინალის ზღვარზე

გუშინდელისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი ჯგუფებიდან ჯერ მხოლოდ 2 მერვედფინალისტია გამოვლენილი. მომდევნო ეტაპის საგზურის დღეს გაფორმების შანსი კიდევ 4 გუნდს აქვს.

A ჯგუფი

ატლეტიკო-ოლიმპიაკოსი (პირველი მატჩი 2:3)

“ოლიმპიაკოსი” ერთადერთი გნუდია, რომელმაც, მიმდინარე გათამაშებაში, “ატლეტიკოს” კარში გოლი გაიტანა. პირველ ტურში, ბერძნებმა ესპანელები დაამარცხეს, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტი უკვე “როხიბლანკოა”, რომელიც მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავა. “ოლიმპიაკოსი” კი, 1/8-ფინალში თამაშის შანსს წაგების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს.

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში “მალმიო” დაამარცხა, “ატლეტიკომ” პრიმერა დივიზიონში 2 თამაში ჩაატარა. სიმეონეს გუნდმა “სოსიედადთან” სტუმრად წააგო, ხოლო “მალაგასთან” შინ მოიგო.

ლიგის ბოლო თამაშის შემდეგ, საბერძნეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ ითამაშა “ოლიმპიაკოსმა”, რომელმაც მეტოქე 5:1 გაანადგურა.

თამაშის ერთადერთი დანაკლისი “ატლეტიკოს” ტრავმირებული მცველი მირანდა იქნება. მასპნიძელთა რიგებში მცირე ტრავმა აწუხებს მარიო მანჯუკიჩს, ხოლო სტუმართა მხრიდან იგივე მდგომარეობაში ჯიმი დურმაზია.

  • “ატლეტიკო”, მოგების შემთხვევაში, 1/8-ფინალის საგზურს მოიპოვებს, ხოლო თუ პარალელურ მატჩში “იუვენტუსმა” ვერ მოიგო, მადრიდელები პირველ ადგილს გაინაღდებენ;
  • “ატლეტიკომ”, პირველ ტურში “ოლიმპიაკოსთან” წაგების შემდეგ, ყველა თამაში მშრალად მოიგო;
  • “ატლეტიკომ” ევროტურნირებზე გამართული ბოლო 21 საშინაო თამაშიდან 19 მოიგო;
  • “ოლიმპიაკოსმა”, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 4 გასვლითი თამაში წააგო;
  • ბერძნებს ესპანეთში გამართულ 13 თამაშში მოგება არ აქვთ;
  • “ატლეტიკომ”, ყველა ტურნირზე, ბოლო 6 საშინაო თამაში მოიგო;
  • “ოლიმპიაკოსმა”, საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 4 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-3-3): მოია, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ანსალდი, სუარესი, გაბი, კოკე, თურანი, მანჯუკიჩი, გრიზმანი.

ოლიმპიაკოსი (4-3-3): რობერტო, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, ნდინგა, მილივოიევიჩი, მანიატისი, კაზამი, მიტროღლუ, აფელაი.

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).

მალმიო-იუვენტუსი (პირველი მატჩი 0:2)

წინა ტურში “ოლიმპიაკოსთან” გაჭირვებით მოგებამ “იუვენტუსს” 1/8-ფინალში გასვლის კარგი შანსები შეუნარჩუნა. ჯგუფის მე-2 შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგი დასჭირდება “იუვეს” ბოლო ტურში, მაგრამ დღეს “ბებერ ქალბატონს” მოგება მართებს.

“იუვენტუსი”, შიდა ასპარეზზე, ტრადიციულად კარგად გამოდის. “ოლიმპიაკოსის” დამარცხების შემდეგ, ტურინელებმა სერია A-ში ორი თამაში ჩაატარეს და ორივე მათგანი მოიგეს, საერთო ანგარიშით 10:0.

შვედეთის მასშტაბით წარმატებებს გაჭირვებით აღწევს “მალმიო”. აგე ჰარეიდეს გუნდმა, “ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ, ქვეყნის სუპერთასზა და თასზე თითო თამაში ჩაატარა. პირველ შემთხვევაში “მალმიომ” თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვა, ხოლო მე-2 ტურნირზე მოსაგებად დამატებითი დრო დასჭირდა.

