დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს ცხინვალის "სპარტაკი" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდნენ.
მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო და მალევე "შუქურამ" ბურთის ფლობის უპირატესობაც მოიპოვა. გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვიფიქრებდით, რომ ცხინვალის "სპარტაკი" ცხრილის მოწინავე ადგილებთან ახლოს გახლდათ. თავდაპირველად "შუქურა" ცდილობდა გიორგი ნადირაძის კარი შორი დარტყმებით აეღო, თუმცა ბურთი კარს არც კი უახლოვდებოდა. პირველი ტაიმის შუაწელს ცხინვალელებმა ჯარიმის უფლება კუთხურის ალამთან ახლოს მოიპოვეს - გიორგი თექთუმანიძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, "შუქურამ" ბურთი გამოიტანა, საჯარიმოს ცენტრის მისადგომებიდან კი გივი იოსელიანმა ძლიერად დაარტყა, თუმცა ამაზატ ჯიოევი უშეცდომო გახლდათ.
პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ქობულეთელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა 37-ე წუთზე ცხინვალის "სპარტაკმა" დაამტკიცა თუ რატომაა ცხრილის ზედა მხარეს - მცველმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა საჯარიმოში ჩაბრუნებული ბურთი მიიღო და მარჯვნივ უმალვე მოძებნა ლაშა შინდაგორიძე. "სპარტაკის" თავდამსხმელმა კი ახლო კუთხიდან ძლიერი დარტყმით ჯიოევს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში გახსნა - 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ, "შუქურამ" კვლავ განაგრძო შეტევა, სხვადასხვა კომბინაციებით და საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთით ცდილობდა სახიფათო მომენტები შეექმნა, თუმცა "სპარტაკი" უშეცდომოდ თამაშობდა, ბურთი საჯარიმოდან გამოჰქონდა და პირველი ტაიმი თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა.
მეორე ტაიმი ქობულეთელთა უკვე ჩვეული უპირატესობით წარიმართა და მეტოქის კარს ხშირად უტევდნენ. ცხინვალელები იშვიათად ცდილობდნენ რაიმე საფრთხის შექმნას, ბუნებრივიც იყო "შუქურა" მათ თამაშის საშუალებას არ აძლევდა.
56-ე წუთზე გივი იოსელიანმა საჯარიმოში არჩილ ტვილდიანი წააქცია და "შუქურამ" თერთმეტმეტრიანის რეალიზაციის უფლება მოიპოვა. ქობულეთელებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ჰქონდათ, თუმცა გიორგი ჩელებაძემ ბურთი ნადირაძის კარს ააცილა.
ქობულეთის "შუქურა" ამის შემდეგაც ქმნიდა "სპარტაკის" კართან სახიფათო მომენტებს. ჩელებაძეს, ტვილდიანს, ჩალაძეს გოლის გატანის შანსები ჰქონდათ, თუმცა ფეხბურთში გოლის გასატანად გადამწყვეტ სიტუაციებში მეტი აგრესია და სიზუსტეა საჭირო, რათა გულშემატკივრები გაახარო, ამას კი "შუქურა" ვერ ახერხებდა. 86-ე წუთზე "სპარტაკი" კონტრშეტევაზე გადავიდა და შეტევის მარჯვენა კუთხიდან გიორგი ივანიშვილმა ჯიოევს ძლიერად დაურტყა, თუმცა აზამატმა ნახევარმცველს საკუთარი გუნდის ორი ბურთით დაწინაურების საშუალება არ მისცა.
აღნიშნული მატჩი ქობულეთის "შუქურას" სრული უპირატესობით და ცხინვალის "სპარტაკის" გამარჯვებით დასრულდა. ამ გამარჯვებით ცხინვალელებმა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს, ქობულეთელები კი დასანანი მარცხის შემდეგ, კვლავ გასავარდ ზონასთან ახლოს იმყოფებიან. მომდევნო მატჩი "სპარტაკს" სტუმრად რუსთავის "მეტალურგთან" ელოდება, ხოლო "შუქურა" "ჩელე არენაზე" ქუთაისის "ტორპედოს უმასპინძლებს.
სპარტაკი (ცხინვალი) - შუქურა (ქობულეთი) 1:0 (1:0)
22 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონი.
სპარტაკი: გიორგი ნადირაძე, ბიძინა მახარობლიძე (დავით მაისაშვილი 90), მერაბ გიგაური, გიორგი კაჭკაჭიშვილი, გიორგი ივანიშვილი, ლაშა შინდაგორიძე (ირაკლი ლექვთაძე 87), რევაზ ქემოკლიძე, გიორგი ცერცვაძე, გიორგი თექთურმანიძე (უჩა ბურძენაძე 77), ნიკა კაჭარავა, გივი იოსელიანი.
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
შუქურა: აზამატ ჯიოევი, ლაშა ჩალაძე (ცოტნე მესხი 87), გიორგი გურული, დავით ხოჭოლავა, ლაშა კალანდაძე, არჩილ ტვილდიანი, გიორგი კუხიანიძე, რობერტ ლობე, გიორგი ჩელებაძე, ირაკლი კომახიძე (მერაბ კობალიანი 76), ზვიად მეტრეველი.
მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე.
გოლი: 1:0 ლაშა შინდაგორიძე (36)
57-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
გაფრთხილება: ნიკა კაჭარავა (33), აზამატ ჯიოევი (35), გიორგი ჩელებაძე (51), გიორგი ცერცვაძე (90),
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
1. | დინამო თბილისი | 13 | 9 | 2 | 2 | 25:10 | 29 | |
2. | დილა | 13 | 7 | 3 | 3 | 19:11 | 24 | |
3. | სპარტაკი | 13 | 7 | 2 | 4 | 13:18 | 23 | |
4. | სამტრედია | 13 | 6 | 3 | 4 | 14:10 | 21 | |
5. | დინამო ბათუმი | 13 | 6 | 2 | 5 | 13:12 | 20 | |
6. | მეტალურგი | 13 | 5 | 4 | 4 | 17:14 | 19 | |
7. | მერანი | 13 | 5 | 4 | 4 | 11:9 | 19 | |
8. | ჩიხურა | 13 | 5 | 4 | 4 | 15:14 | 19 | |
9. | ზესტაფონი | 13 | 4 | 6 | 3 | 27:18 | 18 | |
10. | ტორპედო | 13 | 3 | 7 | 3 | 16:15 | 16 | |
11. | გურია | 13 | 3 | 6 | 4 | 14:22 | 15 | |
12. | შუქურა | 13 | 3 | 5 | 5 | 12:16 | 14 | |
13. | სიონი | 13 | 3 | 3 | 7 | 12:19 | 12 | |
14. | ვიტ ჯორჯია | 13 | 3 | 2 | 8 | 11:16 | 11 | |
15. | კოლხეთი | 13 | 2 | 5 | 6 | 9:15 | 11 | |
16. | ზუგდიდი | 13 | 2 | 4 | 7 | 8:17 | 10 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ჩისკო (დინამო თბილისი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.