რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 21-ე ტურში, “სახალინმა”, რომელშიც ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, შინ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასთან” 2:3 წააგო.
ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. შუახაზელები ზურაბ არზიანი და გიორგი კახელიშვილი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ. მცველი ლაშა ჯღარკავა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თადარიგში იჯდა, მაგრამ მოედანზე არ შესულა. ფორვარდი მერაბ ურიდია სტუმართა შორის მოედანზე პირველი წუთიდან თამაშობდა და შესვენების მერე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ 22-ე წუთზე ხოჯავას საგოლე პასის მერე, მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
“ვოლგა” 28 ქულით 18 გუნდში მეცხრეა, ხოლო “სახალინი” 19 ქულით – მეთექვსმეტე.