2 თამაში, 2 ჰეთ თრიქი, 2 დიდი რეკორდი – ასეთია ლიონელ მესის მონაგარი ბოლო 4 დღის განმავლობაში. “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი, შაბათს, ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, სამშაბათს კი, მან იგივეს ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწია.
მესიმ სარეკორდო გოლი აპოელ-თან გამართული შეხვედრის 38-ე წუთზე გაიტანა, როდესაც საჯარიმოს გარედან რაფინიას დარტყმულს მარჯვენა ფეხი შედეგიანად დაუხვედრა. 58-ე წუთზე, არგენტინელმა ალვესის კარგი გადაცემით და მეკარესთან პირისპირ გასვლით იხეირა. 87-ე წუთზე კი, მან ჭკვიანურად ითამაშა – თამაშგარეში მყოფმა ბურთზე არ ითამაშა, - სამაგიეროდ გაგრძელებული შეტევა თავად დააგვირგვინა და ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 74-ე გოლი გაიტანა.
მესის, კარიერაში, 30-ე ჰეთ თრიქი დაუგროვდა და პირველად მოხდა, რომ მან სამივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან დღემდე), მას ერთ თამაშში 3 გოლი უკვე 5-ჯერ გაუტანია. არცერთ სხვა ფეხბურთელს ეს სამზე მეტჯერ არ გაუკეთებია. თუ 1955-1992 წლებში ჩატარებულ თამაშებსაც მივათვლით, ლეო მესიმ ალფრედო დი სტეფანოსა და ფერენც პუშკაშის მიღწევა გაიმეორა.
აპოელ-თან გამართულ შეხვედრაში მესიმ კიდევ არაერთი რეკორდი დაამყარა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 2 ან მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის 20 თამაშში გაიტანა. არგენტინელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი 23-ე ქალაქის 24-ე სტადიონზე გაიტანა. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა. მესიმ თავის გამოჩენა მე-16 ქვეყანაში მოახერხა და ის აქამდე რეკორდსმენ რაულს გაუთანაბრდა.
აღსანიშნავია, რომ მესისთვის ამდენი რეკორდის მომტანი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე პირველი იყო, როდესაც ის გუნდს კაპიტნობდა.
სანამ მესი რეკორდს დაამყარებდა, ლუის სუარესმა კატალონიური გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გიატანა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, 1498-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
რეკორდები დაამყარა ჩავი ერნანდესმაც. 34 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე სარეკორდო, 145-ე თამაში ჩაატარა. გარდა ამისა, ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე 100 მატჩი მოიგო.
“ბარსელონა”, მოგების მიუხედავად, მაინც მე-2 ადგილზეა. ამის მიზეზი ისაა, რომ პსჟ-მ ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო. 3:1 მოგებულ შეხვედრაში მასპინძელთაგან 2 გოლი ცარიელ კარში ედინსონ კავანიმ გაიტანა. “აიაქსის” კარი მესამედ ამსტერდამელთა ყოფილმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აიღო, რომელმაც 463-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა. იბრამ, როგორც მას ჩვევია, ლამაზი გოლი გაიტანა.
პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს, ლორან ბლანს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩების 67.7% მოგებული აქვს. იმ სპეციალისტებს შორის, რომლებსაც ლიგაზე სათამაშოდ გუნდი 20-ჯერ მაინც გაუყვანიათ, ეს საუკეთესო მაჩვენებელია.
დრამატულად განვითარდა მოვლენები E ჯგუფში. “სიტისა” და “ბაიერნის” თამაშის დაწყებამდე ცსკა-სა და “რომას” დაპირისპირება უკვე დასრულებული იყო. იტალიურმა გუნდმა, ხიმკიში, ანგარიშის გახსნა მოახერხა და “ჯალოროსი” რუსეთში გამართულ მატჩებში ასპროცენტიანი შედეგის შენარჩუნებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მოსკოველებმა ბოლო წუთებზე გაათანაბრეს.
“რომას” მხრიდან თავი ფრანჩესკო ტოტიმ გამოიჩინა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეგოლე აქამდეც იყო, ახლა კი, ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ამ ტურნირზე გოლი ჯარიმიდან გაუტანია. ვეტერანმა იტალიელმა რაიან გიგზის მიღწევა გააუმჯობესა.
ცსკა-მ ანგარიში 93-ე წუთზე გაათანაბრა. ვასილი ბერეზუცკიმ საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი კარის ბადეში ისე გაეხვა, რომ არავის შეხებია.
ჯგუფის ცენტრალურ მატჩს მანჩესტერმა უმასპინძლა. ბოლოადგილოსანი “სიტი” უმოტივაციო “ბაიერნს” მასპინძლობდა.
