მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში “მანჩესტერ სიტისთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“მანჩესტერ სიტისთან” დაკავშირებით ჩემს აზრს მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამით ჩემპიონთა ლიგაზე მისი მდგომარეობა არ შეიცვლება. ჩვენ ის დამსახურებულად დავამარცხეთ გერმანიაში, თუმცა, გადამწყვეტი გოლი მხოლოდ 90-ე წუთზე გავიტანეთ. ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა ასე მშვიდად ვერ ვიქნებოდი, რადგან მაშინ მანჩესტერში ჯგუფიდან გასვლისთვის მოგვიწევდა ბრძოლა. “სიტიმ” ჩვენი დამარცხება თუ მოახერხა და მერე “რომასაც” სძლია, 1/8-ფინალში გავა. კარგად ვიცნობ მეტოქის მთავარ მწვრთნელს და რამდენიმე მოთამაშეს. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლიათ მოიგონ როგორც ჩემპიონთა ლიგა, ასევე პრემიერლიგა”, - განუცხადა უეფას ოფიციალურ საიტს გვარდიოლამ.
4 ტურის შემდეგ “ბაიერნმა” ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა (12) და ვადაზე ადრე გაინაღდა პლეი ოფში გასვლა. ის უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს, ხოლო “სიტი” 2 ქულით ბოლო ადგილზეა.