კალათბურთი

21:26 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ წაგებულ მატჩში 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” კანარის კუნძულებზე ჩავიდა და ადგილობრივ “გრან კანარიასთან” 77:93 დამარცხდა, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24:39 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის დარად 13 ქულა მოაგროვა კოლტონ აივერსონმა, ტომას უერტელმა 14 ქულას 9 პასი წაამატა, ლამონტ ჰემილტონის მონაგარი კი 12 ქულა იყო.

ბასკურ კლუბს 2 მოგების წილ 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება. “ლაბორალ კუჩა” მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს “გიპუზკოა ბასკეტის” წინააღმდეგ ჩაატარებს, მანამდე კი, 13-ში ევროლიგის ეგიდით სერბულ “ცრვენა ზვეზდას” დაუხვდება.

0.111657