სანაკრებო ფეხბურთი დღეს მომავალ წლამდე ძალიან საინტერესო ამხანაგური შეხვედრებით დაგვემშვიდობება.
ვიგოში მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები დაუპირისპირებიან ერთმანეთს, “ოლდ ტრაფორდზე” პორტუგალია და არგენტინა გაეჯიბრებიან, მარსელში საფრანგეთი შვედეთს მასპინძლობს, ვენაში ბრაზილია ჩავა ავსტრიასთან სათამაშოდ, ხოლო გლაზგოში ბრიტანული დერბი შედგება - შოტლანდია ინგლისის წინააღმდეგ.
ესპანეთი – გერმანია
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”, 23:45
დღის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ “ესტადიო ბალაიდოსზე” შედგება, სადაც ერთმანეთს მოქმედი და ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონები დაუპირისპირდებიან.
ორივე ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით აპირებს თამაშს და ბევრ ახალ მოთამაშეს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში წინ უმაღლესი დონის შეხვედრა გველოდება.
ესპანეთის ნაკრების რიგებში წინა მატჩთან შედარებით რამდენიმე ცვლილებაა მოსალოდნელი. Marca-ს ცნობით, კიკო კასილია, ხუან ბერნატი, იგნასიო კამაჩო, სეზარ აზპილიკუეტა, რაულ გარსია, ალვარო მორატა და ნოლიტო ძირითადში იქნებიან.
ამათგან, კასილია, კამაჩო და ნოლიტო პირველად მოირგებენ “ფურია როხას” მაისურს, ხოლო მორატა, გარსია და ბერნატი მეორედ.
უცვლელი მხოლოდ 4 მოთამაშე იქნება, დაცვის ცენტრი, სადაც პიკესა-რამოსის დუეტი იმოქმედებს, კოკე, რომელიც ცენტრალურ ნახევარმცველად გაირჯება და ისკო, რომელიც მარცხენა ფლანგზე ითამაშებს.
ბევრ მოთამაშეს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას იოახიმ ლიოვიც. გერმანიის ნაკრებს გიბრალტართან მატჩის შემდეგ მანუელ ნოიერი გამოაკლდა ტრავმის გამო და დღეს ბუნდესგუნდის კარს რომან ვაიდენფელერი დაიცავს. ამავე მიზეზის გამო ვერ ითამაშებს ჟერომ ბოატენგი და დაცვის ცენტრს ჰიოვედესისა და მუსტაფი დუეტი გაამაგრებს, ხოლო ფლანგებზე დურმი და რუდიგერი იმოქმედებენ. ნახევარდაცვის ცენტრში მუსტაფის მსგავსად, ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები გაირჯებიან – ტონი კროოსისა და სამი ხედირას წყვილი. ნახევარდაცვაში შემტევი ტრიო შემდეგნაირი იქნება: ბელარაბი-გიოტცე-მიულერი, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდი კევინ ვოლანდი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-4-2): კასილია, რამოსი, პიკე, აზპილიკუეტა, ბერნატი, კოკე, კამაჩო, რ.გარსია, ისკო, ნოლიტო, მორატა.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
გერმანია (4-2-3-1): ვაიდენფელერი, ჰიოვედესი, მუსტაფი, დურმი, რუდიგერი, კროოსი, ხედირა, გიოტცე, მიულერი, ბელარაბი, ვოლანდი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
მსაჯი: სტეფან იოჰანესონი
პორტუგალია – არგენტინა
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”, 23.45
უაღრესად საინტერესო შეხვედრა შედგება “ოლდ ტრაფორდზე”, სადაც პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებები შეხვედრებიან ერთმანეთს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კრიშტიანო რონალდუსა და ლეო მესის კიდევ ერთ დაპირისპირებას ვნახავთ, ამჯერად სანაკრებო დონეზე.
პორტუგალიელთა რიგებში ახალმა თავკაცმა, ფერნანდუ სანტუშმა ბევრი ცვლილება მოახდინა. მან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მოიწვია ნაკრებში, თუმცა ვეტერანი მოთამაშეები რიკარდო კარვალიო, ჟოზე ბოსინგვა და ელდერ პოშტიგაც მიიწვია კვლავ, რის გამოც იგი ბევრმა გააკრიტიკა. მოსალოდნელია, რომ სამივე ეს მოთამაშე ძირითადში იქნება დღეს. პრინციპში, ბევრი ცვლილების მოლოდინში არც უნდა ვიყოთ, “ლუზიტანები” დაახლოებით იმ შემადგენლობით ითამაშებენ, როგორითაც სომხების წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში.