“იუვენტუსი” შვედეთს ტრავმირებული ოგბონას, ასამოას, ბარძალისა და კასერესის გარეშე ეწვია. საეჭვოა მოედანზე ევრასა და პეპეს გამოჩენაც. მასპინძელთა მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იოჰან ჰამარის თამაში.

  • “იუვენტუსმა”, მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად ჩატარებული ორივე თამაში მშრალად წააგო;
  • ტურინულმა კლუბმა, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან 1 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, ჰელანდერი, იოჰანსონი, რიკარდინიო, ერიკსონი, ჰალსტი, ადუ, ფორსბერგი, როზენბერგი, ტელინი.

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ვიდალი, ტევესი, ლიორენტე.

მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

1. ატლეტიკო 4 3 0 1 10:3 9
2. ოლიმპიაკოსი 4 2 0 2 6:7 6
3. იუვენტუსი 4 2 0 2 5:4 6
4. მალმიო 4 1 0 3 2:9 3

B ჯგუფი

ლუდოგორეცი-ლივერპული (პირველი მატჩი 1:2)

B ჯგუფში სიტუაცია ძალიანაა დაძაბული. “რეალი” წინ გაიჭრა და დანარჩენი 3 გუნდი ერთმანეთს შეატოვა. ამ 3 კლუბიდან 2 ერთმანეთს სოფიაში დაუპირისპირდება. “ლივერპულს” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი უდგას, “ლუდოგორეცი” კი პირიქით – ისტორიის ახალ ფურცელს წერს. ინგლისელებს ბულგარელთა დამარცხება პირველ ტურშიც გაუჭირდათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელი წყვილის ფავორიტად მაინც მერსისაიდული გუნდი უნდა მივიჩნიოთ.

მას შემდეგ, რაც “ლუდოგორეცი”, ჯგუფის მე-4 ტურში, “ბაზელთან” 0:4 განადგურდა, რაზგრადელებმა ბულგარეთის ჩემპიონატში 2 თამაში ჩაატარეს და 4 ქულა აიღეს. გასულ შაბათს გუნდი ლიდერ ცსკა-ს ეწვია, რაც ქულების გაყოფით დასრულდა.

“ლივერპულს” ბოლო 4 თამაში წაგებული აქვს. “ნიუკასლთან” და “რეალთან” 0:1 მარცხს როჯერსის გუნდმა “ჩელსისთან” საკუთარ კედლებში, ხოლო “კრისტალ პალასთან” სტუმრად წაგება მოაყოლა.

მასპინძელ გუნდს, ტრავმის გამო, რომან ბეზიაკი არ ეყოლება. “ლივერპული”, იგივე მიზეზით, ფლენაგანს, სტარიჯს, სუსოსა და ბალოტელის მოისაკლისებს. საეჭვოა საკოსა და ხოსე ენრიკეს თამაშიც.

  • “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგაზე გოლი ბოლოს “ლუდოგორეცს” გაუტანა. მას შემდეგ, ინგლისელებმა მეტოქის კარი სამ მატჩში ვერ აიღეს;
  • “ლუდოგორეცმა”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 7 თამაშიდან 5 მოიგო;
  • “ლივერპულმა”, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 12 თამაშიდან 6 წააგო. მერსისაიდელებს მთელს გასულ გათამაშებაში ამდენივე წაგება ჰქონდათ.

სავარაუდო შემადგენლობები

ლუდოგორეცი (3-5-1): სტოიანოვი, კაისარა, ტერზიევი, მოტი, მინევი, ალექსანდროვი, ანიცეტი, დიაკოვი, ესპინიო, აბალო, მარსელინიო.

ლივერპული (4-3-3): მინოლე, მანკილიო, ლოვრენი, შკრტელი, მორენო, ლეივა, ჯერარდი, ჰენდერსონი, სტერლინგი, ლამბეტი, ლალანა.

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).

ბაზელი-რეალი (პირველი მატჩი 1:5)

“რეალს” სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია. თუ მადრიდელები შვეიცარიაში არ განადგურდნენ, ისინი ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებენ. თუმცა, ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე, “რეალს” 14-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და მადრიდული გუნდის ისტორიაში საუკეთესო სერია 15 თამაშია. ბუნებრივია, კარლო ანჩელოტის გუნდი ამ შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება. გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის და პორტუგალიელი გუშინ 4 ბურთით წინ გაჭრილ ლეო მესისთან მაქსიმალურად მიახლოებას შეეცდება.

