საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც მწვრთნელმა თამაშამდე განაცხადა, რომ ნებისმიერ შედეგის შემთხვევაში გადადგებოდა. თემურ ქეცბაია ანტირეკორდით წავიდა, რადგან აქამდე ქართველებს ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში შინ ოთხბურთიანი სხვაობით არ წაეგოთ. მორიგი მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის პროექტიც ჩავარდა. ქეცბაიას ვერავინ დასწამებს, რომ პატრიოტი არაა, მაგრამ როდესაც ამბობ, ყველაფერი დავტოვე და აქ ჩამოვედი, ისიც უნდა დააყოლო - წელიწადში ხელფასი 2121360 ლარი მქონდაო. მითუმეტეს, ქართველის სამშობლოში ჩამოსვლაში გასაკვირი არაფერია.
როგორც ნათქვამი იყო, ამ თანხიდან ის ხელფასს ბერძენ ფიზმომზადების მწვრთნელს უხდიდა და სხვადასახვა ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერების სანახავად წასული თვითმფინავისა თუ სასტუმროს ფულსაც თავისი ჯიბიდან იხდიდა. ამის გათვალისინებითაც თანხა მაინც ასტრონომიულია. 2014 წლამდე ქეცბაიას ხელფასი ზემოთხსენებული თანხა იყო და რაც სპორტის სამინისტრომ მის გადახდაზე უარი თქვა, ფეხბურთის ფედერაციამ ეს მისია საკუთარ თავზე აიღო, ოღონდ ნაკრების თავკაცს ჯამაგირი 30 პროცენტით შეუმცირა.
სტატისტიკა უტყუარი რაამა და რაც არ უნდა თქვას რომელიმე მწვრთნელმა, მიწაში 10 მეტრში დამარხული გუნდი ჩავიბარე და მიწის ზემოთ ამოვიყვანეო, ფაქტი ჯიუტია. ქეცბაიას გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 გუნდში მე-5 ადგილი დაიკავა და ლატვიის ნაკრებს ჩამორჩა, თან ბალტიისპირელებთან სახლში წააგო. მსოფლიოს 2014 წლის პირველობის შესარჩევში 5 გუნდში მე-4 პოზიციაზე გავიდა და ფინეთს ჩამორჩა, თან ფინელებთან შინ დამარცხდა. მიმდინარე შეარჩევში კი, საქმე ისეთი პირი უჩანს, საქართველოს ნაკრები თავის მოედანზე გიბრალტარს თუ მოუგებს, თორემ სხვა შეხვედრებში ქულის აღებაც ძალიან გაუჭირდება. ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 117 ადგილზეა და ექსმწვრთნელი ვერც ამ მაჩვენებლით იტრაბახებს.
ბოლოს ქეცბაია ისე მოიქცა, როგორც ადამიანმა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს და რაც ამ წლებში დაგროვილი ჰქონდა, თქვა. ისე სჯობდა კითხვები – რატომ უნდა მოვუგო შოტლანდიასა და ირლანდიას, ჩამოსვლის პირველ დღესვე დაესვა და სიცხადე შეეტანა, რომ ჯერჯერობით საქართველოს ნაკრების ადგილი ევროპისა თუ მსოფლიოს დიდ ფორუმებზე არაა.
როგორც იტყვიან “თევზი თავიდან ყარდება” და ქეცბაიას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ უფრო მეტად დამნაშავე მისი ჩამომყვანები და საქართველოს მსგავს ქვეყანაში არაადეკვატურად მაღალი ხელფასის დამნიშნავები არიან. ქეცბაია ამ მხრივ პირველი არ ყოფილა. მანამდე კლაუს ტოპმიოლერი იყო, რომელსაც თუ ფედერაციის გენმდივნის ნათქვამს დავიმოწმებთ, თვეში ხელფასი 83000 ევრო ჰქონდა. არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი თვეში 350000 ლარს იღებდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს ფული წყალში გადაიყარა. პასუხი კი, ამისთვის არავის უგია.
მავანნი კი ამტკიცებენ, სწორი იყო სახელმწიფოს მიერ მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ჩამოყვანაო, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს მოწმობს. მარტივი დასათვლელია წლების განმავლობაში რამდენი მილიონი დაიხარჯა მწვრთნელების ხელფასებზე, როდესაც ბათუმში სტადიონი საერთოდ არაა, ფოთში სტადიონი გასაკეთებელია, განმუხურში აშენებული სტადიონი უვარგისია, ცხინვალის “სპარტაკს” სტადიონი არ აქვს, “სიონი” ბოლნისში ვერ თამაშობს და ა.შ. არაფერი რომ ვთქვათ იმ უამრავ პრობლემაზე, რაც ქართულ ფეხბურთშია დაგროვილი.
ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერ უცნობია, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, იმავე გიბრალტართან მატჩმა დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ან მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე გასვლა ან თუნდაც პლეი ოფში გასვლა უტოპიაა.