ვეტერან ქართველ ფეხბურთელთა გუნდი 22 ნოემბერს ტაშკენტში, “ფახთაქორის” სტადიონზე ადგილობრივ ვეტერანებს გაეჯიბრება, მატჩი კი თბილისის “დინამოს” მიერ 1964 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგებას მიეძღვნება.
დღეს სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია “სალერის” მაღაზიაში “იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და რამდენიმე ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს ის სპორტული ფორმა წარუდგინეს, რომლითაც თბილისის “დინამო” ტაშკენტში იასპარეზებს: კლუბის ძველი ლოგოთი დამშვენებული თეთრ-ლურჯი ფორმა.
“სასიხარულოა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ასე კარგად აღნიშნა “ოქროს ბიჭების” 50 წლის იუბილე. გადავწყვიტეთ, სამინისტროს გვერდით დავუდგეთ და ვეტერანთა ის გუნდი, რომელიც ტაშკენტში გაემგზავრება, სპორტული ფორმით დავასაჩუქროთ”, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
“ჩვენი, ახლო თაობის ვეტერანების სახელით მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ტარიელს და “სალერს” თანადგომისთვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ამ ამხანაგური თამაშის ორგანიზება შეძლო. ჩვენ სიამოვნებთ ვითამაშებთ “ფახთაქორის” ვეტერანებთან”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის გარდა უზბეკეთში გაემგზავრებიან სოსო გრიშიკაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და სხვები.
ტაშკენტს საქმიანი ვიზიტით ეწვევა მინისტრი ლევან ყიფიანიც.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური