რაგბი

21:57 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,აია“  რისკს მოერიდა და 4 ქულას დასჯერდა

განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ქუთაისში გამართულ შეხვედრას მეტოქენი. დღევანდლამდე რუსთაველებს ერთი მარცხი ჰქონდათ, ისიც ლევან მგელაძის გაწვრთნილი ყოფილი კლუბისგან - ,,ბათუმისგან“. რაც შეეხება ქუთათურებს, საკუთარ მოედანზე მათ მხოლოდ ერთხელ გაემარჯვათ - უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თბილისის ,,თიბიესთან“, ამიტომ გულშემატკივრების წინაშე ისინი რეაბილიტაციას ეცდებოდნენ.

შეხვედრა საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო. ჯერ მორაგბეები ნორმალურად არც გახურებულიყვნენ, რომ რიონისპირელებმა ანგარიში გახსნეს. მე-4 წუთზე სტუმართა შეტევის დროს ერთ-ერთ რუსთაველ მორაგბეს ბურთი ხელიდან გაუვარდა. მეტოქის შეცდომით კარგად ისარგებლა ფრუიძემ, რომელმაც ბურთი მოედნის ცენტრში აიტაცა, სისწრაფის ხარჯზე მდევარი ჩამოიტოვა და ჩათვლის მოედანში შეირბინა. ახლო მანძილიდან გარდასახვა ჯინჭველაშვილს არ გასჭირვებია - 7:0.

ხუთ წუთში ქვემოქართლელები შერკინების ჩაქცევისთვის მოედნის ცენტრალურ ნაწილში დაჯარიმდნენ. ჯინჭველაშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა. ქუთათურთა ახალგაზრდა მგეზავმა დარტყმის ძალა სწორად განსაზღვრა,მაგრამ სიზუსტემ დააღალატა. ბურთი ოდნავ აცდა კარს.

მე-13 წუთზე რუსთაველები დაახლოებით იმავე ადგილზე კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ. ამჯერად ჯინჭველაშვილმა გამოზომილი დარტყმით ბურთი გვერდით ხაზს იქით ხუთმეტრიან ნიშნულისკენ გადაიტანა. საკუთარი აუტი ქუთათურებმა მოიგეს და მეტოქე მძლავრი ბიძგით ჩათვლის მოედანში შეათრიეს, თუმცა უკანასკნელ წამს ბურთი წინ გაუვარდათ და ანგარიშის გაზრდის შანსიც დაიკარგა.

ტაიმის შუაწელიდან სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს და გასატანი საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ გულიტაშვილმა შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა. ნახევარი საათის მიწურულს, კარგი კომბინაციის შემდეგ ბურთს გიორგი ბებიაშვილი დაეუფლა და მეტოქის ლელოსკენ დაიძრა, მაგრამ იგი კიკვაძემ აკრძალული ილეთით შეაჩერა. ხელსაყრელი მდგომარეობიდან დანიშნული საჯარიმო რუსთაველებმა კარში არ დაარტყეს და ბურთი გვერდით ხაზს იქით გადაიტანეს. მართალია საკუთარი დერეფანი მოიგეს და მეტოქეს მიაწვნენ, მაგრამ ბურთი დაკარგეს და შეტევაც ჩაეშალათ. 35-ე წუთზე გულიტაშვილმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ზუსტად კარის წინ დანიშნული საჯარიმო კიდევ ერთხელ ააცილა მიზანს. თითქმის მაშინვე ქუთათურები დაახლოებით იგივე ადგილზე დაჯარიმდნენ. დარტყმა გიორგი ბასილაიამ შეასრულა. რუსთაველთა კაპიტანმა თანაგუნდელებს ნდობა გაუმართლა და ბურთი კარის ძელებს შორის გააძვრინა-7:3.

ამის შემდეგ ქვემოქართლელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქის ჩათვლის მოედანს მთელი გუნდით მიეძალნენ. ქუთათურებს ანგარიშის შენარჩუნება გარკვეული დანაკარგის ფასად მოუხდათ. პირველი ტაიმის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე არბიტრმა გელა შალამბერიძეს ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან 10 წუთით გააძევა.

მიუხედავად იმისა, რომ რიონისპირელებმა შეხვედრის მეორე ნახევარი კაცნაკლულებმა დაიწყეს, ქუთათურებმი სტუმრებს მაინც ტოლ-სწორად ეომეს და არაფერი დაუთმიათ. ორივე მეტოქე ძალისმიერ ბრძოლას ცდილობდა. ტაიმის ნახევარი ისე გავიდა, რომ არც ერთ მხარეს სერიოზული სახიფათო მომენტი არ შექმნილა.

ამის შემდეგ რიონისპირელები უფრო გააქტიურდნენ და სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ. მათი ერთ-ერთი შეტევის დროს ცხადაძემ უხეშად ითამაშა და არბიტრმა მასაც 10 წუთით დაატოვებინა მოედანი. ქუთათურებმა ჯარიმის დარტყმის მაგივრად შერკინება მოითხოვეს, რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და მეტოქე მძლავრი ბიძგით ლელოში შეათრიეს. ლელო თამაშში დაბრუნებულმა გელა შალამბერიძემ დადო. ჯინჭველაშვილს ხელსაყრელი მდგომარეობიდან რეალიზაცია გაუცუდდა-12:3.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, რუსთაველებმა შეტევებს მოუხშირეს და ბასილაიამ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი ჩამორჩენა სალელოვე მანძილზე შეამცირა - 6:12. ქვემოქართლელებს გასამარჯვებლად ერთი გარდასახული ლელო ყოფნიდათ, ამიტომ ისინი მთელი გუნდით მიეძალნენ ნეტოქეს და შეხვედრის დარჩენილი დრო ქუთაისელთა ლელოსთან გაატარეს. სტუმრები ხელსაყრელი ჯარიმების დარტყმაზე უარს ამბობდნენ და ბურთის ხელდახელ გათამაშებით მეტოქის დალელოვებას ცდილობდნენ, თუმცა ქუთათურები თავს მედგრად იცავდნენ.