თამაში “ქალაქელთათვის” ძალიან კარგად დაიწყო. მე-20 წუთზე, ბენატიამ აგუერო საჯარიმოში წააქცია, თავად წითელი ბარათი მიიღო, ხოლო დაზარალებულ არგენტინელს ანგარიშის თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნის საშუალება მისცა.
“ბაიერნმა”, 10 კაცით თამაშისა და ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, პირველი ტაიმი მოიგო. მე-40 წუთზე, იუბილარმა ჩაბი ალონსომ ჯარიმა ზუსტად შეასრულა, ხოლო 45-ე წუთზე, ლევანდოვსკიმ ბოატენგის ჩაწოდებას ზუსტი თავური მოაყოლა. “სიტიმ”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 თამაშიდან ცხრაში 2 ან მეტი ბურთი გაუშვა.
“ბაიერნისთვის”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში კაცნაკლული თამაში განსაკუთრებული პრობლემა არაა. ბოლო 8 თამაშიდან, რომელშიც მიუნხენელებს ფეხბურთელი გაუძევეს, “ბაიერნს” 6 მოგებული ჰქონდა, მათ შორის ერთი სწორედ “სიტისთან”. თუმცა, “ქალაქელთა” ერთი ფეხბურთელი წაგებას არაფრით ეგუებოდა და მისმა გარჯამ ინგლისელებს შედეგი მოუტანა.
სერხიო აგუერო, 85-ე და 91-ე წუთებზე, მეტოქის შეცდომების შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გავიდა, ორივეჯერ ზუსტად დაარტყა და ჰეთ თრიქი გაიფორმა.
მე-5 ტურის შემდეგ, ჯგუფის სამ მონაწილეს თანაბარი რაოდენობის ქულები აქვს და მათგან უკეთესს ბოლო ტური გამოავლენს.
G ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა “ჩელსიმ”, რომელმაც “შალკე” გელზენკირხენში შეარცხვინა. ლონდონელთა ყოფილმა დამრიგებელმა, რობერტო დი მატეომ “არისტოკრატებს” ვერაფერი მოუხერხა და გერმანელებმა, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, 5 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
ანგარიში ჯონ ტერიმ გახსნა, რომელმაც თავი მე-2 წუთზე გამოიჩინა, ეს კი, “ჩელსისთვის”, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი უსწრაფესი გოლია. ტერი მე-4 მცველი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე 10 გოლის გატანა მოახერხა.
“შალკეს”, ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში, ორზე მეტი ბურთი არასდროს გაეშვა. ეს ტრადიცია “ჩელსიმ” დაარღვია, რომელიც შესვენებაზე უკვე 3:0 იგებდა.
მე-2 ტაიმში თამაშში დიდიე დროგბა ჩაერთო, რომელმაც აქტივში გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. აღვნიშნავთ, რომ ვეტერანმა კოტ დ’ივუარელმა თავდამსხმელმა ევროტურნირებზე თავისი 50-ე გოლი გაიტანა. ის, მესის შემდეგ, პირველი არაევროპელი ფეხბურთელია, რომელსაც ასეთი შედეგი აქვს.
“შალკეს” წაგებით ისარგებლა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა “სპორტინგმა”, რომელმაც “მარიბორი” 3:1 დაამარცხა.
ლისაბონში გამართული თამაშიდან აღსანიშნავია ნანის გოლი. 28 წლის ფეხბურთელმა, 35-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში ბურთით დიდხანს ისეირნა და როდესაც სლოვენიელთა დამცირება მობეზრდა, საგოლედაც დაარტყა. ცნობისთვის, ნანიმ, “სპორტინგის” მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე 5-ჯერ ითამაშა და მე-4 გოლი გაიტანა. “მანჩესტერში” თამაშის დროს, ამ ტურნირზე ამდენივე გოლი მას 49 მატჩში ჰქონდა გატანილი.
H ჯგუფში ერთი 1/8-ფინალისტი აქამდეც გარკვეული იყო, ხოლო როდესაც ადრე დასრულებულ მატჩში “პორტუმ” ბატე კიდევ ერთხელ გაანადგურა, ცხადი გახდა, რომ მომდევნო ეტაპზე “შახტარიც” გავიდოდა. ბატეს, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 22 გოლი აქვს გაშვებული. ჯგუფურ ეტაპზე არცეთ გუნდს ამაზე მეტი ბურთი არ გაუშვია.
