ფეხბურთი

20:17 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” იოლი გამარჯვება

ეროვნულ ჩემპიონატში “მერანის” მიერ ჩატარებულ ბოლო შეხვედრებს და სატურნირო მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, დღევანდელ სათასო დაპირისპირებაში, მარტვილელებს ქუთათურებისთვის უშეღავათო ორთაბრძოლა უნდა გაემართათ. თუმცა მწვავე დუელი არ შედგა, რადგან “ეროსი მანჯგალაძის” სტადიონზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო შეტევით დაკავებული და ეს “ტორპედო” გახლდათ, “მერანს” კი გააზრებული კომბინაციის განხორცილებაც უჭირდა. პირველი ხიფათი მეტოქე გუნდის კართან სწორედ “ტორპედომ” შექმნა, ფიფიას პასით მამასახლისი აღმოჩნდა კარგ პოზიციაზე, თუმცა მცირედით უმტყუნა მიზანმა. ნომინალურმა მასპინძლებმა კიკნაველიძის შორეული ძლიერი დარტყმთ უპასუხეს - მეკარე თებიძე ბურთს ადვილად დაეუფლა.

11-ე წუთზე კარგად ითამაშა პაპუნა ფონიავამ. ფლანგზე მეურვე ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა და საჯარიმოში მყოფი შულაიას მისამართით გააკეთა პასი. შულაიამ თავით დააპირა ახლო მანძილიდან ბურთის კარში გადაგზავნა, თუმცა არაზუსტად დაარტყა და ხიფათიც განიმუხტა. მორიგი შეტევა ამჯერად ქუთაისელებმა განახორციელეს, ფიფია-ჩიკვილაძის მიერ გათამაშებული კომბინაცია გოლით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მამალაძემ მოახერხა ბურთის მოგერიება. ცოტა ხანში ჩიკვილაძემ მაინც შეძლო გოლის გატანა. 27-ე წუთზე “მერანის” რამდენიმე მცველი “ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის” შექმნას შეეცადა და ტორპედოელთა კაპიტანი მეკარეს პირისპირ შეატოვეს. ჩიკვილაძემ აუღელვებლად, მარტივად გაუტანა ბურთი მამალაძეს 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა “მერანის” მდგომარეობა და ტაბატაძის კარგი გადაცემის შემდეგ 37-ე წუთზე გოგი ფიფიას ახლო მანძილიდან ზუსტად რომ დაერტყა, ანგარიში პირველ ტაიმშივე გახდებოდა 2:0. მარტვილელელთა საპასუხო შეტევა ჯღამაიას პასით ჩიმაკაძის დარტყმა მოჰყვა, თუმცა არაზუსტი.

მეორე ტაიმში მერანელები შედარებით უფრო მონდომებულები გავიდნენ სათამაშოდ და მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შულაია-ფონიავას მიერ გათამაშებულ კომბინაციას მოჰყვა, მაგრამ ბოლქვაძემ საბოლოო დარტყმით შეტევა სათანადოდ ვერ დააგვირგვინა.

მატჩის 66-ე წუთზე ჩინებულად ითამაშა სტუმართაგან ერთ-ერთმა აქტიურმა ვაჟა ტაბატაძემ. მან “მერანის” საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, კარგად გაისწორა და მოჭრილი ზუსტი დარტყმით მამალაძეს შანსი არ დაუტოვა 2:0. მეორე გაშვებული გოლიდან 2 წუთიც არ იყო გასული როცა მამალაძეს ისევ მოუწია საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა. ამჯერად გოლი ქებურიას აქტიურობას მოჰყვა. ამ ეპიზოდშიც აშკარა იყო მარტვილელი მცველების ჩავარდნა, მამალაძე კი მარტო ვერ გაუმკლავდა ჩიკვილაძეს და ამ უკანასკნელმაც დუბლი გაიფორმა.

მესამე გაშვებული გოლის შემდეგ “მერანი” ბედს შეურიგდა და გუნდს შემტევ ფაზაში სიმწვავეც მოაკლდა და ჟინიც. ტორპედოელები კი კარგ განწყობაზე განაგრძობდნენ იერიშებს და ტაბატაძეს ცოტა რომ გამართლებოდა, ჩიკვილაძის მსგავსად დუბლსაც გაიფორმებდა, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე აკაკი შულაიას შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, მაგრამ მეკარე თებიძემ ითამაშა დასწრებაზე კარგად. საბოლოოდ “ტორპედომ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 3:0.

ვლადიმირ ობასი: “ცუდია რომ წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. “ტორპედომ” დამსახურებულად მოიგო”.

რევაზ ძოძუაშვილი: “რასაკვირველია, ამგვარი მოგება ყოველთვის სასიხარულოა. “ტორპედომ” აჩვენა, რომ ბიჭებს პოტენციალი აქვთ და ვფიქრობ, კარგი თამაშით და საქმისადმი ასეთი მიდგომით ძლიერი ქუთაისის “ტორპედო” უნდა ჩამოყალიბდეს”.

“მერანი” (მარტვილი) _ “ტორპედო” (ქუთაისი) 0:3 (0:1)

17 ნოემბერი. “ე. მანჯგალაძე”. საქრთველოს დ. ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური გათამაშება.

“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კინაველიძე, ბოლქვაძე, ჯღამაია, ფონიავა (წულაია, 71), ჩიმაკაძე (ხარჩილაძე, 71), შულაია, ციცხვაია (წურწუმია, 57).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ობასი

“ტორპედო”: თებიძე, ტაბატაძე, აბრამიძე, ჩაკვეტაძე, მახვილაძე, გელაშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, ჩიკვილაძე (ელიავა, 71), ქებურია (შენგელია, 71), ფიფია (ჩადუნელი, 65).

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

გოლები: ჩიკვილაძე (27), ტაბატაძე (66), ჩიკვილაძე (67)

გაფრთხილება: მახვილაძე (70)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

0.204003