ფეხბურთი

18:36 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ჩემპიონობის იუბილესთან დაკავშირებით მემორიალური დაფა გაიხსნა

18 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატების თარიღია. 50 წლის წინ თბილისის "დინამომ" მოსკოვის "ტორპედო" 4:1 დაამარცხა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა ღირსეულად იზეიმა. იმდროინდელი პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, ქართველებმა შეძლეს და სამშობლოს დასამახსოვრებელი გამარჯვება მოუტანეს.

დღეს, "დინამოს" სტადიონზე 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით "დინამო არენას" შესასვლელთან მემორიალური დაფა გაიხსნა, სადაც ოქროს ასოებითაა დაწერილი იმდროინდელი გუნდის მთლიანი შემადგენლობა.

"დინამო არენასთან" ქართული ფეხბურთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთად ნახეს მემორიალი. გახსნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი წაუძღვა. მან "დინამოს" გამარჯვების 50 წლის იუბილე შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა და ამაყად აღნიშნა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართული ფეხბურთისთვის.

ლევან ყიფიანი: პირველ რიგში მინდა მივულოცო დღევანდელი დღე იმ ადამიანებს, ვინც დიდი გამარჯვება აჩუქა ხალხს. მინდა ქედი მოვუხარო იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ცოცხლები არ არიან, ხოლო ცოცხლებს ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვო. ეს იყო მართლაც ისტორიული გამარჯვება, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული ფეხბურთის აღმავლობას და სამომავლო წარმატებების საწინდარი 50 წლის წინანდელი ტრიუმფი იყო. მაშინ იყო საოცარი თაობა, მწვრთნელები და მთლიანად იმდროინდელი გუნდი გამარჯვებისთვის იყო შექმნილი. ესაა მნიშვნელოვანი. ამ გამარჯვებამ ნახევარ საუკუნეს გაუძლო და რა თქმა უნდა ასეთი წარმატება მუდამ იქნება ჩვენი ქვეყნის თანმდევი. ფეხბურთი საქართველოში უყვარდათ, მომავალშიც ეყვარებათ და ეს გამარჯვება ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სამომავლო წარმატებებისთვის.

მემორიალის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ ძველი დინამოელები, რომელთა დამსახურებითაც "დინამომ" მოსკოვის "ტორპედო" გადამწყვეტ მატჩში 4:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს იმდროინდელი "დინამოს" ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ სამი ადამიანი შემორჩა: გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია და ილია დათუნაშვილი, რომელმაც მოსკოველებთან გამართულ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. ხანდაზმულმა ფეხბურთელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ "დინამომ" ქართველი ერის გული გაახარა.

გიორგი სიჭინავა: “ასეთი ზეიმი არასდროს მქონია. მაშინ მთელი საქართველო აღნიშნავდა ჩვენ გამარჯვებას, პირველ ისტორიულ წარმატებას, რომელიც ჩვენ სამშობლოს მოვუტანეთ. დიდებული გუნდი გვყავდა, სამწუხაროა, რომ მხოლოდ რამდენიმე კაცი დავრჩით. ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და "დინამო" ყოველთვის დიდებული გუნდი იქნება”.

ვლადიმერ ბარქაია: "ამჟამად იმდროინდელი "დინამოდან" მარტო სამი კაცი დავრჩით, რაც ძალიან სამწუხაროა. მაშინ საქართველოში იყო დიდი სიხარული, რადგან საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ამ გამარჯვების შემდეგ, "დინამომ" კიდევ ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ პირველი წარმატება ძალიან სასიხარულო გახლდათ. ჩვენის მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ და საქართველოს გასახარებლად".

ილია დათუნაშვილი: "მსიამოვნებს, რომ ჩემმა თაობამ გაახარა ქართველი ერი, რომელიც “დინამოს” ჩემპიონობას დიდხანს ელოდა. გაგვიმართლა, რადგან მაშინდელი საკავშირო მთავრობა გადააყენეს. ბორის ბაიჭაძისგან და ავთო ღოღობერიძისგან მახსოვს, რომ თავის დროზე "დინამოს" გადათამაშება დაუნიშნეს და ჩემპიონები არ გახადეს. ჩვენ დროს მთავრობაში ცვლილებები იყო და ფეხბურთის თავი არ ჰქონდათ, ჩვენ კი შთამბეჭდავად გავიმარჯვეთ".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146087