ფეხბურთი

1:15 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიას გოლი, კანკავას ფრე, "ვიტესის" მარცხი

უკრაინის პრემიერლიგაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, კერძოდ, "დნიპრომ" შინ 1:1 ითამაშა "ჰოვერლასთან" და მეორე ადგილზე დარჩა, არადა, პირველზე გადასვლა შეეძლო დროებით მაინც – სანამ კიევის "დინამო" ითამაშებს. ჯაბა კანკავამ "დნიპროში" 90 წუთი ითამაშა.

ჰოლანდიაში არნემის "ვიტესმა" "ალკმაართან" გასვლაზე 0:1 წააგო და მე-12 ადგილზეა. არც გურამ კაშია იყო სასტარტოში და არც ვაკო ყაზაიშვილი. კაშია 54-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ვაკომ კი ბოლო 15 წუთი ითამაშა.

კვიპროსზე "ანორთოსისმა" გასვლაზე 4:0 მოუგო "დოქსას" და ერთი გოლი გიორგი აბურჯანიამ გაიტანა, კერძოდ, 32-ე წუთზე დაახლოებით 10 მეტრიდან დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. აბურჯანიამ 77 წუთი ითამაშა, მისმა თანაგუნდელმა ირაკლი მაისურაძემ კი – შეუცვლელად. '”ანორთოსისი" მესამე ადგილზეა. 10 ტურში აბურჯანიას ორი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს.

"ომონიამ" აელ-ს 2:0 აჯობა, თუმცა არც შოთა გრიგალაშვილს უთამაშია და არც უჩა ლობჟანიძეს. "ომონია" მეოთხე საფეხურზეა.

"ოთელოსმა" შინ 2:1 მოიგო "აია ნაპასთან" და ბოლოდან მესამე ადგილზეა. სამივე ქართველმა (როინ კვასხვაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ლევან ხმალაძე) შეუცვლელად ითამაშა.

სომხეთში ლიდერმა "ულისესმა" შინ 1:2 წააგო "შირაქთან". დამარცხებულთაგან ერთადერთი გოლი დავით ხურციძემ მიითვალა. ხურციძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა. "ულისესში", რომელიც 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, ხურციძის გარდა, გიორგი ხუბუა და ზამირ ჯანაშიაც თამაშობენ.

0.116495