“შახტარს” “პორტუს” მოგებამ ავნო. დონეცკელები, რომლებსაც 1/8-ფინალის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, “ბილბაოსთან” მატჩისთვის სათანადოდ ვერ განეწყვნენ და ბასკებთან უქულოდ დარჩნენ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინული გუნდი ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვეღარ ირბძოლებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ “ბილბაომ”, ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე, სტუმრად გამართული თამაში 1956 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
E ჯგუფი
ცსკა-რომა 1:1 (0:1)
ხიმკი, “არენა ხიმკი”
ცსკა (4-1-4-1): აკინფეევი, ფერნანდეში, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, ნაჩო, კაუნა (მილანოვი 64), ერემენკო, ძაგოევი, მუსა (ტოშიჩი 81), დუმბია.
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი.
რომა (4-3-3): დე სანკტისი, ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი, კეიტა, დე როსი, ნაინგოლანი (სტროოტმანი 83), ჟერვინიო (იტურბე 77), ტოტი, ლიაიჩი (პიანიჩი 87).
მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: 0:1 ტოტი (43), 1:1 ვ. ბერეზუცკი (90+3).
გაფრთხილებები: ძაგოევი 38, ვ. ბერეზუცკი 42, შჩენიკოვი 84.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 15 (4)-7 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-4, სეივი: 2-3, ჯარიმა: 17-5.
სიტი-ბაიერნი 3:2 (1:2)
მანჩესტერი, “ეტიჰადი”
სიტი (4-2-3-1): ჰარტი, სანია (საბალეტა 68), კომპანი, მანგალა, კლიში, ფერნანდო, მილნერი (იოვეტიჩი 66), ნავასი, ლემპარდი, ნასრი, აგუერო (დემიკელისი 90+4).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი, ჰოიბიერგი, ალონსო, როდე (დანტე 25), რობენი, ლევანდოვსკი (შაქირი 84), რიბერი (შვაინშტაიგერი 81).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.
გოლები: 1:0 აგუერო (22, პენ), 1:1 ალონსო (40), 1:2 ლევანდოვსკი (45), 2:2 აგუერო (85), 3:2 აგუერო (90+1).
გაფრთხილებები: კლიში 60, საბალეტა 89, აგუერო 90+2 – ნოიერი 78.
გაძევება: ბენატია 20.
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 11 (6)-7 (4), კუთხური: 6-0, თამაშგარე: 7-0, სეივი: 2-3, ჯარიმა: 10-15.
1. | ბაიერნი | 5 | 4 | 0 | 1 | 13:4 | 12 |
2. | სიტი | 5 | 1 | 2 | 2 | 7:8 | 5 |
3. | რომა | 5 | 1 | 2 | 2 | 8:12 | 5 |
4. | ცსკა | 5 | 1 | 2 | 2 | 6:10 | 5 |
F ჯგუფი
აპოელ-ბარსელონა 0:4 (0:2)
ნიქოზია, “ნეო GSP”
აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, ამორიმი, კარლაო, ანტონიადესი, გომეში, მორაიში, ვინიციუსი (ჯებური 74), ალონეფტისი (ეფრემი 46), მანდუკა (დე ვინსენტი 63), შერიდანი.
მწვრთნელი: გიორგიოს დონისი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, ბარტრა, პიკე, ალბა (ადრიანო 62), რაკიტიჩი (ჩავი 62), მასკერანო, რაფინია, სუარესი (ბუსკეტსი 77), მესი, პედრო.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
გოლები: 0:1 სუარესი (27), 0:2 მესი (38), 0:3 მესი (58), 0:4 მესი (87).
გაფრთხილებები: კარლაო 31, ამორიმი 54 – ალვესი 33, რაფინია 35.
გაძევებები: ამორიმი 84 – რაფინია 70.
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).
ბურთის ფლობა: 26%-74%, დარტყმა: 3 (1)-20 (7), კუთხური: 0-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-1, ჯარიმა: 14-5.
პსჟ-აიაქსი 3:1 (1:0)
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ლუისი, მაქსველი, პასტორე, რაბიო (შანტომი 75), მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი (დინე 86), ლავესი (ლუკასი 68).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ვან დენ ჰოორნი, დენსვილი, ბოილესენი (ვიერგევერი 10), კლაასენი, სერერო (ციმლინგი 69), ანდერსენი, შონე, მილიკი, კიშნა.
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.
გოლები: 1:0 კავანი (33), 1:1 კლაასენი (67), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (78), 3:1 კავანი (83).
გაფრთხილებები: იბრაჰიმოვიჩი 38 – კლაასენი 18.
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია).
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10 (4)-8 (1), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-1, ჯარიმა: 15-14.
1. | პსჟ | 5 | 4 | 1 | 0 | 9:4 | 13 |
2. | ბარსელონა | 5 | 4 | 0 | 1 | 12:4 | 12 |
3. | აიაქსი | 5 | 0 | 2 | 3 | 4:10 | 2 |
4. | აპოელ | 5 | 0 | 1 | 4 | 1:8 | 1 |
G ჯგუფი
შალკე-ჩელსი 0:5 (0:3)
გელზენკირხენი, “ფელტინს არენა”
შალკე (4-2-3-1): ფერმანი, უჩიდა, ჰიოვედესი, სანტანა, აოგო, ნოიშტადტერი, კირხოფი (კლემენსი 46), ჰიოგერი, ბოატენგი (მაიერი 63), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო.
