რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 21-ე ტურში, ტიხვინის “ტოსნომ”, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, თავის მოედანზე ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიას” 2:1 აჯობა.
მეკარე ნუკრი რევიშვილმა და მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშეს. ფორვარდი მიხაილ გორელიშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე ტრავმის მოშუშების შემდეგ "ტოსნოს" სასტარტოს დაუბრუნდა და მე-60 წუთზე შეცვალეს. ნავალოვსკი არასპორტული საქციელისთვის 90-ე წუთზე გააფრთხილეს. რუსეთის მოქალაქე მცველი გურამ თეთრაშვილი “ლუჩ-ენერგიას” რიგებში შესვენების მერე გამოჩნდა. ამ გამარჯვების შემდეგ, “ტოსნო” 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ მახაჩყალის “ანჟის” 2 ქულით ჩამორჩება.
უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში, ლვოვის “კარპატიმ”, რომლის ღირსებასაც ბუბა დაუშვილი იცავს, თავის მოედანზე დონეცკის “შახტართან” 0:2 წააგო. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი მასპინძლების 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა “კარპატის” სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. “კარპატის” ქულა არ აქვს და ბუნებრივია, რომ 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.