“ბაზელს” უფრო სერიოზული მოტივაცია აქვს – შვეიცარიელებს, მოგების შემთხვევაში, 1/8-ფინალის საგზურის განაღდების შანსი აქვთ, მაგრამ დიდი ალბათობით, “რეალთან” წარმატების მისაღწევად მოტივაცია საკმარისი არ იქნება.

“რეალის” კარგი ფორმა უკვე ვახსენეთ და იგივე ითქმის “ბაზელზეც”, რომელმაც ბოლო 5 თამაში მოიგო, აქედან უკანასკნელი 4 მშრალად.

თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. “ბაზელს” შტრელერი და ივან ივანოვი, ხოლო “რეალს” ხესე და ლუკა მოდრიჩი არ ეყოლება.

  • “რეალს” 1/8-ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. თუ დღეს მადრიდელებმა ქულა აიღეს, ან 4-ზე ნაკლები ბურთის სხვაობით წააგეს, ისინი პირველ ადგილს გაინაღდებენ;
  • “ბაზელი” შემდეგ ეტაპზე გავა, თუ დღეს მოიგებს, ხოლო “ლივერპული” “ლუდოგორეცს” ვერ დაამარცხებს;
  • “ბაზელმა”, მიმდინარე გათამაშებაში, ორივე საშინაო თამაში მშრალად მოიგო;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან 6 მოიგო;
  • “რეალს”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მოგებათა 14-მატჩიანი სერია აქვს. მადრიდული გუნდის რეკორდი ზედიზედ 15 თამაშის მოგებაა;
  • კრიშტიანუ რონალდუმ, “რეალის” მაისურით ჩატარებული ბოლო 15 თამაშიდან გოლი 14-ში გაიტანა. ამ 14 მატჩში მან თავი 23-ჯერ გამოიჩინა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (3-4-3): ვაცლიკი, შერი, სუხი, საფარი, ქსაკა, ფრაი, ელნენი, ჰამუდი, გონსალესი, ემბოლო, ზუფი.

რეალი (4-3-3): კასილიასი, არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო, როდრიგესი, კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

1. რეალი 4 4 0 0 11:2 12
2. ბაზელი 4 2 0 2 6:6 6
3. ლივერპული 4 1 0 3 2:6 3
4. ლუდოგორეცი 4 1 0 3 3:8 3

C ჯგუფი

ზენიტი-ბენფიკა (პირველი მატჩი 2:0)

ამ ჯგუფში, როგორც მოსალოდნელი იყო, სიტუაცია ძალიანაა დაძაბული. პირველ და ბოლო ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. აქედან გამომდინარე, დარჩენილ ყველა შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი. დღეს, სანკტ პეტერბურგში, ერთმანეთს ბოლო ორ ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში ლისაბონში იოლად მომგები “ზენიტი” დღესაც ფავორიტია, მაგრამ წაგებას იოლად არც “ბენფიკა” უნდა შეეგუოს, რადგან უქულოდ დარჩენის შემთხვევაში, პორტუგალიელები მე-3 ადგილსაც კი ძალიან დაშორდებიან.

ბოლო წლებში გუნდების გზები უკვე მეორედ გადაიკვეთა. 2012 წელს, ისინი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შეხვდნენ, როდესაც “ზენიტმა” შინ 3:2 კი მოიგო, მაგრამ სტუმრად 0:2 წააგო.

“ზენიტმა”, მე-4 ტურში “ლევერკუზენთან” მარცხის შემდეგ, რუსეთის პრემიერლიგაში 2 თამაში ჩაატარა და აქედან ერთის წაგების მიუხედავად, სანკტ პეტერბურგელები გათამაშებას მაინც დამაჯერებლად ლიდერობენ.

ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, შიდა ასპარეზზე, 2-ჯერ ითამაშა “ბენფიკამაც”. ლისაბონელებმა თასზე და ჩემპიონატზე თითო მატჩი მოიგეს. “ზენიტის” მსგავსად, ქვეყნის ჩემპიონატს “ბენფიკაც” ლიდერობს, მაგრამ მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობით.

