ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს ჩვენი დროით 23:00 საათზე “ნოუ კამპზე” გაიმართება, სადაც მე-2 ადგილოსანი “ბარსელონა” მე-5 პოზიციაზე მყოფ “სევილიას” უმასპინძლებს. კლუბებს შორის განსხვავება მხოლოდ 2 ქულას შეადგენს და დღეს ბარსელონაში ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი უნდა შედგეს.
“ბარსელონამ” სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 8 ტურის განმალობაში გოლიც კი არ გაუშვია, რასაც ზედიზედ ორი წაგება მოჰყვა “რეალთან” და “სელტასთან’ და ლიდერობის დათმობაც მოუწიათ. კატალონიელები წინა ტურში საერთოდ მე-4 პოზიციამდე დაეშვნენ, თუმცა კონკურენტებმა წაიბორძიკეს და “ბლაუგრანა” მე-2 ადგილამდე აღზევდა.
შუა კვირაში “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ელის, თუმცა ამ მატჩზე ლუის ენრიკეს კრებული ნაკლებად იფიქრებს, რადგან “აპოელის” დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ და დღევანდელი მატჩი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და პრინციპულია.
კატალონიელებს ტრავმის გამო ანდრეს ინიესტა არ ეყოლებათ. სამაგიეროდ, თამაშის ნებართვა მიიღეს ჟერემი მატიემ და რაფინიამ.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება ივან რაკიტიჩი. ხორვატი მოთამაშე გასულ სეზონში “დალაქთა” უმთავრესი ლიდერი იყო და ევროპის ლიგის მოგებაში უდიდესი წვრილი მიუძღვის.
“ბარსელონას” მსგავსად, სეზონი დიდებულად დაიწყო “სევილიამაც”, თუმცა უნაი ემერის კოლექტივმა ბოლო ორ მატჩში წაიბორძიკა და ოთხეულიდან ამოვარდა. ანდალუსიელებმა ჯერ “ბილბაოსთან” წააგეს სტუმრად, ხოლო შემდგომ შინ “ლევანტესთან” გაიყვეს ქულები, რაც კლუბის აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება. მიუხედავად მცირე ჩავარდნისა, მეორე ადგილთან სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და დღეს გამარჯვების შემთხვევაში ანდალუსიელები “ბარსელონას” გადაუსწრებენ. უნაი ემერი შეხვედრას იმედიანად ხვდება. მისი თქმით, “ბარსელონა” უპირობო ფავორიტია, თუმცა შანსები მის გუნდასაც აქვს, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად ეცდებიან. ბასკმა აღნიშნა, რომ მათი მთავარი საზრუნავი ლეო მესის შეჩერება იქნება.
ისიც უნდა ითქვას, “სევილიამ” ევროპის ლიგაზე ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა და ხუთშაბათის შეხვედრაზე აღარავინ იფიქრებს დღეს.
“დალაქებს” ტრავმების გამო ფერნანდო ნავაროს, ტრემულინასის, იბორასა და კრისტოფოს იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
“სევილიას” შემადგენლობაში დღეს “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი – ჟერარ დეულოფეუ და დენის სუარესი ითამაშებენ, რომლებიც მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ატარებენ ანდალუსიელთა რიგებში.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 42 წლის არაგონელი მსაჯი კლოს გომესი იქნება, რომელიც 2005/2006 წლების სეზონიდან უძღვება ლა ლიგის მატჩებს, ხოლო 2009 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.
ურთიერთშეხვედრები
10.02.14 სევილია – ბარსელონა 0:2
14.09.13 ბარსელონა – სევილია 3:2
24.02.13 ბარსელონა – სევილია 2:1
30.09.12 სევილია – ბარსელონა 2:3
17.03.12 სევილია – ბარსელონა 0:2
23.10.11 ბარსელონა – სევილია 0:0
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, ბარტრა, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, ხავი, რაკიტიჩი, სუარესი, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, პარეხა, კოკე, ფიგეირაში, მ’ბია, კრიხოვიაკი, დენის სუარესი, ვიტოლო, დეულოფეუ, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი