ბათუმის “დინამოს” და “სამტრედიას” პირველი მერვედფინალური შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო. მატჩის დებიუტში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. თავიდან დაწინაურების შესაძლებლობა აჭარლებს ჰქონდათ. მე-3 წუთზე ჭკუასელი მარცხენა ფრთაზე თავის მეურვეს დაუსხლტდა და ძლიერად გაისროლა. ბეგაშვილი ბურთს ადგილზე დაუხვდა.
ერთ წუთში სტუმრებს კარის აღების 100%-იანი შანსი მიეცათ. დათუნაიშვილმა დრიბლინგით მარჯვენა ფრთაზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შევარდნილ კერძევაძისკენ ზუსტი გადაცემა განახორციელა. სამტრედიელთა ახალგაზრდა ფორვარდი თანაგუნდელის პასს ადგილზე დაუხვდა და ძლიერი დარტყმით ხარიხა შეაზანზარა.
აჭარელთა საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. მე-5 წუთზე ჭკუასელი მარცხენა ფლანგზე ისევ გასცდა თავის მეურვეს და საჯარიმოს შუისკენ გადაინაცვლა. მისთვის ხელის შეშლას ჯიქიძე ცდილობდა, თუმცა მისი ფეხიდან ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ბერიაშვილს მიუვიდა. აჭარელთა ფორვარდმა მეტოქის საჩუქარი შეირგო და ზუსტი დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია - 1:0.
სამტრედიელებმა გუნდის საქომაგოდ ,,ჩელე არენაზე” ჩამოსული გულშემატკივრები დიდხანს არ ალოდინეს. სტუმართა მრავალსვლიანი კომბინაციის დამამთავრებელ ფაზაში ბურთი საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომ დათუნაიშვილს მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა. ალავიძეს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, რადგან დათუნაიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ბათუმელს შეეხო, მიმართულება იცვალა და საპირისპირო მხარეს მოძრაობადაწყებული აჭარელთა გოლკიპერი უსაქმოდ დატოვა – 1:1.
მე-12 წუთზე ტატანაშვილმა სტუმართა მცველებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ბურთი ჩირიკაშვილს დაუგდო, რომლის დარტყმულს ბეგაშვილი დაეუფლა. თითქმის მაშინვე შონია რამდენიმე მეტოქეს გასცდა და გამოზომილი პასით გოგიტიძე სახიფათო პოზიციაში გაიყვანა. ბათუმელი ნახევარმცველის დარტყმა სამტრედიელთა გოლკიპერმა ნახტომით კუთხურზე მოიგერია.
ტაიმის მესამედის მიწურულს თავის გამოჩენის შანსი კერძევაძეს ჰქონდა. დოლიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ იგი თავით ურტყამდა მეკარის ბაქნიდან, მაგრამ ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.
ამის შემდეგ სამი წუთის განმავლობაში აჭარლებს ზედიზედ ორჯერ ჰქონდათ დაწინაურების შანსი. ორივე კომბინაცია პრაქტიკულად იდენტური გახლდათ და ორივეში ჭკუასელი იღებდა მონაწილეობას. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ აჭარელთა მარცხენაფლანგელი ყველაზე აქტიური გახლდათ მეტოქე გუნდების შემადგენლობაში. პირველ შემთხვევაში მისი ფლანგური გარღვევის დაგვირგვინებას ჩირიკაშვილი ცდილობდა, თუმცა მცველებმა სიტუაცია განმუხტეს, მეორეჯერ კი საბოლოო დარტყმას ტატანაშვილი ახორციელებდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მცველებმა იყოჩაღეს.
ნახევარი საათის მიწურულს ,,მასპინძლებმა” სანიმუშო სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. ბერიაშვილმა ბურთი ტატანაშვილს დაუტოვა, რომელმაც დროული გადაცემით ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი შონია მოძებნა. აჭარელი ნახევარმცველის დარტყმულს ბეგაშვილი სწორ პოზიციაში დაუხვდა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.
მალე ბერიაშვილს დუბლის გაკეთება შეეძლო. სტანდარტული სიტუაციის გათამაშების შემდეგ ბათუმელთა ფორვარდი შემობრუნებით ურტყამდა, თუმცა ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო.
აჭარლებს მონდომება 37-ე წუთზე დაუფასდათ. ჩირიკაშვილმა მახვილგონივრული გადაცემით ბურთი მეტოქეს თავზე გადაუტარა და შონია პრაქტიკულად საგოლე პოზიციაში გაიყვანა. შონიამ თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და ძლიერი დარტყმით ბურთი მეკარისგან ახლო კუთხეში მოათავსა - 2:1.