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, ფაბრეგასი (შიურლე 79), მატიჩი, ვილიანი, ოსკარი (რამირესი 75), აზარი, კოსტა (დროგბა 66).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლები: 0:1 ტერი (2), 0:2 ვილიანი (29), 0:3 კირხოფი (44, ს.კ.), 0:4 დროგბა (76), 0:5 რამირესი (78).
გაფრთხილებ: ჰიოგერი 18.
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 7 (2)-12 (7), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 1-6, სეივი: 2-2, ჯარიმა: 9-9.
სპორტინგი-მარიბორი 3:1 (2:1)
ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”
სპორტინგი (4-1-2-3): პატრისიუ, სედრიკი, მაურიციო, ოლივეირა, ნასიმენტო, კარვალიო, მარიო (მარტინსი 82), სილვა, მანე (კარილიო 66), სლიმანი (მონტერო 75), ნანი
მწვრთნელი: მარკო სილვა
მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, რაიჩევიჩი, არგუსი, მეიაცი, ვრსიჩი (იბრაიმი 46), მერტელი, ფილიპოვიჩი, სალალიჩი (ბოჰარი 69), ტავარესი, ზაჰოვიჩი (მენდი 76)
მწვრთნელი: ანტე სიმუნძა
გოლები: 1:0 მანე (10), 2:0 ნანი (35), 2:1 ნასიმენტო (42, ს.კ.), 3:1 სლიმანი (65)
გაფრთხილებები: სედრიკი 61 - ტავარესი 40, სტოიანოვიჩი 49, არგუსი 61
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 23 (8)-5 (1), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-5, ჯარიმა: 20-16.
1. | ჩელსი | 5 | 3 | 2 | 0 | 14:2 | 11 |
2. | სპორტინგი | 5 | 2 | 1 | 2 | 11:9 | 7 |
3. | შალკე | 5 | 1 | 2 | 2 | 8:14 | 5 |
4. | მარიბორი | 5 | 0 | 3 | 2 | 4:12 | 3 |
H ჯგუფი
შახტარი-ბილბაო 0:1 (0:0)
ლვოვი, “ლვოვ არენა”
შახტარი (4-4-2): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, კოშტა (მარლოსი 68), ფერნანდო (ფრედი 77), სტეპანენკო, ტაისონი (ბერნარდი 71), ალექს ტეიშეირა, ადრიანო.
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, დე მარკოსი, ეჩეიტა (გურპეგი 32), სან ხოსე, ბალენსიაგა, იტურასპე, რიკო, სუსაეტა (ადურისი 65), ეჩებარია, მუნიაინი (ლოპესი 88), ვიგერა.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.
გოლი: 0:1 სან ხოსე (68).
გაფრთხილებები: კუჩერი 58, ადრიანო 74, სრნა 85, სტეპანენკო 89 – იტურასპე 50, გურპეგი 63, ვიგერა 66, ლოპესი 90+2.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 12 (4)-13 (5), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-4, ჯარიმა: 15-21.
ბატე-პორტუ 0:3 (0:0)
ბორისოვი, “ბორისოვ არენა”
ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი, ოლეჰნოვიჩი, გაიდუჩიკი, ტუბიჩი, მლადენოვიჩი (ალექსიევიჩი 72), ვოლოდკო, იაბლონსკი, გორდეიჩუკი, კარნიცკი (ბაგა 67), ვოლოდკო, როდიონოვი (სიგნევიჩი 75).
მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი.
პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მარკანო, მარტინს ინდი, ალექს სანდრო, ერერა, კაზემირო, ტორესი, კუარეჟმა (ტელიო 71), მარტინესი (კინტერო 90), ბრაიმი (ადრიანი 83).
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.
გოლები: 0:1 ერერა (56), 0:2 მარტინესი (65), 0:3 ტელიო (89).
გაფრთხილებები: გაიდუჩიკი 41, ოლეჰნოვიჩი 45, იაბლონსკი 61 – მარკანო 10.
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი).
ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 8 (0)_9 (4), კუთხური: 0-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-0, ჯარიმა: 18-14.
1. | პორტუ | 5 | 4 | 1 | 0 | 15:3 | 13 |
2. | შახტარი | 5 | 2 | 2 | 1 | 14:3 | 8 |
3. | ბილბაო | 5 | 1 | 1 | 3 | 3:6 | 4 |
4. | ბატე | 5 | 1 | 0 | 4 | 2:22 | 3 |