“ბენფიკა” სანკტ პეტერბურგს ტრავმირებული ელიზეუსა და სილვიოს გარეშე ეწვია. მასპინძელთა მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კერჟაკოვის თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, ვიტსელი, გარსია, ჰალკი, დანი, შატოვი, რონდონი.

ბენფიკა (4-4-1-1): სეზარი, პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, ალმეიდა, სალვიო, პერესი, სამარისი, გაიტანი, ტალისკა, ლიმა.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ლევერკუზენი-მონაკო (პირველი მატჩი 0:1)

ჯგუფის ლიდერი “ლევერკუზენი” იმ “მონაკოს” მასპინძლობს, რომლის კარში გატანა ძნელია, მაგრამ მასთან თამაშის დროს საკუთარი კარის შენახვა – ადვილი. ჩატარებულ 4 შეხვედრაში მონაკოელებმა მხოლოდ ერთხელ გაიტანეს და ამდენჯერვე გაუშვეს. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდს პირველი ტურის შემდეგ არ მოუგია და თუ ეს ტრადიცია არც დღეს დაირღვა, “ლევერკუზენი” 1/8-ფინალის საგზურს გაინაღდებს.

“ლევერკუზენმა”, რომელსაც ბუნდესლიგის ბოლო ორ თამაშში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული, გასულ უქმეებზე, “ჰანოვერი” სტუმრად დაამარცხა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

საფრანგეთის ჩემპიონატში საქმეები ცუდად მისდის “მონაკოს”, რომელიც ზედიზედ 3 ფრის შემდეგ მე-8 პოზიციას იკავებს.

თამაშს ორივე გუნდი ორ-ორი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო მასპინძლებს რაინარტცი და პაპადოპულოსი, ხოლო სტუმრებს ბორხა ლოპესი და კურზავა არ ეყოლებათ.

  • “ლევერკუზენი”, დღეს ქულის აღების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს, ხოლო თუ გერმანელებმა მოიგეს, ისინი პირველ ადგილს გაიფორმებენ;
  • “მონაკომ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან ხუთში გოლის გატანა ვერ მოახერხა;
  • “მონაკომ”, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა;
  • “ლევერკუზენმა”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “მონაკომ”, ყველა ტურნირზე, ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჰილბერტი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, ბენდერი, კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი.

მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ფაბინიო, რაგი, კარვალიო, ეშიეჟილე, ტულალანი, კონდოგბია, სილვა, მოუტინიო, ფერეირა-კარასკო, ბერბატოვი.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).

1. ლევერკუზენი 4 3 0 1 7:3 9
2. მონაკო 4 1 2 1 1:1 5
3. ზენიტი 4 1 1 2 3:4 4
4. ბენფიკა 4 1 1 2 2:5 4

D ჯგუფი

არსენალი-დორტმუნდი (პირველი მატჩი 0:2)

თავიდანვე ჯგუფის ფავორიტებად შერაცხული გუნდები სტატუსს ამართლებენ. “დორტმუნდმა” 1/8-ფინალის საგზური უკვე მოიპოვა და დიდი ალბათობით, იმავე გზას დღეს “არსენალიც” დაადგება.

“არსენალისა” და “დორტმუნდის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრა უკვე ტრადიციადაა ქცეული. მიმდინარე საუკუნეში ეს უკვე მეოთხედ მოხდა. 2002 წელს, ორივე თამაში მასპინძელმა გუნდმა მოიგო. 2011 წელს, დორტმუნდში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, ხოლო ლონდონში “არსენალმა” იმარჯვა. გასულ სეზონში, გუნდებმა 3-3 ქულა ერთმანეთის მოედანზე აიღეს. მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში კი, გერმანელებმა მეტოქეს საკუთარ მოედანზე აჯობეს.

შიდა ჩემპიონატებში საქმეები კარგად არცერთ გუნდს არ მისდის. “არსენალმა”, “ანდერლეხტთან” ქულების დაკარგვის შემდეგ, პრემიერლიგაში 2 თამაში ჩაატარა და ორივე წააგო. არსენ ვენგერის გუნდს, 12 ტურის შემდეგ, მხოლოდ 17 ქულა აქვს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

“დორტმუნდმა”, ბუნდსელიგაში ზედიზედ 5 თამაშის წაგების შემდეგ, ბოლო ორ ტურში მარცხს თავი კი აარიდა, მაგრამ უკანასკნელ მათგანში ქულები კვლავ დაკარგა და იურგენ კლოპის გუნდი, 18-გუნდიან ჩემპიონატში, მე-16 ადგილზეა.