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, ვერცხლის მფლობელთა ახალმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ ბევრი ცვლილება მოახდინა ნაკრებში. “ალბისელესტეს” რიგებში დაბრუნდნენ კრისტიან ანსალდი, ნიკოლას ოტამენდი, ევერ ბანეგა, ხავიერ პასტორე, კარლოს ტევესი, ფედერიკო ფასიო და ერიკ ლამელა. ღოგორც იქნა, ნაკრებში მოხვდა ვილი კაბალიერო, რომელსაც ჯიუტად არ იძახებდა ალეხანდრო საბელია.
არგენტინელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი არ აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო, კარვალიო, პეპე, ბოსინგვა, გუერერო, კარვალიო, ტიაგო, დანი, ნანი, რონალდუ, პოშტიგა.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
არგენტინა (4-2-3-1): რომერო, რონკალია, ოტამენდი, დემიჩელისი, ანსალდი, ბილია, მასკერანო, პასტორე, დი მარია, მესი, იგუაინი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
იტალია – ალბანეთი
გენუა, “ლუიჯი ფერარი”, 23:45
იტალიის ნაკრებმა კვირას პრინციპულ დაპირისპირებაში ვერ მოუგო ხორვატიის ნაკრებს და თავის შესარჩევ ჯგუფში ლიდერობა ვერ მოიპოვა. “სკუადრა აძურას” რიგებში აშკარაა, რომ პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლადაც ანტონიო კონტეს ბევრი შრომა მოუწევს.
იტალიელები ტრავმის გამო კვლავ მოისაკლისებენ ოგბონას, პირლოსა და ბალოტელის.
ალბანეთის ნაკრებზე კი, მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება. მათ ცოტა ხნის წინ პორტუგალია დაამარცხეს სტუმრად, ხოლო შაბათს საფრანგეთის ნაკრებთან არ წააგეს. სხვათაშორის, ალბანელებს იტალიელი სპეციალისტი, ჯანი დე ბიასი წვრთნის.
სავარაუდო შემადგენლობები
იტალია (3-5-2): ბუფონი, დარმიანი, კიელინი, რანოკია, დე შილიო, პასკუალი, დე როსი, მარკიზიო, კანდრევა, იმობილე, ზაზა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
ალბანეთი (4-5-1): ბერიშა, ჰიშა, მავრეი, კანა, აგოლი, ლილა, აბრაში, ბურიმი, ლენჟანი, მანუშაი, ჩიკალეში.
მწვრთნელი: ჯანი დე ბიასი
ავსტრია – ბრაზილია
ვენა, “ერნს ჰაფელ შტადიონი”
ავსტრიის ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან კარგად გამოიყურება და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, რაზეც შესარჩევში ნაჩვენები შედეგიც მოწმობს. ავსტრიელებმა შაბათს რუსეთის ნაკრები დაამარცხეს, ჯგუფში გალიდერდნენ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ჩინებული შანსი შეიქმნეს.
რასაკვირველია ფავორიტი დღეს ბრაზილია, თუმცა მასპინძლებს დასაკარგი არაფერი აქვთ და შეეცდებიან, რომ კიდევ ერთი წარმატებული მატჩი შემოგვთავაზონ. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელებს ტრავმის გამო მთავარი ფიგურა დავიდ ალაბა აკლიათ.
მუნდიალზე განცდილი კრახის შემდეგ, “სელესაოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებულმა კარლოს დუნგამ ბევრი ცვლილება მოახდინა ეროვნულ გუნდში და ჯერჯერობით ბრაზილიელები ამხანაგურ მატჩებში შესანიშნავად გამოიყურებიან. პარასკევს ბრაზილია სტამბულში გაეჯიბრა თურქეთს უშანსოდ გაანადგურა (4:0).
ბრაზილიელები დღესაც ლაღ და ლამაზ ფეხბურთს გვპირდებიან.
სავარაუდო შემადგელობები
ავსტრია (4-4-1-1): ალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ფუჩსი, კლეინი, ბაუმგარტლინგერი, ლეიტგები, ილსანკერი, ჰარნიკი, არნაუტოვიჩი, იუნუზოვიჩი.
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
ბრაზილია (4-4-2): ალვეში, მირანდა, დავიდ ლუისი, ფელიპე ლუისი, დანილო, ფერნანდინიო, გუსტავო, ოსკარი, ვილიანი, ნეიმარი, ლუის ადრიანო.
