კანადელი ჩოგბურთელი ეჟენი ბუშარი WTA-ს წლის ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე გახდა. ბუშარმა მედიის 58 წარმომადგენლიდან 45 ხმა მიიღო და გულშემატკივრების ხმების 49 პროცენტი. ეჟენმა წელი რეიტინგში მე-20 ადგილზე დაიწყო და მეხუთეზე დაამთავრა.
“ჩემი მიზანია ყოველდღიურად გავუმჯობესდე, მომწონს ჩემს მიერ განვლილი წელი. ვამაყობ ჩემი მიღწევებით, უკვე დავისახე ახალი მიზნები და იმედია შემდეგ წელს განვახორციელებ. მჯერა, რომ უფრო მეტად გავიზრდები”- ბუშარის სიტყვებს WTA-ს ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ბუშარი მიმდინარე წელს 3 გრანდ სლემის ნახევარფინალში გავიდა და უიმბლდონზე ფინალში გააღწია. ის გახდა ერთადერთი კანადელი ჩოგბურთელი, რომელიც ღია ერაში უიმბლდონის ფინალში გავიდა.
ბუშარმა ჩოგბურთით წელს 3.22 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მიმდინარე სეზონი 45 მოგებით და 23 წაგებით დაამთავრა.