“არსენალი” მატჩს ტრავმირებული დებუშის, იოზილის, ოსპინასა და უილშირის გარეშე ხვდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კოშელნისა და უოლკოტის საკითხი. სტუმრების უმთავრესი დანაკლისი მარკო როისია. ასევე საეჭვოა შაჰინის, ბენდერის, ჰუმელსის, სოკრატისის, კუბასა და კირხის თამაშიც.

  • დღეს მოგების შემთხვევაში “არსენალი” 1/8-ფინალში გავა. იგივე მოხდება, თუ თამაში ფრედ დასრულდა და პარალელურ მატჩში “გალათასარაი” მოიგებს. თუ “არსენალმა” წააგო, ხოლო ჯგუფის მე-2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ლონდონელები მომდევნო ეტაპზე მაინც გავლენ;
  • “დორტმუნდს” 1/8-ფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს. გერმანელები, დღეს არწაგების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ;
  • “არსენალმა” გერმანულ გუნდებთან საკუთარ მოედანზე გამართული ბოლო 4 თამაში წააგო;
  • “დორტმუნდმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან 5 მოიგო, მათ შორის ერთი “არსენალთან”;
  • “არსენალს”, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 12 მატჩში, 17 ქულა აქვს აღებული. ეს ლონდონელთა ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია;
  • ალექსის სანჩესმა, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 9 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): სჩეზნი, ჩემბერსი, მერტეზაკერი, მონრეალი, გიბსი, არტეტა, რემზი, ჩემბერლენი, სანჩესი, კასორლა, უელბეკი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, გინტერი, სუბოტიჩი, დურმი, კელი, გიუნდოგანი, ობამეიანგი, კაგავა, მხითარიანი, იმობილე.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ანდერლეხტი-გალათასარაი (პირველი მატჩი 1:1)

ამ გუნდების მაქსიმუმი, დიდი ალბათობით, მე-3 ადგილი იქნება. უკეთეს მდგომარეობაში “ანდერლეხტია”, რომელიც ქულით წინაა და დღეს საკუთარ მოედანზე თამაშობს. ბელგიური გუნდი, მოგების შემთხვევაში, მე-3 ადგილს გაინაღდებს. “გალათასარაის” კი მინიმუმ ქულის აღება მართებს.

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შემდეგ, გუნდებმა, შიდა ასპარეზზე, ერთმანეთის მსგავსი შედეგები აჩვენეს. “ანდერლეხტმაც” და “გალათასარაიმაც”, ბელგიის და თურქეთის ჩემპიონატებში, თითო თამაში მოიგეს და თითოც წააგეს. ორივე მათგანი ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება.

მასპინძელი გუნდი ტრავმირებულ ნ’საკალას, სუარესს, დეფურსა და ნუიტნიკს ვერ დაიხმარს. სტუმრებს კი დისკვალიფიცირებული ჯემაილი არ ეყოლებათ.

  • ბოლო 7 შემთხვევაში, როდესაც “ანდერლეხტი” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ბელგიელები ჯგუფში ბოლო ადგილზე გადიოდნენ;
  • “გალათასარაიმ” ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 5 გასვლითი თამაში წააგო;
  • ფერნანდო მუსლერამ კლუბსა და ნაკრებში ჩატარებული ბოლო 14 თამაშიდან გოლი ყველაში გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო, ვანდენ ბორე, მანგულუ, დეშახტი, აშემპონგი, კლიესტანი, ტილემანი, ნახარი, პრაეტი, კონტე, მიტროვიჩი.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, კამდალი, კაია, შეჯუ, ბალთა, ინანი, კურტულუსი, მელო, სნეიდერი, ბულუთი, ილმაზი.

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

1. დორტმუნდი 4 4 0 0 13:1 12
2. არსენალი 4 2 1 1 9:7 7
3. ანდერლეხტი 4 0 2 2 5:9 2
4. გალათასარაი 4 0 1 3 3:13 1

0.152302