არადა არ ცხრება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა (ელდარ) კურტანიძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. 24 ნოემბერს ფალავანთა კლუბში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდიუმი შეიკრიბა. 37 წევრიდან სხდომაზე 24 გამოცხადდა. სხდომის ლეგიტიმურობისათვის საჭირო იყო 25 წევრის გამოცხადება. სხდომას მოგვიანებით ვეტერანი მოჭიდავე მიხეილ სალაძე შეუერთდა და სხდომაც შედგა, რომელსაც ვეტერანი მოჭიდავე რომან რურუა უძღვებოდა. სხდომა დახურული იყო და მასმედიის წარმომადგენლები არ დაასწრეს.
საბჭოს წევრებს მოგვიანებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე შეუერთდა.
აღნიშნული სხდომის დასრულების შემდეგ მასმედიისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 2014 წლის 26 დეკემბერს გაიმართება.
“მსოფლიო სპორტი” რამდენიმე ვეტერან მოჭიდავეს გაესაუბრა.
რომან რურუა (ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
-სამეთვალყურეო საბჭოს დღევანდელი სხდომა ლეგიტიმურია?
- რამდენჯერმე ჩატარდა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და 25-ზე მეტი წევრი არასოდეს დასწრებია. თუ ის სხდომები იყო ლეგიტიმური, მაშის ეს სხდომაც ლეგიტიმური უნდა იყოს.
-სამეთვალყურეო საბჭოს რა პრეტენზია აქვს კურტანიძის მიმართ?
-დარღვევები იმდენად ბევრია, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
-რამდენიმე მათგანს ვერ დაგვისახელებთ?
-ერთპიროვნულად, სამეთვალყურეო საბჭოს დაუკითხავად იღებს გადაწყვეტილებებს. 2 თვეა მწვრთნელებს და მოჭიდავეებს ხელფასი არ მიუღიათ. გაყალბებულია პრეზიდიუმის ოქმები...
-რა საკითხები იქნება განხილული 26 დეკემბერს რიგგარეშე ყრილობაზე?
-დღის წესრიგში იქნება დღევანდელი წესდების შეცვლა. განიხილება ბოლო, 2 წლის განმავლობაში ფედერაციის მუშაობა. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებსთ. თუ ფედერაციის მუშაობა დადებითად შეფასდა, კურტანიძე დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადადგება.
დავით გობეჯაშვილი (ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი)
- მიმაჩნია, რომ კურტანიძეს პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ დარღვევები აქვს.
-პროკურატურის ჩარევა ხომ არ გახდება საჭირო?
-მე არ ვარ მომხრე, რომ ჭიდაობის სამყაროს შინაურ საქმეში სხვა, თუნდაც პროკურატურა ჩაერიოს. ეს ჩვენ თვითონ, ამ ოჯახის წევრებმა უნდა მოვაგვაროთ.