შეხვედრის მეორე ნახევარში ზღვისპირელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ტაიმის განახლებისთანავე ტეტუნაშვილი ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან. ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. შემდეგ ბერიაშვილიც ცდილობდა თავის გამოჩენას, როცა იგი ტატანაშვილის წამოწყებულ შეტევას აგვირგვინებდა, მაგრამ უკანასკნელ წამს ბეგაშვილმა იმარჯვა და ფეხებში ვარდნით სიტუაცია განმუხტა.
ბათუმლებმა მიზანს 57-ე წუთზე მიაღწიეს. ჩირიკაშვილი-შონია-ბერიაშვილის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმით სამტრედიელთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია - 3:1.
ორ წუთში ბერიაშვილს ჰეთ-თრიქის შესრულებაც მართებდა. შონიას იდეალური გადაცემის შემდეგ იგი ბეგაშვილს ამჯერადაც პირისპირ შეეყარა და მისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, თუმცა სამტრედიელთა გოლკიპერი მეტოქეს ჩანაფიქრს მიუხვდა და თავისიანები მორიგი უსიამოვნებისგან იხსნა.
ამის შემდეგ აჭარლებმა მეტოქეზე დაწოლა უფრო გააძლიერეს და 64-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიხარეს. ბერიაშვილის გადაცემის შემდეგ ტატანაშვილი საგოლე პოზიციაში გადიოდა და მისი შეჩერება ბეჭვაიამ მხოლოდ აკრძალული ილეთით მოახერხა. საჯარიმოს რკალში დანიშნული საჯარიმო გოგიტიძემ შეასრულა. მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ ბეგაშვილმა ბურთის ხელებში შეკავება ვერ მოახერხა. დამატებაზე ყველას ტატანაშვილმა დაასწრო და წაქცეულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუტარა - 4:1.
მატჩიც პრაქტიკულად აქ დამთავრდა. მართალია სამტრედიელები დანებებას არ აპირებდნენ და დარჩენილ დროში რამდენჯერმე მეტოქის კარს სახიფათოდაც შეუტიეს, თუმცა აქედან ხეირს ვერაფერს გამორჩნენ. პირიქით, მატჩის უკანასკნელ წუთებზე შეცვლაზე შესული მუჯირის გარღვევა სტუმრებს ჯარიმის ხარჯზე რომ არ აღეკვეთათ შეიძლებოდა ანგარიში კიდევ უფრო გაზრდილიყო.
არბიტრის საფინალო სასტვენმა აჭარელთა დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა.A
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
ასლან ბალაძე (,,დინამო”) - ,,თბილისის ,,დინამოსთან” სტუმრად გამარჯვებამ გუნდს დადებითი მუხტი შესძინა. აღმავლობის გზაზე ვართ და მთავარია ეს დონე შევინარჩუნოთ. დღევანდელი მატჩი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში. დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის“.
ზაზა ზამთარაძე (,,სამტრედია”) - ,,ვულოცავ ბათუმელებს გამარჯვებას. დღეს ისეთი თამაში იყო, როცა მეტოქეს ყველაფერი გამოსდიოდა. დავჯდებით, გავაანალიზებთ და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ. იმედია, მომავალში გაცილებით უკეთ ვიასპარეზებთ”.
,,დინამო” (ბათუმი) -,,სამტრედია” (სამტრედია) 4:1 (2:1)
17 ნოემბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი.
,,დინამო ”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე (კ), მგელაძე, სუხიაშვილი,შონია, გოგიტიძე, ჩირიკაშვილი (მაკარიანი 67), ჭკუასელი, ტატანაშვილი (აბუსელიძე 78), გ. ბერიაშვილი (მუჯირი 87).
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
,,სამტრედია”: ბეგაშვილი, კაკუბავა, შალიკაშვილი, ჯიქიძე, ბაკურაძე(კ), ბეჭვაია, დათუნაიშვილი ( ქანთარია 65), გორგიაშვილი (ლეონარდო რამოსი 61), გეწაძე (გაბედავა 63), დოლიძე, კერძევაძე.
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გოლები: 1:0 გ. ბერიაშვილი (5), 1:1 დათუნაიშვილი (8), 2:1 შონია (37), 3:1 გ. ბერიაშვილი(57), 4:1 ტატანაშვილი (64).
გაფრთხილება: ბეჭვაია (62).
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია
ავტორის ფოტოები