მწვრთნელი: კარლოს დუნგა
საფრანგეთი – შვედეთი
“მარსელი”, ველოდრომი, 00:00
საფრანგეთის ნაკრები ევროპის 2016 წლის მასპინძელია და შესაბამისად, შესარჩევ ციკლში მონაწილეობას არ იღებს. “მამლები” ფონს ამხანაგური მატჩებით გადიან და ასე საფრანგეთის შეფასება გაგვიჭირდება. ფრანგებს რომ ალბანეთისთვის ოფიციალურ შეხვედრაში ვერ მოეგოთ ერთი ამბავი ატყდებოდა, თუმცა ამხანაგურ მატჩებში ვერ მოგების გამო დეშამს არავინ უსაყვედურებს.
შვედებმა შაბათს მონტენეგროს ეთამაშეს გასვლაზე ფრე და შესარჩევის ჯგუფში მეორე ადგილზე აინაცვლეს. შვედები დღეს თავიანთი სიამოვნებისთვის ითამაშებენ და ეცდებიან, რომ ქომაგები გაახარონ. ისე კი, ამ ნაკრებთა ბოლო დაპირისპირება შვედების მოგებით დასრულდა: ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე შვედეთმა საფრანგეთს ლარსონისა და იბრაჰიმოვიჩის გოლებით 2:0 მოუგო.
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-4-2): ლორისი, ვარანე, იანგა-მბივა, დინიე, ჟალე, კაბაიე, პოგბა, ვალბუენა, სისოკო, ლაკაზეტი, ბენზემა.
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
შვედეთი (4-3-3): ისაკსონი, ანტონსონი, გრანქვისტი, ბენგტსონი, ლუსტიგი, დურმაზი, კალსტრომი, ეკდალი, ფორსბერგი, ზენგინი, იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი
შოტლანდია – ინგლისი
გლაზგო, “სელტიკ პარკი”, 00:00
უაღრესად საინტერესო მატჩი გაიმართება “სელტიკ პარკზე”, სადაც შეკრებილი პუბლიკა ბრიტანულ დერბის იხილავს: შოტლანდია ინგლისის წინააღმდეგ.
შოტლანდიას ბოლო ოთხ დღეში მეორე ბრიტანული დერბი ელის. პარასკევს “სქოთებმა” შინ ირლანდიას მოუგეს მელონის გოლით და ძალიან დაძაბეს ჯგუფში ვითარება. პოლონეთი 10 ქულით პირველზეა, ხოლო გერმანიას, შოტლანდიასა და ირლანდიას 7-7 ქულა აქვთ.
შოლტანდიელები დღეს მეორე დერბის მოგებასაც აპირებენ და გორდონ სტრანჩარის თქმით, მისი გუნდი ისე გაირჯება, როგორც ოფიციალურ შეხვედრებში.
ინგლისის ნაკრები თავისი ქვეჯგუფის უდავო ფავორიტია და უდანაკარგოდ 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. შაბათს ინგლისმა სლოვენიას მოუგო და 6 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევრებს. დღეს სავარაუდოდ დებიუტი ექნება “ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდს, საიდო ბერაჰინოს.
სავარაუდო შემადგენლობები
შოტლანდია (4-4-2): მარშალი, რობერტსონი, რ.მარტინი, ჰენლი, ვაითაკერი, მელონი, მალგრიუ, ბრაუნი, ანია, ნეისმიტი, კ.მარტინი.
მწვრთნელი: გორდონ სტრანჩარი
ინგლისი (4-4-2): ფორსტერი, შოუ, სმოლინგი, იაგიელკა, ჩემბერსი, ჩემბერლენი, ჰენდერსონი, დაუნინგი, მილნერი, რუნი, უელბეკი.
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
სხვა ამხანაგური მატჩები:
20:00 სლოვაკეთი – ფინეთი
21:00 ბელარუსი – მექსიკა
21:00 საბერძნეთი – სერბეთი
21:00 სლოვენია – კოლუმბია
22:10 ესტონეთი – იორდანია
22:30 რუმინეთი – დანია
23:00 უკრაინა – ლიტვა
23:30 უნგრეთი – რუსეთი
23:45 ირლანდია – აშშ
23:45 პოლონეთი – შვეიცარია
04:00 ბოლივია – ვენესუელა
04:00 ჩილე – ურუგვაი
05:00 ნიკარაგუა – სალვადორი
05:00 პანამა – კანადა
05:00 პერუ - პარაგვაი