სან-მარინო, ლიხტენშტაინი, ფარერები, მალტა – არცერთ ამ ნაკრებს არ წაუგია ევროშესარჩევის ნოემბრის მატჩებში. არცერთს! აქედან ორმა მოიგო, ორმა ფრედ ითამაშა. გავიხსენოთ, სან-მარინომ შინ 0:0 ითამაშა ესტონეთთან, რომლმაც თავის მხრივ, ერთი თვის წინ სლოვენიას სძლია; ლიხტენშტაინმა გასვლაზე 1:0 მოუგო მოლდოვას, რომელმაც ერთი თვის წინ რუსეთს სტუმრად ორი ქულა დააკარგვინა; ფარერებმა ყველაზე ხმაურიანი გასროლა მოახდინეს და საბერძნეთს სტუმრად 1:0 "მიართვეს"; მალტამ კი სტუმრად 1:1 ითამაშა ბულგარეთთან, რომელსაც ხრისტო სტოიჩკოვი და ემილ კოსტადინოვი აღარ ჰყავს, მაგრამ წინა შესარჩევი ძალიან კარგად ჩაატარა.
რას ნიშნავს პატარა ნაკრებების ასეთი შედეგები? საერთოდ, ძლიერი გუნდები შესარჩევ ეტაპებს რთულად იწყებენ, ხშირია ფავორიტის წაგება, მაგრამ ეს მთლად დასაწყისიც არაა – ნოემბერში ჯგუფებში მეოთხე ტური იყო. მართლა ხომ არ დაიწყო პროცესი, რასაც საქართველოში ხშირად მოისმენთ ლეგენდარული ფრაზის თანხლებით: "ფეხბურთი ყველამ ისწავლა".
საინტერესოა, მართლაც გათანაბრების ტენდენცია ხომ არ შეიმჩნევა, რაც სურს უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის. არა, ჯერ ძალიან ადრეა თუნდაც მალტის ბულგარეთთან შედარება, თუმცა ადრე ამდენი სენსაცია არ ხდებოდა და დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. წინა შესარჩევშიც კი იმის ნახევარი სიურპრიზები არ ყოფილა, რაც მიმდინარე შესარჩევის ოთხ ტურში ვნახეთ. ეს უკვე ნამეტანია.
პლატინი ვახსენეთ და პატარა ნაკრებების ასე წამოწევა სწორედ უეფა-ს პროექტების დამსახურება უნდა იყოს. უეფა ყველანაირად ხელს უმართავს შედარებით სუსტ საფეხბურთო ქვეყნებს, მერე კი, ვინ როგორ იყენებს, ეს სხვა საქმეა. პროექტები გამოიხატება სტადიონების აშენებაში, მწვრთნელების უცხოურ სემინარებზე მივლინებებში და თუნდაც მორალურად გამხნევებაში – "აი, თქვენც ევროპის საფეხბურთო ნაწილი ხართ და იგივე უფლებები გაქვთ, რაც გრანდებს".
სამი-ოთხი წლის წინ, უსუსტესებთან ახლოს იდგა ისლანდიაც, მაგრამ აბა, შევხედოთ, რა ხდება ახლა. წინა შესარჩევში ისლანდიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში ხორვატიას ვეღარ მოერია, ახლა კი კიდევ უფრო ყინჩად უჭირავს თავი. ჰოლანდიას 2:1 სძლია, თურქეთი 3:0 გაანადგურა.
სხვათა შორის, ბევრს შეიძლება არ ახსოვდეს, ან არ იცოდეს. ნორვეგია 90-იან წლებამდე ერთ-ერთი მაჩანჩალა საფეხბურთო ქვეყანა იყო ევროპაში, მაგრამ 1994 წლის მუნდიალის შესარჩევის ჯგუფში ჰოლანდია, ინგლისი და პოლონეთი ისე ჩამოიტოვეს, როგორც არაფერი. მეორე ადგილისთვის ბრძოლის ინტრიგაღა დატოვეს. დღესაც მახსოვს, რა დღე დააწიეს პოლ გესქოინის, დევიდ პლატის, ლეს ფერდინანდის, ტონი ადამსის, იან რაიტის ინგლისს, 2:0 მოუგეს და უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ...
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ევრო-2016-ზე მოხვდებიან ისეთი ნაკრებები, რომლებსაც კარგა ხანია არ უთამაშიათ ფინალურ ეტაპზე, ან საერთოდ არ უთამაშიათ. გასაგებია, რომ ეს ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის გაზრდის ბრალია, მაგრამ ფაქტია, წინ მიიწევენ. 24 გუნდს შორის მალტა, ლიხტენშტაინი, სან-მარინო და ფარერები ნამდვილად არ იქნებიან, მაგრამ ფეხბურთის დონემ ამ ქვეყნებშიც აიწია.