ფეხბურთი

16:21 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” ლანჩხუთში ნაჩვენები შედეგი ვერ გაიმეორა

გორის “დილასა” და ფოთის “კოლხეთს” დაპირისპირება ზედიზედ 3-ჯერ მოუწევთ. 10 დღის წინ, გორელებმა ჩემპიონატის მატჩში ლანჩხუთში მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ორშაბათს, ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში დაუპირისპირდნენ, ხოლო 26 ნოემბერს ამავე ტურნირზე საპასუხო შეხვედრა ელით.

გორელებმა კვლავ ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშეს და ანალოგიურ სიტუაციაში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ. დისკვალიფიკაციის ვადა არც მათ მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს გასვლია.

“დილაში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩარიცხული ფულით ხელფასები და პრემიები გაისტუმრეს.

პირველმა ტაიმმა უინტერესო ბრძოლაში ჩაიარა. ერთადერთი სახიფათო მომენტი ფოთელთა კართან შეიქმნა, მაგრამ მასპინძლებმა ვერ იხეირეს.

მატჩის დაწყებიდან მცირე ხანი გასულიყო, თეიმურაზ ფარულავამ შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბექა შეყრილაძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.

მალევე, გორელთა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ნიკა კვეკვესკირმა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესული დავით ხურცილავა მოძებნა, რომელმაც მახვილი კუთხიდან მიზანს ააცილა. ტაიმის შუაწელში ამირან გუგუშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ნიკა კვეკვესკირი დაშავდა და მისი ადგილი გიორგი სეთურიძემ დაიკავა. ამ უკანასკნელმა, მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში, საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

გორელებს გატანა კიდევ შეეძლოთ, როდესაც მარჯვნიდან სეთურიძის პასის მერე, “კოლხეთის” საჯარიმოში მყოფი ირაკლი მოდებაძე ურტყამდა თავით და ბურთი ხარიხას მოხვდა.

ფოთელებმა მეტოქის კართან ვითარება ერთხელ გაამწვავეს, როდესაც შოთა ჯიქიას გადაცემის შემდეგ, მასპინძელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გიორგი კილასონიამ დაარტყა და ბექა შეყრილაძემ საიმედოდ ითამაშა.

თამაშის მიწურულს ფოთელები კაცნაკლულნი დარჩნენ. შეცვლაზე შემოსულმა ჯიქიამ ჯერ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ საჯარიმოში წაიქცა და სიმულაციისთვის მეორედ გააფრთხილეს, რის შედეგად, მოედანი ავტომატურად დატოვა.

მილოვან მატიასევიჩი: “პირველი სერიოზული მომენტი 32 წუთზე შევქმენით, მთავარია, რომ გოლი არ გავუშვით. მეორე მატჩი რთული იქნება. იმედია დადებით შედეგს მივაღწევთ.”

ზაზა ინაშვილი: “შედეგით კმაყოფილი ვარ. რადგან გოლი არ მიგვიღია. “დილა” კარგი გუნდია და მეორე თამაში დაძაბული იქნება. ჩვენ ბიჭებს მადლობას ვუხდი, ვინაიდან მაქსიმუმი გააკეთეს. მომავალი თამაშის წინ შანსებს 50:50-ზე ვაფასებ. რაც შეეხება გაძევებას ჩემპიონატის თამშშიც ფებურთელი ანალოგიურ სიტვაციაში გაგვიძევებს. ბოლო პერიოდში მსაჯები “კოლხეთის” მიმართ რაღაც გამკაცრებულები არიან. “

დილა (გორი) – კოლხეთი (ფოთი) 0:0

17 ნოემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

დილა: შეყრილაძე, ჯაფარიძე, ადამაძე, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, კვეკვესკირი (სეთურიძე, 58), ბერიძე (ახალკაცი, 64), ერისთავი (სადაღაშვილი, 82), მოდებაძე (კ).

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: მილოვან მატიასევიჩი.

კოლხეთი: სეფიაშვილი, გიორგი კილასონია, თევზაძე, ფარულავა, თედო კაკულია, გოგონაია (კ), ბარამიძე, გუგუშვილი (გუგუჩია, 62), ლევან კაკულია (შოთა ჯიქია, 46), ამბროლაძე, ნიკა სიჭინავა (დათა სიჭინავა, 80).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი.

გაფრთხილებები: ჯიქია (81), ჯიქია (86)

გაძევება: ჯიქია (86).

მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი.

0.162152