რუსულმა “ნიჟნი ნოვგოროდმა”, რომელშიც მცირე ხნის წინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია ჩაირიცხა, ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო.
აინარს ბაგატსკისის მიერ დარიგებული გუნდი სარდინიაზე “დინამო სასარის” ესტუმრა და 89:82 იმარჯვა. სტუმრებმა განსაკუთრებით ძლიერად ბოლო მეოთხედში ითამაშეს, რომელიც 26:17 მოიგეს.
ფაცაცია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 16:15 წუთში კი 5 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლევანმა 2 სამქულიანი და ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
რუსული კლუბის გამარჯვებაში ლომის წვლილი ამერიკელმა ტეილორ როჩესტიმ დაიდო, რომელმაც 29 ქულა და 7 პასი მიითვალა.
“ნიჟნი ნოვგოროდმა” 3 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და A ჯგუფში კაუნასის “ჟალგირისთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
ფაცაციას კლუბს ევროლიგაში მომდევნო მატჩი 27 ნოემბერს მადრიდში “რეალთან” ელის, რომელსაც 6-დან 5 მატჩი აქვს მოგებული და ჯგუფის ლიდერია.