უკანასკნელ წუთზე მასპინძლებმა მეტოქის იერიში მოიგერიეს და ხელდახელ მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს, რომელიც ზედ საკუთარი კარის წინ შეცვლაზე შესულმა ბექა ბებიაშვილმა აკრძალული ილეთით შეაჩერა. არბიტრმა ქუთათურთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა და რუსთაველი მორაგბე გაასინბინა. ვინაიდან დრო უკვე ამოწურული იყო, რიონისპირელებს ჯარიმის გათამაშების ორი ვარიანტი რჩებოდათ. ან პირდაპირ კარში დარტყმით თამაში დაემთავრებინათ, ან ხელდახელ შეტევით მესამე ლელოს დადება და ამ გზით პრემიალური ქულის მოპოვება ეცადათ. მეორე ვარიანტს თან რისკიც ახლდა, შეიძლებოდა მასპინძლებს ბურთი დაეკარგათ, რაც რუსთაველებს შედეგიანი შეტევის განვიათარების და გამარჯვების შანსს უტოვებდა.

რიონისპირელებმა სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს და რეზო ჯინჭველაშვილმა ზუსტი დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა -15:6.

მატჩის შემდეგ

კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,ამ მატჩისთვის მომზადება განახევრებული შემადგენლობით მოგვიხდა - გუნდის დიდი ნაწილი ახალგაზრდულ ნაკრებში იყო გამოძახებული. შეთამაშება გაგვიჭირდა, რაც მატჩის მიმდინარეობის დროსაც გამოჩნდა. ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს. პოტენციალი დიდია, მაგრამ გამოყენება უნდა. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა დღევანდელ თამაშში ნაკლოვანი მხარეებიც მრავლად შეინიშნებოდა.“

ლევან მგელაძე (,,ხარები“) - ,,სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. რაგბის თამაშს უპირველესად ტვინი ჭირდება. შეიძლებოდა ბოლო ჯარიმა არ აგვეკიდებინა და სანუგეშო ქულა მოგვეპოვებინა. ვინ იცის ეს ერთი ქულა როგორ დაგვაკლდება მომავალში?’’

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. VIII ტური.
9 ნოემბერი. კვირა. ქუთაისი. ,,აია“. 15:00 საათი. 1000 მაყურებელი.

,,აია“ (ქუთაისი) - ,,ხარები “ (რუსთავი) 15:6 (7:3)

,,აია“: 15. ბაბუნაშვილი (აბრამიძე 57), 14. შაშიაშვილი, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე (სინაურიძე 65), 11. კიკვაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9 თ. თუთბერიძე, 1. რატიაშვილი 2. მატკავა (გიორგი ტორაძე უმც. 47), 3. გიორგი ტორაძე (ლომსიანიძე 53), 4. გიორგაძე (დ. ლოსაბერიძე 53), 5. ჩიტეიშვილი (კუხიანიძე 77), 6. დანგაძე (კ) (სალდაძე 72), 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი;

2 ლელო: ფრუიძე, შალამბერიძე;

გარდასახვა: ჯინჭველაშვილი;

ჯარიმა: ჯინჭველაშვილი;

სინბინი: შალამბერიძე;

მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;

,,ხარები“: 15. თეგეტაშვილი, 14. გ. ბებიაშვილი (ბ. ბებიაშვილი 60), 13. ბერძული, 12. ნათელაშვილი, 11. გულიტაშვილი, 10. ბასილაია (კ), 9. ბუჯიაშვილი, 1. მაჭარაშვილი (ქარუხნიშვილი 50), 2. თაგაური (ალაშვილი 69), 3. მელიქიძე, 4. ხელაია, 5. ცხადაძე, 6. ქვლივიძე, 7. ღამბარაშვილი, 8.მღებრიშვილი;

2 ჯარიმა: ბასილაია (2);

2 სინბინი: ცხადაძე, ბ. ბებიაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ლევან მგელაძე

მთ. მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

თ/მ: საბა აბულაშვილი, ანა პოღოსიანი;

დღესვე:

ყოჩები - ბათუმი 25:25

ლოკომოტივი - ლელო 9:13

(მიმოხილვა - მოგვიანებით)

სხვ

მ-წ*ფ

$

ბოლნისი ყოჩები

31

+79

7-0*1

1

ხარები რუსთავი

24

+52

5-2*1

2

ლელო სარასენს

20

+9

4-2*2

0

ლოკომოტივი

16

+8

3-4

4

ჯიქი

15

-18

3-3*1

1

აია ქუთაისი

15

-10

3-4

3

არმია

14

-39

3-4

2

არმაზი

14

+8

3-3

2

ბათუმი

12

-19

2-4*1

2

თიბიეს უნივერს’

3

-70

0-7

3

10 ნოემბერს:

15:00, ავჭალა არმია - თბს

0.212303