სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

23:17 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მწირი დღე ევროლიგაში

ყაზანის “უნიკსმა” მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ევროლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა, ვიქტორ სანიკიძისთვის კი გასული მატჩი წარუმატებელი გამოდგა.

ბერძენი დიმიტრის იტუდისის რუსმა შემცველმა ევგენი პაშუტინმა ქართველი კალათბურთელი მხოლოდ 04:38 წუთი დატვირთა და მე-2 ტაიმში მოედანზე არც გაუყვანია.

სანიკიძემ თითო ორქულიანი და სამქულიანი გააცუდა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა, აქტივში კი 2 მოხსნა ჰქონდა.

თურქულ “ეფესთან” მატჩში რუსული კლუბი 15 ქულითაც კი აგებდა, თუმცა, თამაშის “შემოტრიალება” მოახერხა და 67:64 იმარჯვა.

მასპინძელთა რიგებში 19 ქულით საუკეთესო კეიტ ლენგფორდი იყო, “უნიკსმა” კი A ჯგუფში მე-2 გამარჯვება იზეიმა და ჯერჯერობით, მე-5 ადგილზე იმყოფება.

ასევე 15 ქულით აგებდა ლიტვაში ჩასული თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩაც”. “უნიკსის” დარად, ჩამორჩენა ბასკებმაც აღმოფხვრეს და ბოლო წუთზე წინაც იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ 79:80 წააგეს.

შენგელიამ მხოლოდ 13:10 წუთს ითამაშა და დასკვნით მეოთხედში მოედანზე არ გამოჩენილა, მისი მონაგარი კი 4 ქულა და 1 მოხსნა იყო. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო დ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართა რიგებში შეუჩერებელი იყო ფრანგი ტომას უერტელი, რომელმაც 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და თავი 31 ქულას მოუყარა, სხვებმა კი აშკარად ვერ ივარგეს.

მაგალითად. ლატვიელმა დავის ბერტანსმა 10-დან 9 სამქულიანი ააცილა, სლოვენიელმა საშა ვუიაჩიჩმა თამაშიდან 9-დან 8 ტყორცნა გააცუდა, ხოლო ამერიკელმა კოლტონ აივერსონმა 9-დან 7 საჯარიმო გაუშვა მიზანს მიღმა.

“ლაბორალ კუჩამ” ევროლიგაში ზედიზედ მესამედ წააგო, 2 გამარჯვება შერჩა და D ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, ამდენად, შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.

ტურნირში მოთამაშე ქართველთა კლუბებიდან ყველაზე იოლი დღე მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ჰქონდა, რომელმაც ბერლინის “ალბა” 95:66 გაანადგურა. მოსკოველებს B ჯგუფში 6-ვე მატჩი მოიგეს და მომდევნო რაუნდში თამაში უკვე განაღდებული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილს ჯერაც ტრავმა აწუხებს და მონაწილეობა არც გასულ მატჩში მიუღია, საუკეთესო კი ცსკა-ს ფრანგი ლეგიონერი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა.

ისიც ვთქვათ, რომ მე-6 ტურის მატჩს ხვალ ჩაატარებს ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი”. რუსული კლუბი, რომელსაც ლატვიელი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი ავარჯიშებს, იტალიაში “დინამო სასარის” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116989