უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-13 ტურში, ლუგანსკის “ზორია”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია გამოდის, სტუმრად პოლტავის “ვორსკლასთან” 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა და მოედანზე შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა. მცველი თემურ ფარცვანია, რომელსაც უკრაინული პასპორტი აქვს, ტრავმის გამო მასპინძელთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “ზორიას” 18 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა, ხოლო “ვორსკლა”17 ქულით მეექვსეა.
ზაპოროჟიეში ადგილობრივი “მეტალურგი” კიევის “დინამოსთან” 2:4 დამარცხდა. მასპინძლებში ნახევარმცველი ვალერიან გვილია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 18-კაციან განაცხადში არ იყო. “მეტალურგი” 9 ქულით მეთორმეტეა.
პორტუგალიის ასოციაციის თასზე “ჟილ ვისენტემ” სახლში “ვარზიმი” პენალტების სერიაში დაამარცხა (3:1). მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. ქართველმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ “ჟილ ვისენტეს” სასტარტოში ადგილი დაკარგა და არც ამჯერად უთამაშია. მხოლოდ 18-კაციან განაცხადში მოხვდა.
“ფეირენსემ” “შავეში” მიიღო და 0:2 წააგო. მეკარე გიორგი მაკარიძე, რომელიც ბოლო პერიოდში არ თამაშობდა, “ფეირენსეს” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და შეუცვლელად გაისარჯა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-13 ტურში. ბაქოს აზალ-ი, რომლის ღირსებას ლაშა კასრაძე იცავს, გასვლაზე მოქმედ ჩემპიონ აგდამის “ყარაბაღთან” 1:2 დამარცხდა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. აზალ-ი 10 გუნდში მერვეა.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-15 ტურში, “საქსანი” “ზარიას” ესტუმრა და 0:2 წააგო. ნახევარმცველი ირაკლი გოგინაშვილი სტუმართა სასტარტოში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. “საქსანი” 20 ქულით 11 გუნდში მეხუთეა.
ბელარუსის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულში ბობრუისკის “ბელშინამ” მოიგილიოვის “დნეპრი” მიიღო და ვერ მოიგო – 1:1. ნახევარმცველი გიორგი მაღალდაძე ბობრუისკელთა თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. მცველი ნიკა მნათობიშვილი ტრავმირებულია და ამიტომ, რამდენიმე მატჩში მოგილიოველებს ვერ ეხმარება. “ბელშინა” 32 ქულით ქვედა ექვსეულში მეოთხეა, “დნეპრი” – მეექვსე.
“სლუცკმა” შინ “მინსკთან” 1:2 წააგო, ფორვარდი უჩა გოგოლაძე მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “სლუცკი” 39 ქულით მეორეა.
ალბანეთის სუპერლიგის მე-13 ტურში ვლორეს “ფლამურტარიმ” შკოდერში “ვლაჟნიასთან” 0:1 წააგო. ფორვარდი ნიკა გელაშვილი, რომელიც პოლონეთის ნაკრებთან მატჩამდე საქართველოს ეროვნული გუნდის ვარჯიშზე დაშავდა, ვლორელთა სამატჩო განაცხადში არ შეუყვანიათ. “ფლამურტარი” ალბანეთის 10-გუნდიან სუპერლიგაში მეექვსეა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში “ბასტიამ” შინაურ კედლებში “ლიონთან” ქულა აიღო. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე ბასტიელთა სამატჩო განაცხადში არც ახლა იყო. “ბასტია” 14 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 პოზიციაზე.
ისრაელის ლეუმით ლიგის (პირველი ლიგა) მე-12 ტურში ტიბერიას “ირონი” გასვლაზე თელ ავივის “ბეითართან” 1:2 დამარცხდა. შემტევი ნახევარმცველი დავით კირკიტაძე თადარიგში იყო და თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო. “ირონი” 15 ქულით 16 გუნდში მეათეა.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-18 ტურში “ჰალეშერმა” სტუმრად “მაინცი II”-თან გოგიას წყალობით მოიგო – 1:0. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 38-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. მიმდინარე სეზონში მან 16 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. “ჰალეშერი” 22 ქულით 20 გუნდში მეთოთხმეტეა.
“უნტერჰახინგი” გასვლაზე “მიუნსტერთან” 0:2 დამარცხდა. ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი სტუმართა სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. “უნტერჰახინგი” 19 ქულით მეთექვსმეტეა.