კალათბურთი

1:51 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის დებიუტი ოთხშაბათს შედგება

ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელიც მცირე ხნის წინ იტალიურ “კანტუს” დაუბრუნდა, უკვე კლუბთან ერთადაა და ჩემპიონატის გასულ ტურში, კანტუელთა მატჩსაც დაესწრო.

“კანტუ” მილანში “ემპორიო არმანისთან” 64:83 დამარცხდა, ქართველი კალათბურთელი კი თამაშს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა რიგებში საუკეთესო სწორედ შერმადინის უშუალო კონკურენტი – ამერიკელი ცენტრი ერიკ ვილიამსი იყო, რომელმაც 33 წუთში 9 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო.

იტალიის ჩემპიონატში კანტუელებს მომდევნო მატჩი 23 ნოემბერს კვლავ სტუმრად “იუვეკასერტასთან” ელის, მანამდე კი, ევროთასზე ითამაშებენ – ესპანურ “გრან კანარიასთან”. ეს თამაში 19 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი.

დღეს კი, იტალიურმა კლუბმა ქართველი კალათბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც “კანტუს” მთელი უფროსობა დაესწრო. გუნდის პრეზიდენტის ანა კრემასკოლის თქმით, შერმადინის სახით გუნდმა დიდი ძალა შეიმატა.

“გიორგი საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ამდენად, როდესაც მისი გადმოყვანის შანსი გაჩნდა, ბევრი არ გვიფიქრია. მითუმეტეს, რომ ქართველ კალათბურთელს ჩვენთან უთამაშია და სიტუაციასთან შეგუება არ გასჭირვებია. ისიც მინდა ვთქვა, რომ გიორგი არავის შემცვლელად არ მოიაზრება. კვირაში 3 მატჩი გვიწევს და სათამაშო დრო ყველაზე განაწილდება”.

კიდევ უფრო ყურადსაღები განცხადება გააკეთა იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა დანიელე დელა ფიორიმ: “გიორგი ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია. მან ყველა ტესტი და სამედიცინო შემოწმება გაიარა, ამდენად, ოთხშაბათს, როდესაც ევროთასის მატჩი გველის, მას უკვე თამაში შეეძლება”.

კლუბის უფროსობის აზრი სრულად გაიზიარა “კანტუს” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო საკრიპანტიმაც. “მოხარული ვარ, რომ ასეთი დონის მოთამაშე დავიმატეთ. გიორგის კარგა ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. კანტუში მის ყოფნას ყველა კარგად იხსენებს და ეს, შერმადინის ტრანსფერისთვის დამატებითი მოტივაცია იყო”.

და ცხადია, თავად გიორგი შერმადინის კომენტარიც. “ბედნიერი ვარ, რომ კანტუში დავბრუნდი. აქ კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშისთვის ყველა პირობაა შექმნილი და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო. იტალიური ლიგა ისევე ძლერია, როგორც – ესპანეთის, სადაც შარშან ვთამაშობდი.

ჯერჯერობით, საუკეთესო ფორმაში არ ვარ, თუმცა, ბევრს ვშრომობ და იმედია, ეს ხარვეზიც აღმოიფხვრება.

მილანში გამართულ მატჩს თვალი მივადევნე და შედეგი ლოგიკური იყო. “ემპორიო არმანი” ხომ იტალიაშიც და ევროლიგაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ჩვენ კი, მე-3 მეოთხედში სუსტად ვითამაშეთ.

თუმცა, მთლიანობაში “კანტუც” ძლიერი გუნდია და უკვე ოთხშაბათს, როდესაც იმედია, მეც ვითამაშებ, ამის დამტკიცებას ვეცდებით”.

0.148661