დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაბადების დღეა. ქართველი ოლიმპიელი 26 წლის გახდებოდა... კანადის ქალაქ ვანკუვერში გამართული 2010 წლის ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკულად დაიწყო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის საციგაო ტრასაზე ტრაგედია მოხდა. ნოდარ ქუმარიტაშვილს საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ჰქონდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული, მრავალმხრივად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ. სპორტისადმი უსაზღვრო სიყვარულმა და პროფესიონალიზმმა მას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნანატრი საგზური მოაპოვებინა და დიდი გეგმებიც დაუსახა. ვანკუვერში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო, სოლიდარობა და ღრმა სამძიმარი გამოხატა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ზოგადად სპორტულმა საზოგადოებამ ქუმარიტაშვილის ოჯახის და მთლიანად საქართველოს მიმართ.
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივი საერთაშორისო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა საქართველოში სტუმრობისას წლეულს კიდევ ერთხელ მიაგეს, როდესაც მაღალი რანგის სტუმრები ჩვენს ქვეყანას ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეწვივნენ.
ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება – ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის სახელის საპატივცემულოდ, მოსაფრთხილებლად და მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური