ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში გელზერკირხენის "შალკე" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს. აღნიშნულ დაპირისპირებამდე "არისტოკრატთა" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებმა პორტუგალიელს რობერტო დი მატეოს შესახებაც დაუსვეს კითხვა, მოურინიომ კი აღნიშნა, რომ პრესკონფერენციაზე იტალიელზე სასაუბროდ არ მისულა.
"დი მატეოზე სასაუბრო არ მოვედი. აქ ვარ იმისთვის, რომ მომავალ მატჩზე ვილაპარაკო. ჩემპიონთა ლიგაზე ქულების აღება გვჭირდება. კარგი იქნება თუ "შალკეს" დამარცხებით მერვედფინალში გავალთ. დეკემბერში რვა თამაში გველოდება, შესაბამისად თუ შემდგომ ეტაპზე ახლავე გავალთ, კარგი იქნება. თუ ჩვენ დასახულ მიზანს ამ თამაშში ვერ მივაღწევთ, კიდევ დაგვრჩება მატჩი "სპორტინგის" წინააღმდეგ. გუნდი ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე (დიეგო კოშტა) არაა დამოკიდებული. ახალი ფეხბურთელები გვყავს და მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი "ჩელსის" რიგებში", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ლონდონელები "შალკესთან" გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს მოიპოვებენ. გერმანულ-ინგლისური დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.