“წარსულის მოგონება ხვალინდელი დღის დასანახავადაა საჭირო. უნდა შეგეძლოს გაიხედო ხვალის მიღმა, ამისთვის კი საჭიროა წარსული გახსოვდეს”, - ქართული ფეხბურთის პატრიარქის ანდრო ჟორდანიას ეს სიტყვები კარგად შეეფერება თბილისის “დინამოს” მიერ 50 წლის წინათ მოპოვებულ ტრიუმფს. ქართველთათვის ამ საყვარელი დღის იუბილესთან დაკავშირებით 3 დღის განმავლობაში რამდენიმე გულისამაჩუყებელი, სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, დასკვნითი აკორდი კი 19 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გამართული საღამო იყო.
თეატრის ფოეიში შესულებს ფეხბურთის გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს კარგი საჩუქარი დაგვხვდა. საიუბილეო თარიღს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ორი წიგნის დასტამბვა დაამთხვია. ცხადია, ორივე გამოცემას უშუალო კავშირი აქვს თბილისის “დინამოსთან”.
“ფიქრები ქართულ ფეხბურთზე” - ასე ჰქვია ანდრო ჟორდანიას ნამუშევარს, რომლის ლიტერატურული ჩანაწერი ცნობილ ქართველ ლიტერატურულ კრიტიკოსს რომან მიმინოშვილს ეკუთვნის, წიგნის მთავარი რედაქტორი კი გიორგი გორგოძე გახლავთ. წიგნს ერთი ამოსუნთქვით გაეცნობა მკითხველი და როგორც საფეხბურთო სპეციალისტები, ასევე გულშემატკივრები და სპორტისგან შორს მდგომი ადამიანებიც კი მათთვის საინტერესოსა და საყურადღებოს გაეცნობა.
მეორე წიგნი “ჩვენი “დინამო” ოქროს ბიჭებია” და ძნელი მისახვედრია არაა, ნაშრომი 1964 წლის საკავშირო პირველობის პერიპეტიებს რომ ეძღვნება. დინამოელებმა პირველივე ტურიდან ხელთ იგდეს მოწინავე პოზიცია, 18 ნოემბრის გადათამაშებაში 4:1 გამარჯვების შემდეგ კი ჩემპიონობა მოიპოვეს. ნაშრომში 50 წლის წინანდელი პრესის მასალებია, რომლებიც ჩვენმა კოლეგა ლაშა გოდუაძემ შეკრიბა და ქომაგთათვის კარგი და საჭირო წიგნი შეკრა.
დიდწილად საიუბილეო თარიღს ეძღვნება თბილისის ”დინამოს” საკლუბო ჟურნალის 2014 წლის შემოდგომის გამოცემაც, რომელიც რუსთაველის თეატრში მისულებს ქალბატონმა ირმა ცქიტიშვილმა თავაზიანად შემოგვთავაზა.
თბილისის “დინამოს” “ოქროს მატჩის” 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი რუსთაველის თეატრის დარბაზში ჩატარებული საღამოთი დასრულდა. დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ქართული ფეხბურთის წარსულს, ძირითადი ნაწილი კი, ცხადია, ტაშკენტის მატჩსა და “ოქროს ბიჭებთან” დაკავშირებულ მოგონებებს მიეძღვნა. ვიხილეთ დაუვიწყარი კადრები და ფოტოები, გამომსვლელებმა ღირსეულად დააფასეს იმდროინდელ ქართველ ფეხბურთელთა ღვაწლი სამშობლოს ისტორიაში, ჩვენ კი საღამო ჩვენი ფეხბურთის უკეთესი მომავლის იმედით დავტოვეთ...