რაგბი

14:44 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

IRB-მ ბიძინა ივანიშვილს რაგბის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა

17 ნოემბერს, ლონდონში რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მსოფლიო რაგბის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდა სპეციალური ღონისძიება, რომლის დროსაც მოხდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდების დარბაზის 15 ახალი წევრის დასახელება და მსოფლიოს მასშტაბით რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სპეციალური საპატიო ჯილდოების დარიგება. „IRB-ს განვითარების ჯილდო" საქართველოში რაგბის განვითარებისთვის გადაეცა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს.


ჯილდო ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა ფონდი ''ქართუს'' პროექტების მენეჯერმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო. დაჯილდოვების ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც 21 ნოემბერს სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებთან აღნიშნული საკითხის გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს. რაგბის საერთაშორისო საბჭო განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" საქართველოში 23სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა; მათ შორის, ააშენა საწვრთნელი ცენტრები და სტადიონები.

რაგბის საერთაშორისო საბჭო: „ბიძინა ივანიშვილის ხედვამ და გულუხვობამ უზარმაზარი როლი შეასრულა, საქართველოს, როგორც სარაგბო ქვეყნის განვითარებაში. მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" 2008 წლიდან დღემდე არაერთ სარაგბო პროექტს აფინანსებს საქართველოში. მათ შორის არის ორი სარაგბო მოედანი, ქვეყნის მასშტაბით მსოფლიო სტანდარტების მიხედვით აგებული სამწვრთნელო კომპლექსები. ფონდი ასევე აფინანსებს განვითარების სხვადასხვა პროექტებსა და ნაწილობრივ ფარავს ეროვნული ნაკრების წვრთნასთან და ტურნირებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. "ქართუ ფონდის" დახმარებით რაგბი ახლა წამყვანი სპორტია საქართველოში ."

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გია ნიჟარაძის განცხადებით, გადაწყვეტილია, რომ თბილისში, კერძოდ დიღომში საქართველოს ნაკრებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სტადიონი აშენდება. დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, რომელზეც ცნობილი ‘’ავივა სთედიუმის’’ დამპროექტებელი კომპანია მუშაობს.

სტადიონი 25-დან 30 ათასამდე გულშემატკივარს დაიტევს. მოედანი ფონდი ‘’ქართუს’’ სახელმწიფოს და რაგბის კავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდება. ახალი მოედნის აშენებაზე მეტწილადაა დამოკიდებული 2017 წელს ახალაგზრდული მსოფლიოს პირველობის მიღებაც, რომლის სამასპინძლოდაც საქართველომ განაცხადი საერთაშორისო ფედერაციაში შეიტანა.

ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა გაზაფხულზე გაირკვევა. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საერთაშორისო ფედერაციამ იცოდეს, რომ საქართველოში ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების შერჩევა სავარჯიშო მოედნების მოსაწყობად, რაც საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

სამინისტროს პრესსამსახური

0.109633