საბერძნეთში "ქსანთი"-ოფი 2:1 დასრულდა. გიორგი ლორიამ და გიორგი მერებაშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. ორივემ მიიღო გაფრთხილება. ოფი მე-13 ადგილზეა.
ესტონეთის ჩემპიონატში ბოლო ტური გაიმართა და ზაქარია ბეგლარიშვილმა გოლი გაიტანა, თუმცა მისმა "ფლორამ" "კალევთან" 2:3 წააგო და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ბეგლარიშვილმა 80 წუთი ითამაშა, გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში მიითვალა.
34 მატჩი, 10 გოლი – ამ სტატისტიკით დაასრულა სეზონი 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა.
უნგრეთში "დიორმა" სტუმრად 3:0 იმარჯვა პეჩ-თან და მეშვიდე პოზიციაზეა. გიორგი ქვილითაია მინდორზე არ შეუყვანიათ – სათადარიგო იყო.
რუმინეთში "კლუჟმა" გასვლაზე 1:0 სძლია "ბოტოშანის", თუმცა გიორგი ჭანტურიას გარეშე: 21 წლის ქართველი სკამზე გახლდათ.
უკრაინაში "ზორიამ" შინ 3:0 მოუგო ზაპოროჟიეს "მეტალურგს" და ჯაბა ლიპარტიამ ბოლო 15 წუთი ითამაშა. "ზორია" მეოთხე ადგილზეა.
კვიპროსზე 'ანორთოსისმა" შინ ვერ სძლია "ეთნიკოსს" (0:0) და მეხუთე ადგილზე დარჩა. გიორგი აბურჯანიამ 90 წუთი ითამაშა, ირაკლი მაისურაძემ კი – 77. რაც შეეხება "ოთელოსს", 0:1 წააგო "ერმისთან" გასვლაზე და ბოლოდან მესამეზეა. "ოთელოსში" სრულად ითამაშეს ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა, ხოლო კარში როინ კვასხვაძე არ იდგა.
გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში "უნტერჰახინგმა" დრეზდენის "დინამოს" 3:0 მოუგო და მე-14 ადგილზეა. მატჩში მეორე გოლი ლუკა ჰუფნაგელმა გაიტანა. ჰუფნაგელს საქართველოს 17 და 19-წლამდელელთა ნაკრებში უთამაშია, ამჟამად კი 20 წლისაა.